ცაზე თევზის ფორმით გამოჩნდა მბრწყინავი ჩიტების გუნდი - კვირის პალიტრა

ცაზე თევზის ფორმით გამოჩნდა მბრწყინავი ჩიტების გუნდი

საქართველოს ისტორიას ერთი საშიში დაღიც აჩნია - ეკლესიათა ნგრევა. ბოროტმა ზოგჯერ ასეც იცის აღზევება, - წინა საუკუნის დასაწყისში ქართველები ისე გაგვაგიჟა, ჩვენივე ნაშენები ტაძრების ნანგრევების მთები დავაყენეთ და პასუხიც შესაბამისი მივიღეთ...

რაც დრო გადის, ამის გამო სინანული უფრო გვიპყრობს, რაც იმის ნიშანია, რომ გულში სიკეთე ნელ-ნელა ისადგურებს. ამას აუცილებლად ექნება შედეგი. როდის? ვერ გეტყვით, ჩვენ გვეჩქარება, უფალს კი არა. თუმცა იმედი ნელ-ნელა ასხივებს და ამ წერილსაც ეს სხივი ანათებს.

გამარჯობა "კვირის პალიტრავ". თქვენი რედაქციის მეზობელი ანაგის ქუჩიდან გწერთ. ალბათ გაგიკვირდებათ, რა წერილებს გვწერენ, ვერ გადმოვლენ და ვერ დაგველაპარაკებიანო? მაგრამ იმდენად გვინდა, ეს ამბავი დაიბეჭდოს, ვარჩიეთ, წვრილად მოგვეწერა.

ამასთანავე მადლობას გიხდით - ამ თემაზე ადრე ერთადერთმა თქვენ მოუთხრეთ ხალხს. ეს იმ წმინდა გიორგის ტაძრის თემაა, რომელიც ანაგის ქუჩაზე, დღევანდელი 62-ე სკოლის ადგილას იდგა და 1937-ში დაანგრიეს. ამ არემარეში სკოლის გარდა ჩვენი კორპუსებიც აშენდა. ჩვენი უმეტესობა კორპუსებში ისე შესახლდა, აზრადაც არ მოსვლია, რომ ეკლესიის ნანგრევებზე და სასაფლაოზე ვიდექით.

წლების წინ ბევრმა ჩვენმა უბნელმა დაიწყო ამ ამბის გამოკვლევა, მაგრამ სანამ საიდუმლო არქივები არ გაიხსნა, დანამდვილებით არაფერი ვიცოდით. არქივი რომ გაიხსნა, ჩვენმა უბნელმა დეკანოზებმა ალექსანდრე ბოლქვაძემ და ბესარიონ მენაბდემ იღვაწეს ამ წმინდა ტაძრის ასაღორძინებლად. მადლობა უფალს, მიწაც იკურთხა, ქვაჯვარიც დაიდგა და ტაძრის აღდგენამდე პარაკლისებიც ტარდება.

ერთ პარაკლისზე ნამდვილი სასწაული მოხდა: ოციოდე კაცი ვიყავით. უცებ ერთმა ჩვენგანმა იყვირა, - ცაში აიხედეთო. უცნობ ფრინველთა გუნდი მზის სხივებით ნელ-ნელა გაოქროსფრდა, წრე შეკრა, მერე თევზის ფორმა მიიღო, ჩვენს თავზე 20 წუთი ანათა და იცურა. გაოგნებულები და მეტყველებადაკარგულები შევცქეროდით ამ სურათს - თევზი ხომ მაცხოვრის სიმბოლოა!

აი, ეს გვინდოდა მოგვეყოლა და დაგველოცეთ, თქვენი რედაქციაც ხომ ჩვენს უბანშია, აღდგენილი ტაძარი თქვენი, ჩვენი და მთელი საქართველოს მფარველი ყოფილიყოს.

