სად მიემგზავრება "ბოშათა ბანაკი"?! - კვირის პალიტრა

სად მიემგზავრება "ბოშათა ბანაკი"?!

თუ ვინმე მოგზაური საქართველოში შემოსულა, ყველა გაიძახოდა, - ქართველებისთანა სტუმართმოყვარე ხალხს დედამიწის ზურგზე ვერ წააწყდებიო. ჩვენით მოხიბლულ XVII საუკუნის იტალიელ მოგზაურს ქრისტეფორე კასტელის საქართველოდან წასვლა აღარ უნდოდა, ოჯახებში თვეობით რჩებოდა და ქართველებს ხატავდა. ალბათ ამ ისტორიული მეხსიერების გამო ყველანაირ სტუმარს უკრიტიკოდ ვიღებთ. არადა, ეს წესი რომ არ ვარგა, არაერთხელ დავრწმუნდით.

ვისაც რუსთაველის პროსპექტზე (და არა მარტო, სამწუხაროდ) ხშირად უხდება გავლა, ბოშა ბავშვების სიმრავლეს აუცილებლად შენიშნავდა. განსაკუთრებით ქვაფენილზე წამოწოლილი სამი-ოთხი წლის ჭუჭყიანი ბავშვები იპყრობენ ყურადღებას. ამ საცოდავებს ზოგჯერ ძონძიც კი არ უგიათ, წინ ჯამი უდგათ და თუ ფხიზლობენ, შიგ ჩაყრილ ხურდას ყურადღებით ადევნებენ თვალს, თუ არადა, პაპანაქება სიცხესა ან ზამთრის სიცივეში წანწალით დაუძლურებულებს გულიანად სძინავთ. მეორე უბედურება ის არის, რომ ასეთ სურათს თვალი შეეჩვია და მათზე აღარც ფიქრობთ. არც მე გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა ერთი შემთხვევა: შევნიშნე, რომ ერთ-ერთ ამ ქუჩაზე გაწოლილ ბავშვებს უცხოელი ტურისტი ფოტოს უღებდა. მაშინ დავფიქრდი, ასეთი სურათი რომ სხვა ქვეყნის დედაქალაქში შემენიშნა, იმ ქვეყნის ხალხზე ძალზე ცუდი შთაბეჭდილება შემექმნებოდა, ჩავთვლიდი მათ არაჰუმანურ, ულმობელ ადამიანებად. ვართ ჩვენ ასეთები? - რა თქმა უნდა, არა! \ჩვენი საქციელით ხშირად სიბრიყვემდე მისული სიკეთე პრობლემად გვქცევია. არადა, რა მექნა, ხომ ვერ დავუყვირებდი იმ ფოტომოყვარულ უცხოელს, რომ ის, რასაც შენ ფოტოზე აღბეჭდავ, სრულებითაც არ არის ქართველისთვის დამახასიათებელი-მეთქი. რომ მეთქვა, ან რანაირად დამემტკიცებინა! ასეთი ფეხშიშველა ბავშვები მთელ ქალაქს არიან მოდებულნი, ლამის ბორბლებში უვარდებიან მძღოლებს, სარკმლებში მიძვრებიან - ფული მოგვეცითო. ვერავინ დამისახელებს მეორე ქალაქს, სადაც შუქნიშანზე ავტოტრანსპორტის იძულებით გაჩერებას ხურდის მთხოვნელები ასე ოსტატურად იყენებდნენ. მათ შორის უმეტესობა ჩვილბავშვიანია! ბავშვი ამ შემთხვევაში შებრალებისა და მეტი ფულის გამოძალვის ხელშემწყობია; იმას კი არავინ არაფრად მიიჩნევს, რომ ასეთ ადგილებში მანქანის გამონაბოლქვი მავნებელია, მომაკვდინებელიც კი. ნათქვამი სრულებითაც არ ნიშნავს იმის მოწოდებას, რომ მსგავსი ქმედებები ძალისმიერი მეთოდებით აღვკვეთოთ, მაგრამ რაიმე მექანიზმის მოფიქრება მათი ჰუმანური გზით დასარეგულირებლად უთუოდ გვმართებს. აქ, ალბათ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათხოვართა უმეტესობა უსახსრობას და შიმშილს სრულებითაც არ განიცდის და მათი `საქმიანობა~ ორგანიზებულ ხასიათს ატარებს, ანუ ფარულად იმართება. ქვეყნის გარედან შემოსულ მათხოვართა რაოდენობის განუხრელი ზრდა გვაფიქრებინებს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა შერჩევა-შემოწმების წესში ზოგიერთი დამატებითი მოთხოვნის ჩართვას ან არსებულის გამკაცრებას.

ჩვენი ლამაზი დედაქალაქის იერს ისეთი სურათებით მაინც ნუ შევლახავთ, რომელთა არსებობა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას სრულებითაც არ უკავშირდება.

რევაზ ტყემალაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი