მინდა, მალე გავიგონო - "მივდივართ..." - კვირის პალიტრა

მინდა, მალე გავიგონო - "მივდივართ..."

ქართველებს მძიმე დრო გვიდგას, მაგრამ სიმძიმე სულს ხშირად ამსუბუქებს და ასინათლებს - ეს კანონზომიერია. დადგება დრო და ასეთი სულებით ნათელ მომავალს ავაშენებთ.

აღარ მინდა იმ დღეების მოგონება - ზურგს უკან რომ ჩემი ცეცხლმოკიდებული მიწა იწვოდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლებინა. ეს ამბები მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვიცოცხლოთ და მომავალი გვქონდეს...

9 აგვისტოდან 17 ნოემბრამდე ცხვარიჭამიაში მოგვიწია ყოფნამ, ყოფილ პიონერთა ბანაკში. ერთ ოთახში ვიღაცას წიგნი დარჩენოდა - "სისხლით მორწყული მიწა". თითქოს განგებამ მაპოვნინა, გეგონებოდა, მისმა პატრონმა იცოდა, შენობაში დევნილები იცხოვრებენო... წიგნის მთავარი გმირი - მანოლის აქსიოტისი ძალიან განიცდის მისი თანამემამულე მცირეაზიელი ბერძნების სოფლიდან განდევნას. პირველი მსოფლიო ომის დროს ანატოლიის ბერძნული სოფლიდან, რომელსაც ყირგინჯე ერქვა, ყველა ბერძენი გამოყარეს, სოფელი კი გადაწვეს. წიგნს უცრემლოდ ვერ ვკითხულობდი.

არ მეგონა, 21-ე საუკუნეში თუ შეიძლებოდა განმეორებულიყო მსგავსი რამ. ერთ დღეს, თვალის დახამხამებაში დაგვატოვებინეს მამაპაპისეული, წლობით ნაწვალებ-ნაშრომი სახლ-კარი, წინაპართა საფლავები... გამოვიქეცით და იქ დაგვრჩა სული და გული, ზვარეთი და აბოწმინდა, საქორე და დედანაური, საკვირიკე და ხუციური, დიდახო და წინაყანა, ლარები და ღვალოწყარო, წმინდა ესტატეს ეკლესია და თირის მონასტერი, ცელქი მუმლა და დიდი ლიახვი, ულამაზესი ველ-მინდვრები და ბაღები...

21-ე თვეა კოდაში ვართ. შიდა ქართლიდან ქვემო ქართლში გადმოვინაცვლეთ. ლამაზია აქაურობა - გაზაფხულზე გზის ორივე მხარეს ნუშის ხეები ყვავის, ჭიკჭიკებენ მერცხლები, ამწვანებულია მინდვრები, მაგრამ "ჩემი საქართველო" იქ არის - ქართლის შუაგულში - "ჩვენს ხეობაში", სადაც გავატარე ბავშვობა, შევქმენი ოჯახი, გავხდი დედა და ბებია. იქ არის ჩემი მშობლიური სოფელი თამარაშენი, რომელსაც ჯალალედინის ბრძოლები ახსოვს. იქ არის ჩემი ცხინვალი, რომლის სახელი იქაური ტყის ერთ-ერთ მკვიდრს - რცხილას (ქრცხილა-რცხილა-ქრცხინვალი-ცხინვალი) უკავშირდება.

ცხინვალი! პირველ ქართულ საშუალო სკოლას წელს 130 წელი შეუსრულდებოდა! ამ სკოლის კედლებში მრავალი ცნობილი პიროვნება სწავლობდა - აკადემიკოსი ქრისტეფორე არეშიძე, მწერალი, მსახიობი მერაბ ელიოზიშვილი, პოეტი და მსახიობი მზია ხეთაგური, "ვეფხისტყაოსნის" ოსურ ენაზე მთარგმნელი გიორგი ბესთაუთი... იქ არის ჩემი ქურთა.

რუსეთიდან დაბრუნებულ მიხეილ ჯავახიშვილს, რომელსაც დედაენა დავიწყებული ჰქონდა, კარგი ქართულის აღსადგენად სწორედ ქურთაში ურჩიეს ცხოვრება.

ხანდახან მეჩვენება, რომ ხანგრძლივ, ცუდ სიზმარს ვხედავ და მინდა ეს კოშმარი მალე დამთავრდეს. მინდა მალე გავიგონო ყველასათვის სანატრელი, სანუკვარი სიტყვა "მივდივართ". არ ვიცი, შეიძლება ვერც კი გავუძლო ამხელა სიხარულის ელდას! ნეტავ თუ მოვესწრები, რომ მზის ამოსვლა დავინახო წვერიახოდან და ჩასვლა - საქორის იქით. ორივე ძალიან ლამაზი სანახავია. საქორე პატარა მთაა დედანაურის ბაღების მაღლა.

იქ მართლაც ქორები დაფრინავენ. დედანაური, ელბუხუნა... მინდოდა, შემესწავლა მათი მნიშვნელობა. ვოცნებობდი იმაზეც, რომ ოდესმე აბოწმინდასთან აშენდებოდა დასასვენებელი სახლი, ამ ულამაზეს ადგილას განსხვავებული ჰაერი და ცივი, ანკარა წყაროა, რომელიც უზარმაზარი, ასწლოვანი მუხის ფესვებიდან გამოდის.

აბაკვირიკეზე, ისევე როგორც აბოწმინდაზე, შემორჩენილია უძველესი ეკლესიის ნანგრევი. აღდგომის სწორზე იქ სანთლების დასანთებად ავდიოდით. სანთლების დასანთებ ნიშთან ჯამის ფორმის ლოდია, რომელშიც წყალი დგება ხოლმე. ამბობენ, ამ წყალს სასწაულმოქმედი ძალა აქვს - მტკივან თვალებს არჩენსო. ნეტავ ახლა როგორ გამოიყურება იქაურობა! ჩემი ფიქრი და გონება დღე და ღამე იქით არის! მინდა იმედი არ დავკარგო და მოლოდინით ვცოცხლობ.

სიამაყით მაგონდება ერთი კანადელის ნათქვამი, როცა ზემო აჩაბეთში, ჩვენი სახლის წინ, წყაროსთან, მე და ჩემი მაზლი ყურძნით და ატმით გავუმასპინძლდით: "ჯორჯია, ეტა სუპერსტრანა!" ეს იყო 12-13 წლის წინ...

...აქედან 3 საათის სავალზე ჩვენი ხეობაა, ახლობელი და თან შორეული. მინდა მჯეროდეს, რომ მალე დადგება დრო, დიდუბის ავტოსადგურიდან ძველებურად ცხინვალის გავლით ივლიან ავტობუსები.

დალი მინდიაშვილი, ზემო აჩაბეთი