სააკაძის ორლიტრიანი ყანწით ახლაც სვამენ - კვირის პალიტრა

სააკაძის ორლიტრიანი ყანწით ახლაც სვამენ

სამეგრელოს მთავარმა სპარსეთის შაჰს ლხინში შედან ჭილაძე გაუგზავნა. შაჰმა შადიმანთან სმაში გაჯიბრება მოინდომა და... დამარცხდა

ქართველებს ბევრი დარდი გვაქვს... მაგრამ რაც მეტია განსაცდელი, მალამოსაც მეტს მოაყოლებს ბუნება - ქართველებმა, არავინ იცის, როდიდან, ჩვენი ჭირისა და ლხინის ამოსათქმელად, ერთმანეთის გასამხნევებლად სუფრა და თამადა მოვიგონეთ. კარგ თამადას ხშირად საბედისწერო გზაზე დამდგარი კაციც გადაურჩენია, ისტორია ხომ შეუნახავს და შეუნახავს. მაგრამ მაინც როდის გვყავდა პირველი თამადები ქართველებს?

თამადას და თამადობის ეროვნულ ფენომენს არსად მოეპოვება ანალოგი. იმიტომ, რომ ჩვენი თამადობა ისტორიულმა მოვლენებმა თითქმის ლოცვა-საგალობელივით ჩამოაყალიბა, მხოლოდ დიდებულ თამადობას ვგულისხმობ, რასაკვირველია. ამ დიდებულმა თამადებმა ისე დაატყვეს კვალი ჩვენს ყოფას, რომ თამადობის ისტო

რიას გულდასმით სწავლობენ ჩვენი მეცნიერები. მათგან ზოგის კვლევა შორს მიდის, თუნდაც ევროპულ ქვეყნებში, ზოგი კი სიტყვა "თამადის" ფესვებს სპარსულსა თუ კავკასიურ ენებში ეძებს, - მაგრამ სიტყვა არაფერს ნიშნავს, რადგან არც ერთ ამ ქვეყნებში თამადობა არ ყოფილა, არც ჩვენებური სუფრის წესები, უფროს-უმცროსობა და ლხინის გაძღოლა.

დრო გავა, ეს კვლევა-ძიება გაგრძელდება და ის, რომ კარგი თამადის სადღეგრძელო ლოცვასავით იმედიანი და ტკბილია, ყველა კვლევაში იქნება აღნიშნული.

...ქართველი კაცი კი ლოცულობს ყველგან, დარში თუ ავდარში, შინ თუ გარეთ, შრომასა თუ ბრძოლაში. ეს წესად დაგვჩემდა  წინაპრებისაგან... ჩემი აზრით, აქ არის ჩვენი თამადობის ფესვებიც - ბრძოლის წინ ქართველ მეფე-მხედართმთავრებს წესად ჰქონდათ (ზოგჯერ ღვინით, ზოგჯერ მის გარეშე), ჯარისთვის მიემართათ გამამხნევებელი სიტყვა-ლოცვით. მემატიანემ თამარისა და დავითის და სხვა მეფეთა ცნობილი, ბრწყინვალე სიტყვა-ლოცვანი შემოინახა.

აი, სწორედ ეს სიტყვა-ლოცვანი "გადადიოდა" მეომრებში, აიტაცებდა ხალხი და სადღეგრძელოებად აქცევდა, რომ დიდი ომების, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემულთა ხსოვნა და ისტორია შეენახა. მათი წარმომთქმელნი კი სუფრის "თავად", "თამადად"  მოგვევლინებოდნენ... აბა, დააკვირდით: ქართველი სუფრაზე უთუოდ ადღეგრძელებს გმირ წინაპრებს, წარმოთქვამს ბრძოლის ველზე დაცემულთა შესანდობარს, როგორც მოსახსენიებელ ლოცვას. მეტიც, ჩვენი წმინდა ეკლესიაც დაგიმოწმებთ, რომ სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელო იგივე ლოცვაა, რომელიც ზეცად აღევლინება.

ხშირად გვსმენია, როგორ იმეორებენ ჩვენი დახელოვნებული თამადები დიდ მეფეთა სიტყვებს. ბევრს ისინი სადმე კი არ წაუკითხავს, სწორედ სადღეგრძელოებით გადმოეცემოდა.

