ერთსქესიანი ქორწინებაღა გვაკლდა... - კვირის პალიტრა

ერთსქესიანი ქორწინებაღა გვაკლდა...

ჩვენ ღირებულებების გადაფასების დროში ვცხოვრობთ. მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის, - კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი რამ არაერთ ქვეყანას განუცდია. მათგან ზოგი გადარჩა და ზოგი გაქრა.

რატომ? ადამიანს არ შეუძლია განსაჯოს ღვთის სამართალი, მაგრამ ის გვამცნობს: როცა აბრაამმა გაიგო, რომ ღმერთი ცოდვებისთვის სოდომისა და გომორის დასჯას აპირებდა, თვალცრემლიანმა ჰკითხა, - ააოხრებ თუ არა ქალაქს, შიგ თუნდაც ათი მართალი რომ იყოსო. ღმერთმა პირობა მისცა, - არაო, მაგრამ ამ ქალაქებში ათი მართალიც არ აღმოჩნდა!

პატივცემულო რედაქციავ, მომიტევეთ, რომ ჩემი აღშფოთების მოზიარედ გხდით. მაგრამ მინდა ყველა დავფიქრდეთ, რა გვჭირს. აქამდე მეც ვდუმდი, სანამ მოთმინების ფიალა არ ამევსო. გახსოვთ, რუსმა მწერალმა ასტაფიევმა ჩვენზე რომ თქვა, ქართველი ერი ავად არისო? ზოგჯერ ლამის დავეთანხმო.

აი, ასეთი ტკივილიანი ამოყვირების მიზეზი ალბათ ჩემსავით ბევრს აქვს, მაგრამ საბაბია საჭირო, რომ იყვირო. მე პირადად საბაბად ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემა მექცა - ყმაწვილი, პროფესიით რესტორნის მიმტანი, გამოვიდა და ამაყად განაცხადა: - რა ვუყოთ მერე, რომ კოლეგაა, თუ წინსვლაში ხელს შემიშლის, ჩავძირავ, თუ კლიენტი გამაჯავრებს, მის კერძში ჩავაფურთხებო(?!).

საუბედუროდ, ასეთი ავადმყოფური აზროვნების შედეგს დღეს უხვად შეხვდებით, მაგრამ მე ის ხალხი უფრო მაშინებს, ვინც ამ ყმაწვილს მოუსმინა და მქუხარე ტაში დაუკრა. მერე, რას ვუკრავთ, ხალხო, ტაშს? ნაძირლობას, ჩაძირვას, ნაგავს, მოღალატეობას, ჰომოსექსუალიზმს? ვის ვხდით სამაგალითოდ? ალბათ რაღაც სენი შეგვეყარა, თორემ როგორ მივცემდით თავხედობის უფლებას ამდენ უღირსს? როგორ ავიტანდით, რომ წაგებულ ომს ფეიერვერკებით ვზეიმობთ.

რომ სუსტთა და უძლურთა გადათელვა წესად იქცა? რომ ვინმე ბიზნესმენები თავიანთი შესყიდული კორპუსებიდან ბრმებსა და უსინათლოებს აგდებენ, მათკენ საცემრად მიიწევენ, ამას ტელევიზიით მთელი ქვეყანა ხედავს და განმკითხავი არავინ არის!

აგერ, ზუგდიდში კი, ვინმე მეწისქვილე ჭიჭიკოს ძეგლს უდგამს და მემორიალურ დაფას უკეთებს თაობა, რომელსაც ფაქტობრივად, მათი  დედები და ბებიები ხელაპყრობილი წყევლიდნენ, - კაცი, რომელიც სამამულო ომში წასული კაცების ცოლებს მათლაფა ფქვილისთვის საწოლში ჩაწოლას სთხოვდა, დღეს სანიმუშო ხდება! მერე კი ამ ზეიმის ორგანიზატორები ხალხის გასართობად ქუჩაში ეკრანის დადგმას და საჯაროდ ბუასილის ოპერაციების ჩვენებას მოითხოვენ.

ამის შემდეგ კი ჰომოსექსუალები რუსთაველზე პარადის ჩატარებაზე ლაპარაკობენ და ერთსქესიანთა ქორწინებას მოითხოვენ - ევროპაში ასეაო! ჩვენისთანა დაცოტავებულ ერს ერთსქესიანთა ქორწინება და ღვთის ნებიდან გადადგომა უნდა? ხომ მთლად გადავშენდით და მერე ვინ იქნება ჩვენი პატრონი, ამ ერთსქესიანთა ოჯახებში "გამრავლებული" შვილები თუ ის ევროპა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინების კანონი მიიღეს?!

ნუ დავხუჭავთ თვალს სიბინძურეზე, ნუ დავუკრავთ ტაშს არაკაცობას, ვუმკურნალოთ დაქვეითებულ ღირსებას, ვიყოთ წინაპართა ღირსეული მემკვიდრენი და ასე დავიმკვიდროთ თავი კაცობრიობაში. სხვანაირი ჩვენ არავის ვჭირდებით, ვერც ვერავის გავაკვირვებთ - უმსგავსოებით ისედაც სავსეა ქვეყნიერება!