ქართული ღიმილი მსოფლიოს - კვირის პალიტრა

ქართული ღიმილი მსოფლიოს

"რატომ არ შეიძლება ჩვენკენაც მოიხედოს ფორტუნამ და ჩვენც გავიღიმოთ?"

კვირისპალიტრელებო, გმადლობთ, რომ უცხოეთში სამშობლოს  მონატრებას ცოტათი გვიქარვებთ... თავისუფალი დრო თუ მოვიხელთეთ, მივეწებებით ხოლმე ინტერნეტს, რომ საქართველოს და ქართველების ამბები გავიგოთ. შეუძლებელია იმის გადმოცემა რა გრძნობაა, როცა კარგ რამეს წავიკითხავთ, თუნდაც უმნიშვნელოს.

ჩვენ ცოტანი ვართ და ასე ნელ-ნელა თუ მოვიპოვებთ პატივისცემას, თორემ სამწუხაროდ, უცხოეთში ბევრი ქართველი სამარცხვინო საქმესაც სჩადის.

ამჟამად მსოფლიოში ხელოვნების ფონდთა შორის უდიდესია დოგენის ხელოვნების ფონდი.

სწორედ მის კატალოგში ვნახეთ  ქართველი კარიკატურისტის, დავით თოთიბაძის ნამუშევრები და ძალიან გაგვიხარდა. მსოფლიოში მხატვრობის ეს დარგი საკმაოდ პრესტიჟული გახლავთ, საქართველოდან კი დიდი ხნის წინ მე პირადად იმიტომ წამოვედი, რომ კარიკატურისტობით ოჯახი ვერ შევინახე. და მაინც, დოგენის კატალოგის ნახვამ იმედი მომცა, რომ ამჟამად მაინც დაიძრა ეს საქმე ჩემს სამშობლოში. თუ ამ თემაზე დაწერთ, წავიკითხავთ და სამშობლოდან წასულ მხატვრებს გაგვახარებთ.

პატივისცემით, თემურ საჯაია, ესპანეთი

რა ვქნათ, ბატონო თემურ, რომ თქვენი წასვლის შემდეგ მხატვრობაში დიდად არაფერი შეცვლილა და ზოგადად, მხოლოდ კარიკატურისტების კი არა, მხატვრების ბედია მოუწყობელი. მაგრამ აუცილებლად უნდა გჯეროდეთ, რომ სამუდამოდ ასე არ დავრჩებით, ნიჭი თავისას შვრება.

ამის მაგალითები თქვენც გინახავთ და ჩვენც ვიცით. ისე კი, ბატონ დავით თოთიბაძეს "კვირის პალიტრის" სტუმრობა თან გაუკვირდა და თან გაუხარდა და ისეთ ოთახში შეგვიყვანა, თაგვი რომ კუდს ძლივს მოიქნევდა. აქედან გაგზავნეთ დოგენის ფონდის კატალოგში თქვენი ნამუშევრები-მეთქი? არაფერი გამიგზავნია, მსოფლიოს კარიკატურისტთა გამოფენებში ხშირად ვმონაწილეობ და იქიდან შეუტანიათ...

მეც არაფერი ვიცოდი, ახლობელმა შემატყობინა. ისე კი, ამ ოთახში, სადაც ბრძანდებით, ისეთი ქართველი კარიკატურისტების ნამუშევრები კიდია, მართლა მსოფლიოს რომ გააღიმებდნენო. მივიხედ-მოვიხედე და ღიმილით ავივსე, - გამომცემლობა "ნაკადულისგან" დათმობილი პაწაწინა ოთახი დიდი, თბილი, კეთილი იუმორით იყო განათებული.

- სხვათა შორის, ამ ოთახში ახლახან საქართველოს სატირისა და იუმორის საერთაშორისო ასოციაცია შევქმენი. გადავწყვიტეთ, ქართველმა კარიკატურისტებმა თვითონვე ვუპატრონოთ საკუთარ თავს, თორემ ერთი შეხედვით ხომ ღიმილიანი ხალხი ვართ, დეპრესია ადვილად გვერევა. იუმორი დარდის დამამსხვრეველი ხელოვნებაა, ამიტომ გვინდა, ერთმანეთს ვუპატრონოთ. რა ვქნა, ვამაყობ და გეტყვით, - ჩვენი საპატიო პრეზიდენტი დიდებული მხატვარი გივი გეთიაა, ვიცე-პრეზიდენტი - ასევე დიდებული კაცი და მწერალი გიზო ნიშნიანიძე. ისე კი, მართალი მოუწერია იმ კაცს, ჩვენში კარიკატურისტობით თავს ვერ ირჩენ.

- თქვენ როგორ ახერხებთ კარგი კარიკატურების ხატვას?

- მეც სხვა საქმის პარალელურად ვხატავ... როცა ცუდად ვარ, ან ვიღლები, კარიკატურა მშველის. სხვათა შორის, ჩვენ ნაკლებად გვაქვს ამის პრაქტიკა. იმიტომ, რომ ღიმილი წამალია, მსოფლიოში კარიკატურების უდიდესი გამოფენები ტარდება. დოგენის ფონდის ცენტრალური ოფისი სტამბოლის სამხედრო ქალაქში მდებარეობს და რატომ, იცით? სამხედროებმა უნდა გაიღიმონ, ეს აუცილებელია. ჩვენთანაც ასე რომ იყოს, ჩვენი ნიჭიერი კარიკატურისტები თავის საქმეს არ მიატოვებდნენ. ისე კი, იმედი სულ ბოლოს კვდება, - ჩვენ, კარიკატურისტები, მუდამ სხვას ვაღიმებთ და რატომ არ შეიძლება ჩვენკენაც მოიხედოს ფორტუნამ და ჩვენც გავიღიმოთ?