პირადად მე ბევრ სუფრაზე მსმენია სადღეგრძელოში ფარსმან მეფის სიტყვა. რომის იმპერატორმა ჩვენი წელთაღრიცხვის 35 წელს სთხოვა იბერიის მეფეს, ფარსმან I-ს, დახმარებოდა ბართლომესთან ბრძოლაში...

ფარსმანმა ქართველებს ბრძოლის წინ მიმართა: "რაც უფრო დიდი იქნება ჩვენი მონდომება, მით უფრო მეტი იქნება დიდება გამარჯვების შემთხვევაში. თუკი ზურგს შევაქცევთ მტერს, თავს შევირცხვენთ საუკუნოდ და კიდევ უფრო გაიზრდება საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ, შეხედეთ ჯერ ჩვენს მრისხანე რიგებს და მერე პართელთა ურდოებს. აქ ვაჟკაცები არიან, იქ კი - ნადავლი"...

ახლა გაიხსენეთ, რამდენ ჩვეულებრივ ქართველს გვითქვამს იგივე სიტყვები სუფრაზე ერთმანეთისთვის ამ ბოლო, განსაცდელიან წლებში! მართალია, დიდი ურდოს წინაშე ომები ვერ მოვიგეთ, მაგრამ ასეთი სადღეგრძელოები ხომ მომავლის რწმენასაც გვისახავს!

აქვე გიორგი სააკაძის ყანწსაც გავიხსენებ, რომელიც გიორგი სააკაძის სახელით დამკვიდრდა ხალხში. ამბობდნენ, მთავარსარდალი თავის მეომრებს ბრძოლის წინ ამ ყანწით ხელში მამაცობისაკენ მოუწოდებდა, ომის შემდეგ გამარჯვებულნი ყელს გიორგი სააკაძის ყანწით ისველებდნენ. იმ ყანწში ორი ლიტრი ღვინო ეტევა.

კიდევ ერთი მაგალითი, შედარებით უახლესი ისტორიიდან:

...1757 წლის 14 დეკემბრის დილა თენდებოდა. "ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლ მჩქეფე" იმერთა მეორე აღმაშენებლად წოდებულმა სოლომონ პირველმა ბრძანა ღვინის მოტანა: აავსო აზარფეშა და დაილოცა: "დიდება ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ჩემს სამშობლოს, საქრისტიანოს. გამოხსნისათვის მსხვერპლად გამზადებულს!" დაცალა და პაპუნა წერეთელს გადასცა, წერეთელმა თაყვანი სცა და ჩამოართვა, აავსო და - ღმერთო, უსმინე მეფე სოლომონსო! წერეთელმა ბერ წულუკიძეს გადაულოცა სასმისი, იმანაც ჯარი შეავედრა წმინდა გიორგის... და მოემზადნენ საომრად,  11 ათასმა ქართველმა ხრესილის ომი დაიწყო.

საქართველოს ისტორია იცნობს და პატივს პატივს მიაგებს შედან ჭილაძეს ("ეს იყო ღვინის ცნობილი შემსმელი კაცი", - ასე გვამცნობს მე-17 საუკუნეში რომის პაპის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი).

როდესაც ირანის ხელმწიფემ შაჰ-სეფმა შემოუთვალა დადიანს, განთქმული თამადა გამომიგზავნეო, სამეგრელოს მთავარმა შედან ჭილაძე გაუგზავნა. მან იქ ისე ისახელა თავი... თვით შაჰმა მოინდომა შეჰბმოდა და იქამდე სვა, ვიდრე არ დასნეულდა და სული არ განუტევა; ჭილაძე კი, - აგრძელებს ლამბერტი - საჩუქრებით გამდიდრებული დაბრუნდა სამშობლოშიო.

აი, ასეთი იყვნენ ნამდვილი ქართველი თამადები და ვისურვოთ, რომ მომავალშიც ასე ყოფილიყოს, ხოლო ჩვენი ლხინი - მუდამ გამარჯვებისა.

საქართველოს ეროვნული აკადემია, გიორგი ლობჟანიძე