თუ ერთხელ ფეხზე დადგნენ... - კვირის პალიტრა

თუ ერთხელ ფეხზე დადგნენ...

"გმადლობთ "პალიტრის ფოსტისთვის". თქვენ გარდა იმედი აღარ დამრჩა, ცხოვრებამ ბოლო მომიღო. ქმრის საფლავი სოხუმის მე-15 სკოლის ეზოში მივატოვე, შვილი ხონში დავკრძალე, ახლა აქ ვცხოვრობ.

ქალიშვილი 2003 წელს, დენი რომ ღამით მოდიოდა, ჩვილისთვის საჭმლის გასაკეთებლად ადგა და დენმა მომიკლა. მის გარდა ოთხი შვილი მყავს, ერთი გათხოვილია, მაგრამ დანარჩენი სამი ჩემთან ცხოვრობს და არც ერთს სამუშაო არა აქვს...

ორივე თეძო ამოვარდნილი მაქვს. 7 წელიწადი სიმწრით დავჩოჩავდი პენსიის დამდგენ კომისიაში და ინვალიდობის პენსია, 65 ლარი ძლივს მომცეს. არ გეკუთვნისო, მეუბნებოდნენ. სამაგიეროდ, მარჩენალდაკარგულის პენსია მომიხსნეს - ასეთია კანონიო. დამატებით სამი სულის სოციალურ დახმარებას - 109 ლარს ვიღებთ. სულ ეს არის ჩვენი სარჩო. ეს ყბადაღებული იაფი დაზღვევაც კი ვერ ავიღე - არ შეიძლება, თქვენ ხომ სოციალურ დახმარებას იღებთო. როცა ნახევრადმ შიერ შვილებს ვუყურებ, სიკვდილი მინდა, მითხარით, რა გავაკეთო, უკვე სიარულიც აღარ შემიძლია და სკამიდან სკამზე ვხოხავ.

ლუდა თუთისანი, ხონი".

რა უნდა ვუთხრათ ქალბატონ ლუდას? სამწუხაროდ, ჩვენთვის ასეთი ამბავი უცხო არ არის, - ყოველდღე ვართ მოწმე იმისა, თუ როგორ ვაქციეთ დროის მსხვერპლად ადამიანები. ვიცი, ამ ქალბატონის საწუხრით ვისაც უნდა მივმართოთ, ყველა ხელს დაიბანს - რა ვქნათ, მანდ ყველაფერი კანონიერად არისო. კი, ჩვენდა საუბედუროდ, კანონები მართლა ისეთი გვაქვს, რომ ოთხსულიან განადგურებულ ოჯახს აიძულებს, 174 ლარით იცხოვროს. მაგრამ ამ "კანონების" გარდა არსებობს დაუწერელი, ადამიანური კანონებიც, რომელიც გაჭირვებული თანამოძმის ფეხზე დაყენებას გვავალებს. ალბათ ასეთი გზა ხონის რაიონში აქამდეც უნდა გამოძებნილიყო.

ხონის რაიონის გამგებელს, ვახტანგ ბალავაძეს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, ქალბატონ ლუდას დახმარებოდა. აი, ბატონი ვახტანგის პასუხიც:

"ამ ქალბატონის შვილებს შეუძლიათ მომმართონ. გავერკვევი, რა შეუძლიათ და ამის მიხედვით შეძლებისდაგვარად დავასაქმებთ".

ალბათ, გასაგებია, როგორ გაგვახარა ამ პასუხმა, თუ ეს გაჭირვებული ხალხი როგორმე ფეხზე დადგა, მერე თვითონ გაიკვლევენ გზას.