ჩემი ცოდვაც მისცემია... - კვირის პალიტრა

ჩემი ცოდვაც მისცემია...

მეფე ერეკლეს დროს თურმე ერთ გლეხკაცს ლეკებმა ნახირი მოჰპარეს და მანაც მეფეს შესჩივლა. მეფემ - შენ რას აკეთებდი იმ დროსო. მეძინაო, - მიუგო გლეხმა. მერე, რატომ გეძინაო, - განრისხდა მეფე. მე მეგონა, შენ ფხიზლობდი, მეფეო! - უპასუხა გლეხმა და მეფესაც ხმა აღარ ამოუღია - გლეხი მართალი იყო.

წესით, დღევანდელ ხელისუფლებასაც უნდა რცხვენოდეს, რომ გლეხობა უპატრონოდ არის, მაგრამ მაშინ მეფე ერეკლე უნდა იყო. მაგრამ გლეხობა მაინც ხელისუფლებას შესჩივის თავის გასაჭირს იმ იმედით, ეგებ გაიგონოსო. ღმერთმა ქნას!

ამ წერილს სასოწარკვეთილი ხალხის სახელით სოფელ ლამისყანიდან გწერთ. აქ უწყლობის გამო გადახმა ბოსტნები და ვენახები და ახლა ყველგან მთავრობის ლანძღვას გაიგონებთ.

რათ ვლანძღავთ და რა შუაშია მთავრობა? რა, არ იციან, რა ძნელია მიწის მოვლა? დაღარულ-დაძარღვული ხელებით დაუყრი ხახვს, პომიდორს ნაკელს და გიხარია, როცა ხედავ, როგორ გაცოცხლდა, შემდეგ კი უწყლობით ნაპრალები უჩნდება, ჭკნება და ცვივა, როგორი სანახავია? ზოგი ვაზს ჯოხდაბჯენილი უგურგურებს, იმას კაცი წყალს დაუწყვეტს? ეგებ ხელისუფლებას ჰგონია, რომ არაფერ შუაშია და დამნაშავე ბუნებაა.

ბუნება საწყალ გლეხს სხვა დროსაც უტევდა, მაგრამ ქვეყნის მარჩენალს არც ერთი ჭკუათამყოფელი ისე უპატრონოდ არ ტოვებდა, როგორც ახლაა. ჩვენთან და მეზობელ ოკამში უწყლობის გამო მიტინგები ჩატარდა, ეს ტელევიზიაში გააშუქეს, მაგრამ რად გინდა, დიდი ილიასი არ იყოს, "არსაიდან ხმა, არსით ძახილი". ლამის გურამიშვილივით ვიგლოვოთ - "ჩემი ცოდვა მისცემია ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს".

ჩვენთან სარწყავი არხი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გაიჭრა, დღევანდელზე უფრო მძიმე წლებში. მაშინ მშიერ ხალხს გაჰყავდა ეს არხი, რომ გლეხს მოსავალი მიეღო და სული მოეთქვა.

ახლა კი ჩვენს სოფელს 3 კმ აშორებს ოსებისა და რუსების ზონას. წყალი კი დევს უჭირავს. ვაზო, შვილივით ნაზარდოო, რომ ვმღეროდით, განა მარტო ვაზია შვილივით ნაზარდი? ატამიც შვილივით ნაზარდია, რამდენი შეწამვლა უნდა! რა ღირს წამლები? გლეხი თავის პენსიას წამლებში დებს, და რომ დაინახავს დამწვარ ფოთოლს, ძირს ჩამოყრილ შემოუსვლელ ნაყოფს, რა დაემართება?

ზემდგომო თუ ქვემდგომო ხელისუფლების მოხელენო, შეიბრალეთ ეს სასოწარკვეთილი დედულ-მამული და იღონეთ რამე გლეხის გადასარჩენად. ახლა გვინდა მოხედვა, თორემ მკვდარ სოფელს აღარაფერი ეშველება.

ჯუმბერ ოსიაშვილი, სოფელი ლამისყანა