"ისე იხარე, როგორც გვახარებ" - კვირის პალიტრა

"ისე იხარე, როგორც გვახარებ"

კაცს ისე არაფერი ახარებს, როგორც ნაშრომის დაფასება - როცა მისი ნაჯაფარით ხალხი ხარობს. და ეს ისეთი კარგია, შეუძლებელია, ვინმეს არ გაუზიარო. რედაქციაში მსგავსი ბევრი წერილი მოდის და ხანდახან ზოგიერთს გამოვაქვეყნებთ ნიშნად იმისა, რომ თქვენი სიყვარული ჩვენც თქვენთვის ძალას გვმატებს.

გამარჯობა, ჩემო "კვირის პალიტრავ". რამდენი ხანია მინდა ჩემი სიყვარული გაგიზიაროთ და ვერ მოვახერხე. ახლა ვზივარ და ვიგონებ, როგორ გახდით ჩემი ცხოვრების თანამდევი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თქვენ აკურის 8-ში, სპორტის სასახლის უკან, შედარებით მცირე ოფისში შრომობდით, მოუთმენლად ველოდი ორშაბათის გათენებას, რომ ლენინის ძეგლისგან გათავისუფლებულ მოედანზე მივსულიყავი და "კვირის პალიტრა" მეყიდა...

ახლა ისე მიხარია თქვენი ახალი ოფისის ნახვა, როგორც ჩემი შვილების წინსვლა. აფერუმ, პირმოთნედ არ გეუბნებით, თქვენ ხალხის ისეთი სიყვარული მოიპოვეთ, გარშემო იმდენი კეთილი საქმის მადლი გიტრიალებთ, ალბათ ამანაც მოგიმართათ ხელი! ალბათ ამის გამოა, რომ მე და სხვებსაც, თქვენს სიყვარულში ბზარი არ გაგვჩენია.

ეს კი თავისით არ მოდის, ვიცი, რომ ამას ქვეყნის სიყვარულით სავსე გული და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. ამ შრომის შედეგია "კვირის პალიტრა" - ყოველთვის აქტუალური, მრავალფეროვანი და თბილი - ეს უკანასკნელი ხომ ჩვენ, დაღლილ და მრავალჭირგადატანილ ხალხს ჰაერივით გვჭირდება.

ამიტომაც აღარ მიკვირს, რომ ყველა კითხულობს "კვირის პალიტრას", მათ შორის ახალგაზრდები და გულწრფელად მიხარია, რომ ამ კომპიუტერებზე და მობილურებზე გადაგებული თაობის ხელში თქვენს ღირსეულ, დახვეწილი ქართულით შედგენილ გაზეთს ვხედავ. კიდევ ერთხელ აფერუმ!

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ კეთილ საქმეში.

"მელნის სისველე", არდაშრობა არ მოგეშალოთ. გამრავლდით, გაიხარეთ და ერთმანეთს მხარში დაუდექით. გვჭირდებით! ისე იხარე, ჩემო "კვირის პალიტრავ", როგორც ხალხს ახარებ!

სიყვარულით, გიგა ბეთანელი