ანაგის ქუჩის მცხოვრებნი

გვახსოვს, წმინდა გიორგის იავარქმნილი ტაძრის მოძღვრის, გიორგი ჩიქოვანის შვილიშვილი, ქალბატონი ელისო ისე სევდიანად იგონებდა ამ ეკლესიას, ჩვენც დაგვასევდიანა. მადლობა უფალს, ტაძარი აღორძინდება, მეც ვიყავი მიწის კურთხევაზეო, - გვითხრა.

ტაძრის აღდგენის საინიაციტივო ჯგუფის ხელმძღვანელს, გიორგი პაიჭაძეს მივაკითხეთ: - ეს ამბავი 2010 წლის 15 იანვარს მოხდა. როცა მამა ალექსანდრემ დაიწყო პარაკლისის გადახდა, ცაზე თევზის ფორმით გამოჩნდა ბაჯაღლო ოქროსავით განათებული მბრწყინავი ჩიტების გუნდი. ჩვენ კი არა,  დაწესებულებების თანამშრომლები გამოცვივდნენ და ამ საოცრების მხილველნი გახდნენ. მუხლებზე დაცემა გვინდოდა, მაგრამ მოძღვარმა გვითხრა, - პარაკლისი განვაგრძოთ, არ გაჩერდეთო.

-  ანაგის ქუჩის დანგრეული ტაძრის კვალს თქვენ მიაგენით არქივში?

- დიახ. ანაგის ქუჩაზე წმინდა გიორგის ეკლესია 1911 წელს ააშენა კომერსანტმა ქაიხოსრო აბულაძემ უფლის სადიდებლად და თავისი ავადმყოფი გოგონას სადღეგრძელოდ და ტაძარს სუფთა ვერცხლის მაკეტიც გადასცა საჩუქრად. პირველ მოძღვრად მღვდელი გიორგი ჩიქოვანი განაწესეს, დიაკვნად - იოსებ ხიზანიშვილი და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვის აღსრულებაც დაიწყო. შემონახულია ფოტო, რომელზეც აღდგომა-დღეს მამა გიორგისთან საბურთალოს მრევლია შეკრებილი.

მათ შორის არიან ცნობილი მეყვავილე მიხეილ მამულაშვილი და ბუკიას ბაღის გამშენებელი მირიან ბუკია. 1937 წელს კი ვინმე დრდატიანის ბრძანებით ეკლესია ნაცარტუტად აქციეს, სასაფლაო გადახნეს, ეკლესიის ძვირფასი ვერცხლის მაკეტი კი გაქრა. ყველას ვთხოვ, თუ ვინმემ რამე იცის მის შესახებ, გამოგვეხმაუროს.

- სკოლისა და კორპუსების მშენებლობის დროს ალბათ სასაფლაოს ძვლები ამოჰქონდათ...

- რასაკვირველია. ბევრი უბედურებაც ხდებოდა და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა ამ ეკლესიის აღდგენა. შემოწირულობების გაღებასაც თავად აპირებენ. ეს დიდი მადლია. საინიციატივო ჯგუფი ჩვენი პატრიარქის კურთხევით შეიქმნა. ბრძანა, ამ ტაძრის აგება სინანულის გამოვლენა, უფლისადმი პატიების თხოვნა, ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე განსვენებულ მართლმადიდებელთა მოხსენიება იქნებაო. ღვთის მადლით, ამ საქმეში ყველა დაგვეხმარა, ვისაც ეს ამბავი შეეხო.

ახლა უკვე სამთავრობო კომისიაზე გატანილია ეკლესიისთვის მიწის დამტკიცების საკითხი. ოდნავ გაჯანჯლდა, მაგრამ იმედი გვაქვს, ეს დიდხანს არ გაგრძელდება და  2011 წლის გიორგობისთვის, ანუ წმინდა გიორგის ტაძრის აშენების 100 წლისთავზე უკვე აშენებული და აღდგენილი გვექნება ეკლესია უფლის სადიდებლად და ჩვენი ერის სადღეგრძელოდ!