სადა ხარ, ნინო?.. - კვირის პალიტრა

სადა ხარ, ნინო?..

"გამარჯობა. ძალიან გთხოვთ ეს წერილი დამიბეჭდოთ. იქნებ ის ადამიანი მაპოვნინოთ, ურომლისოდაც ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. წუთით შედით ჩემს მდგომარეობაში - რა დღეში იქნება კაცი, რომელიც ციხეში ზის, თანაც იტალიის ციხეში...

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ქალი ასე შემიყვარდებოდა, მაგრამ შემიყვარდა. ნინო აქ, იტალიაში გავიცანი. ქუთაისში დედ-მამა და ძმა ჰყავდა, შრომობდა, ეხმარებოდა ოჯახს. ემიგრანტების უმეტესობასავით ისიც უსაბუთოდ იყო. ამიტომაც ავიწროებდნენ. ერთხელ გამოვესარჩლე და საქმე ისე წავიდა, დამაპატიმრეს, - სამი წელი მომისაჯეს. ნინო მარტო დარჩა. წერილებს ციხეში ყოველ მესამე დღეს მიგზავნიდა. მერე მამა გარდაეცვალა. მწერდა, ამ ამბავმა ძალიან იმოქმედაო. საშინელი დეპრესია ჰქონდა. საქართველოში უნდა წავიდეო და - სამსახური მიატოვა. ამის მეტი მასზე არაფერი ვიცი. იმ პერიოდში მეც სხვა ციხეში გადამიყვანეს და მისი კვალი დავკარგე. გთხოვთ მომაძებნინოთ. ნინო გვარად მჟავანაძეა, ქუთაისში ცხოვრობს. დამეხმარეთ, მე ნინოს მეტი არავინ გამაჩნია.

ვლადიმერი".

ეს წერილი იტალიის ციხეშია დაწერილი. ალბათ ვლადიმერის რომელიმე მეგობარმა ჩამოიტანა ჩვენამდე. საგონებელში ჩავცვივდით. შეყვარებული კაცი ციხეშიც რომ არ იყოს გამოკეტილი და თანაც უცხოეთში, ძნელია, არ თანაუგრძნო. მაგრამ... ვაითუ ნინოს ვაწყენინოთ - შეიძლება გრძნობას გულში ჩუმად ინახავს. რადგან სიყვარულზე მშვენიერი განგებას არაფერი მოუგონია, სხვანაირად ვერ ვიზამდით - ცაც შევძარით და დედამიწაც ნინოს მოსაძებნად, - სადაც ხელი მიგვიწვდებოდა, ყველგან მივწვდით.

გული კი გვწყდება, რომ არ მოგისმენიათ,  როგორ გვხვდებოდნენ. თუმცა ისე გეტყვით: პირველად თბილისის სამისამართო ბიუროში დავრეკეთ, აქ ასეთი ინფორმაციის გაცემა აკრძალულია, მაგრამ ამბავი რომ მოისმინეს - უთუოდ უნდა დაგეხმაროთო და ვინ იცის, რამდენ ნინო მჟავანაძეს შორის მოძებნეს ქუთაისელი ნინო მჟავანაძის მისამართი მშობლების სახელის მიხედვით. მერე, ვისაც ვიცნობდით, ყველა ქუთაისელს დავურეკეთ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ნინო მჟავანაძეს ხომ არ იცნობთ-თქო. არ იცნობდნენ... ბოლოს, ქუთაისის სამისამართო ბიურო შევაწუხეთ და მისამართის მიხედვით ნინოს მეზობლების ტელეფონები ვთხოვეთ. იმათ თავი მოიკლეს, - ქუჩებს სახელები გადაერქვა და მისამართებიც შეიცვალა, ამიტომ ნინოს მეზობლები ვერ ვიქნებით, მაგრამ ქუთაისს გადავატრიალებთ და გაპოვნინებთო. Nნინოს ოჯახი კი... ქუთაისიდან თბილისში გადმოსულა!

ახლა ნინოს თბილისში ვეძებთ. უსათუოდ უნდა ვიპოვოთ და ვუთხრათ, როგორ უყვარს ერთ ყმაწვილს. იმასაც ვეტყვით, რომ ზოგი ისე მიდის ამ ქვეყნიდან, სიყვარულს ვერ პოულობს, ბედნიერია, მან რომ იპოვა.

ყველა ქართველი ერთმანეთის ახლობელია და ნინოს ვინმე მაინც მიაგნებს. უთხარით, რომ იმ ადამიანის მისამართი, რომელმაც ასეთი დიდი სიყვარულით დაასაჩუქრა, "კვირის პალიტრამ" იცის...