რატომ დაგვივიწყეთ?! - კვირის პალიტრა

რატომ დაგვივიწყეთ?!

ეს ჩვენი ყოფაა, ჩვენი ყოველდღიურობა. მას ისე მივეჩვიეთ, ვეღარ ვამჩნევთ. მაგრამ სინამდვილეში გაჭირვება მარტო იმათ კი არ სჭირთ, ვისაც ყოველდღიურობა თელავს, არამედ, - იმათაც, ვისაც ისინი შველას შეგვთხოვენ და არ გვესმის. დახშული ყურები, სპილოსავით გასქელებული ტყავი ბევრად უარესი სასჯელია, ვიდრე გაჭირვება.

...დრო იყო, ვფიქრობდი, ჩემი სისხლით სხვას ვეხმარებოდი, - აფხაზეთიდან მეათეკლასელი ბიჭი გავიპარე ომში, ფაშისტებს ბრძოლით ელბამდე ვდიე. ალბათ კარგად ვიბრძოდი, - რა მედალი არსებობს, დაჯილდოებული არ ვიყო: "მამაცობისთვის", "წითელი ვარსკვლავის ორდენი", სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენი... მერე, სოხუმში ისეთ თანამდებობაზე ვმუშაობდი, ჩემი ქვეყნისთვის რაც შემეძლო, ვაკეთებდი. ეს ყველაფერი ჩემს აფხაზეთთან ერთად გაქრა. გაქრა ჩემი ოცნებებიც. ერთიღა მინდა, - ტანსაცმელი არა მაქვს და 9 მაისს ომის ვეტერანებთან სირცხვილით ვერ ვჩნდები, - ეგებ დამეხმაროთ და ერთი ხელი ხეირიანი ტანსაცმელი მიშოვოთ მომავალ საცხრამაისოდ, თუკი რაღა თქმა უნდა, იქამდე ვიცოცხლე. ვიმედოვნებ, რომ სიცილს არ დამაყრით. ბოდიში.

კარლო გოგინავა

... სოფელ კორტანეთში, ოთხსულიან ოჯახში, მე და ჩემი ცოლი ორ ობოლ შვილიშვილს ვზრდით. ბავშვებისა და ჩვენი პენსია, - მხოლოდ ესაა ჩვენი სარჩო. ისე გაგვიჭირდა, ამას წინათ საკუთარ ეზოს ხის ღობე მოვარღვიე და გასაყიდად წავიღე. გზაში პატრულმა დაგვიჭირა - ხის მასალა უნებართვოდ რატომ მიგაქვთო! მასალა კი არა, საკუთარი ღობეა, შვილიშვილებს მომიშივდა, უნდა გავყიდო და ფქვილი უნდა ვიყიდო. გამიშვით-მეთქი, - ვეხვეწე. რა ხვეწნა უნდოდა - ბრმა უნდა იყო, წლობით ნახმარი ღობე რომ ვერ გაარჩიო... მაგრამ ჩანს, ჯარიმის გამოწერა გეგმაში აქვთ. მოკლედ, 276 ლარით დამაჯარიმეს(!). ახლა აღარ ვიცი, რა კლდეზე გადავვარდე, რა ვაჭამო ობლებს, ან ეს დასაწვავი ჯარიმა როგორ გადავიხადო. ეს არის ქვეყანა? თავის დროზე მთელი ჩემი ცხოვრების ნაგროვები დანაზოგი შემიჭამეს ბანკებში, ახლა შვილიშვილების ლუკმასაც მტაცებენ ხელიდან! უმორჩილესად გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი და დაგვეხმაროთ.

სულიკო გრიგალაშვილი, კორტანეთი