თურმე როგორი ბიჭები გვყოლია... - კვირის პალიტრა

თურმე როგორი ბიჭები გვყოლია...

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემ გვერდით შეიძლება ამდენი ნამდვილი გმირი ყოფილიყო, არადა ისინი, 20 კაცი, მთელი თვე ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ. მე შვებულება დამიმთავრდა და წამოვედი თბილისში, იმ ბიჭებმა კი გააგრძელეს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობა - რუსების მიერ დანაღმულ ადგილებს წმენდდნენ.

როგორია თაკარა მზეში მუშაობა ველზე, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილია ჩასაფრებული, სიკვდილი - ნაღმის სახით, რომელიც შეიძლება კონსერვის ყუთი გეგონოთ ან ფოთოლი, ანდა სულაც კუნძი, შეეხები და... ირგვლივ 15-20 მეტრში ყველაფერი იგლიჯება, იწვის და იმსხვრევა.

ჩვენი გმირი ბიჭები ყოველდღე დილის 4 საათიდან, მუხლჩაუხრელად, ფერებ-ფერებით ასუფთავებენ ტყის მასივებს, ველებსა და გორაკებს, სადაც რუსის `ნობათითაა~ ავსებული ტერიტორიები და სანტიმეტრობითაა საჭირო ამ ადგილების განაღმვა.

ნიკო მუმლაძე, პროფესორი,

ღირსების ორდენის კავალერი

როცა ეს წერილი წავიკითხე, მაშინვე დავურეკე ბატონ ნიკო მუმლაძეს.

- ბატონო ნიკო, სად გაატარეთ შვებულება, სად გაიცანით ეს ბიჭები?

- საგარეჯოში. მაგრამ ჯერ უნდა გითხრათ, ეს სამუშაოები რა ვითარებაში მიმდინარეობდა. ხომ არ გგონიათ, აგვისტოს ომისდროინდელ ნაღმებზე გწერდით, რუსული ბაზის დატოვებულ ნაღმებზეა ლაპარაკი. საგარეჯოში ეს ბაზა დაბა ალინჯაში იყო. როდესაც აქედან რუსული ჯარი გავიდა, მთელი ტექნიკა სომხეთში წაიღეს, მაგრამ მიწაში ნაღმები დარჩა. ვერ ვამტკიცებ, - საგანგებოდო, მაგრამ ცხადია, არც ხალხი გაუფრთხილებია ვინმეს, ამ ზონაში არ შემოხვიდეთ, სასიკვდილოაო. კიდევ კარგი, პირველად პირუტყვი შევიდა და პირუტყვის მსხვერპლი იყო, მას შემდეგ ამ ადგილებს შეშინებული ხალხი ნაკლებად ეკარებოდა, თუმცა სხეულის დაზიანების შემთხვევები მაინც იყო. როგორც ჩანს, ამიტომაც ჩამოიყვანეს ეს ბიჭები საგარეჯოში. იქ, რკინიგზის სადგურის ახლოს, სახლი მაქვს და ბინა ჩემ გვერდით იქირავეს. ექვსი თვეა, მუშაობენ, ბიჭები არიან, მაგრამ რა ბიჭები!

- ასე განსაკუთრებულად რამ მოგხიბლათ - ხალხი თავის საქმეს აკეთებს.

- იმან, რომ ბევრისგან მესმის, ქართველებს ცუდად გვაქვს საქმე, ახალგაზრდობა გადაგვარდაო. თუ გადაგვარდა, გეკითხებით, ოცი გადაუგვარებელი ბიჭი ერთად როგორ მოინახა! კი ბატონო, თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ, მაგრამ ეს საქმის შესრულება კი არა, სიყვარულია. ყველა ქართველი რომ ასე გულანთებული, ერთგულად აკეთებდეს თავის საქმეს, ჩვენი მიწა სამოთხეს დაემსგავსებოდა. თანაც ისეთ საქმეს აკეთებდნენ, სადაც სიცოცხლე ყოველ წამს შეიძლება დამთავრდეს. აი, ამისთანა საქმეზე, დილის ოთხ საათზე, ეს ნარჩევი ბიჭები ისე ხალისიანად მიდიოდნენ, წამოვდგებოდი, ვუყურებდი და გული სიამით მევსებოდა.

- წლევანდელი ივლის-აგვისტოს პაპანაქებაშიც?

- აბა, კაცო! საგარეჯო ნახევრად უდაბნოა და როცა მთელი საქართველო სიცხით იწვოდა, ხომ ადვილი წარმოსადგენია, რა ამბავი იქნებოდა საგარეჯოში. აი, ამიტომ დგებოდნენ დილის ოთხ საათზე. მუშაობას 12 საათზე ამთავრებდნენ, მაგრამ უკვე დილის 7 საათზე ტრიალ ველზე ისეთი პაპანაქება იყო, იფიქრებდი, სადმე ნაპერწკალმა რომ იფეთქოს, ხმელი ფოთოლივით ამაბრიალებსო. ამას გაძლება არ უნდა? ასეთი კაცი ყველგან კაცი და გმირი იქნება... ეს ბიჭები ყველას შეგვიყვარდა. რაც შეგვეძლო, თავზე დავფოფინებდით, წყალი ჭირდა, მაგრამ ხალხს მათთვის არ ენანებოდა.

- გაიხარეთ.

- თქვენც გაიხარეთ და ჩვენმა ქვეყანამაც. ნურაფრისა გეშინიათ, კარგი ახალგაზრდობაც გვყავს და მომავალიც კარგი გვექნება!