ტყე კოცონად რომ არ აბრიალდეს... - კვირის პალიტრა

ტყე კოცონად რომ არ აბრიალდეს...

ერთხელ ერთმა კაცმა, რომელსაც შინ უამრავი ქოთნის ყვავილი აქვს, ერთ ყვავილზე მითხრა, - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამას ყველაფერი ესმის და გრძნობს.

ფოთლებზე ხელს რომ გადავუსვამ, სიხარულით მაღლა-მაღლა ამყვებაო.

გავოგნდი - ყვავილის პატარა ბუჩქმა მომვლელის ხელის გადასმისთანავე ფოთლები აცქვიტა და გეგონებოდა, სიხარულისგანო, კარგა ხანს იშრიალა. იმ კაცმა მითხრა და ამას ყველა ბუნების მცოდნე დაგიდასტურებს, - ის ცოცხალია. ვინც ეს იცის, ნებისმიერი გავერანებული, გაჩეხილი და გადამწვარი ტყე ისე მოქმედებს მასზე, როგორც ცოცხლის სიკვდილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დღეს ბევრმა არ იცის, ან დაავიწყდა, თორემ ჩვენი ისედაც გამეჩხრებული ტყეები ყოველ ზაფხულზე კოცონებად არ იბრიალებდა.

კვირადღეს ლისის ტბაზე გახლდით და სიმართლე გითხრათ, მესიამოვნა, რომ ტბის შემოგარენში წესრიგია, ტრანსპორტი და დამსვენებლები ღობით გაუცალკევებიათ და იქაურობას არც სისუფთავე აკლია. თუმცა თვალში მეცა ყველგან მიმოფანტული სიგარეტის ნამწვი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტყეების დაწვა ამ ავი ხელით გადაგდებული ნამწვის ბრალია და როცა ისინი ლისის ტბაზეც შევნიშნე, გულმა შფოთვა დამიწყო, - ისღა გვაკლია, ამ მიდამოებში ძლივს გაშენებული ტყეებიც გადავწვათ. არადა ბევრჯერ იყო ამის საშიშროება და წელსაც შევნიშნე შეტრუსული ბუჩქნარი, ალბათ ვიღაცის მადლიანი ხელით ცეცხლის გაჩენისთანავე გადარჩენილი.

აი, რა უნდა ავკრძალოთ ამ გვალვის დროს და რაზე უნდა დაწესდეს დიდი ჯარიმა, - სიგარეტის ნამწვის გადაგდება (ზოგადად - ნაგვისაც!) და კოცონის დანთება ტყეებში. ლისის ტბის მიმდებარე ტყეში ბევრგან შეგხვდებათ ნაცეცხლარი - ეტყობა, დამსვენებლებს მწვადი შეუწვავთ. ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ ასეთ პირობებში, როდესაც ფიჩხი თვითაალებამდეა მისული, კოცონი და თუნდაც პატარა ნაპერწკალი, დამღუპველია.

და კიდევ ერთი: ზაფხულში ჩვენი ტელევიზიები გასართობ ტაშ-ფანდურასთან ერთად დაუღალავად უნდა აშუქებდნენ ანტისახანძრო ღონისძიებებს და მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობისა და სიფრთხილის შესახებ მოუწოდებდნენ. ამგვარივე საუბარი უნდა ჩატარდეს მოსახლეობაშიც.

ოდესღაც არსებობდა საგანგებო სიტუაციების განყოფილება, რომელიც ძალიან სასარგებლო მუშაობას ეწეოდა. მას დამუშავებული ჰქონდა ნებისმიერი სახის საგანგებო სიტუაციისთვის სამოქმედო გეგმა და, ბუნებრივია, ღონისძიებებიც ოპერატიულად ხორციელდებოდა. სხვათა შორის, ტყეების მოვლა-პატრონობას ესეც რომ არ ეყო, მთავრობის აპარატთან საგანგებო სიტუაციების მუდმივმოქმედი სამთავრობო კომისია შეიქმნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბევრი უარყოფითი მხარის მიუხედავად, ამ ხალხმა ტყის ფასი იცოდა და თავის დროზე შრიალა ტყეებიც იმიტომ გვქონდა.

უმორჩილესად გთხოვთ, ეს წერილი დაბეჭდოთ, რათა ამ თემაზე ის კაცები დაფიქრდნენ, ვისაც ქვეყნის მოვლა ევალება და თავადაც უნდა ივალებდეს!

დანარჩენი - ღმერთმა მშვიდობით გამყოფოთ და აწი მაინც გვენახოს დედაბუნებაზე შეყვარებული ის მთავრობის მოხელე, ვინც ამ ყველაფერს მოაწესრიგებს, რაზეც გწერთ.

რევაზ ტყემალაძე

ღმერთმა გისმინოთ, ბატონო რევაზ. ისე კი, თქვენი არ იყოს, ჩვენც გვზარავს იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც გულარხეინი გაივლის, სიგარეტს ბუნებაში ისვრის (თუ უარესი არაფერი გააკეთა!) და ათ და ასწლეულობით ნაზარდ ხეებს ააბრიალებს.