თაფლას ვერსად დაემალები - კვირის პალიტრა

თაფლას ვერსად დაემალები

არ გაგიგონიათ, ზოგჯერ ვინმეზე რომ იტყვიან, ვერ გაზარდეს და დაღუპესო?  უყურებ გზააბნეულ კაცს და გული გწყდება, - გვიან არის და ვეღარაფერი უშველის.

არადა, თავის დროზე რომ სწორ გზაზე დაეყენებინათ და სიყვარული ესწავლებინათ, მისთვისაც კარგი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც. ახლა ალბათ ბევრიც შეგვედავება - თუ ბუნებამ  ხელი არ შეგიწყო, რას უშველიო, მაგრამ ალბათ ამ წერილის წაკითხვამდე - აბა, თაფლას გაზრდა თუ შეიძლებოდა, კაცისა აღარ შეიძლება?

ახმეტელი გლეხკაცი გახლავართ, მეც მყავს შინ პირუტყვი, რომელიც ძალზე მიყვარს და ადამიანივით ვპატრონობ. არ ვიცი, ისინიც გრძნობენ ამ სიყვარულს თუ არა, ისე შემეგებებიან, რო ხანდახან ცრემლი მომადგება თვალზე. ერთი ჩემი ხელით გამოზრდილი დეკეული მყავს, თაფლა.

დამინახავს და - გამოქანდება. ადამიანივით ჩამეხვევა და ვდგავართ ასე ჩახუტებულები. ერთხელ ჩემმა შვილმა მოიტანა აპარატი და სურათი გადაგვიღო. ახლა თქვენ გეკითხებით, თუ პირუტყვის ასე გაზრდა შეიძლება, ადამიანები რატომ გამოდიან გზიდან გადავარდნილები?

შუქური ძებისაშვილი

მოდი და, ახლა ბატონ შუქურის ამ კითხვაზე პასუხი გაეცი, - გზიდან გადავარდნილი კაცის საქციელის ამოხსნა ფილოსოფოსებსაც უჭირთ. ისე კი, ჩვენ ამ ამბავმა ისე დაგვაინტერესა, ბატონ შუქურის ხმა ვერ მივაწვდინეთ და მის ბიძაშვილს, ვალიკო ძებისაშვილს დავუკავშირდით და კაცისა და პირუტყვის მეგობრობის ამბავი მოვაყოლეთ.

- მართლა ასეთი კაცია თქვენი ბიძაშვილი?

- მაშ! ეგ დეკეული ეგრე ჰყავდა გაზრდილი, ხან რა ტკბილეულს მიაწვდიდა, ხან - რას. ჩემი ბიძაშვილი ეზოს კარს რომ გააღებდა, ერთი გენახათ, როგორ შეეგებებოდა ხოლმე.

- მაშინ ალბათ ბოჩოლა იყო.

- თაფლა მეორე წელიწადშია გადასული და კარგა გვარიანი მძიმეა. თაფლას ისე უყვარს, სად დაემალება. ისიც დადგება ორ ფეხზე და სახეს ულოკავს, ეგ არის მისი სიყვარულის გამოხატვა. რომ უყურო, გესიამოვნება კაცს, გუნებაზე მოხვალ. და იმასაც იფიქრებ, პირუტყვს თუ ასე შეუძლია სიყვარული, ადამიანებს რაღა დაგვემართა?