ერთმანეთის მოფერება გვწყურია - კვირის პალიტრა

ერთმანეთის მოფერება გვწყურია

"ამას წინათ მოწმე გავხდი ერთი საინტერესო, თუმცა ერთობ სევდიანი ამბისა, რომელიც ჩვენი უახლესი ბედუკუღმართი ისტორიის გამოძახილი გახლდათ.

დიმა ჯაიანი ხშირად სტუმრობს მშობლიურ სენაკს. ამ ზაფხულსაც ოჯახით იყო ჩამოსული კვირაიას ქუჩაზე. მე და ჩემი შვილი სანახავად მივედით, მოვიკითხეთ და  ამ დროს დიმას მობილურმა დარეკა. გაიბა ორი ერთმანეთს მონატრებული, დიდი ხნის უნახავი კაცის საუბარი, საუბარი ემოციური და...  ცრემლიანი. კანდიტ თარბა ურეკავდა სოხუმიდან. თავის დროზე კანდიტ თარბა თითქმის 20 წელი სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი იყო. რა თქმა უნდა, მეგობრობდა ქართველებთან. ამჟამად აფხაზეთის წამყვანი ანსამბლის ხელმძღვანელია.

და აი, ზარი 17-წლიანი დუმილის შემდეგ გაისმა...

ნეტავ გენახათ, როგორი გახარებული იყო დიმა, გახარებული და თვალცრემლიანი.

კანდიტ თარბას მე ვერ ვხედავდი, მაგრამ ამას რა მიხვედრა უნდა, როგორი გახარებული  იქნებოდა...

რეზო ჯანჯღავა, სენაკი."

აქ მთავრდება ბატონი რეზოს წერილი. ჩვენ ასე ვერ დავამთავრებთ, არ შეგვიძლია! ჯერ ვიფიქრე, ბატონ დიმიტრი ჯაიანს დავუკავშირდები-მეთქი. მერე გადავიფიქრე - 17 წელიწადს დაკარგული მეგობარი რომ გამოჩნდება, რას გეტყვის და რას ილაპარაკებს, ამას რომელი კაცი მოგიყვება! მაგრამ ჩვენ ვიტყვით! ქართველებისა და აფხაზების საერთო კოდი თავისას შვრება, დრომ ერთმანეთისთვის მიყენებული ტკივილები გაგვიფერმკრთალა და ჩამოკვეთილი მეორე ნაწილი მოგვანატრა. ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს და მომხდარიყო. ამას წინ დრო ვერ გადაუდგება - ჩვენს დაყოფაზე ჩრდილოელი მტერი უკვე დიდი ხანია გამეცადინებული. ვერაფერს გახდა. ამ მთლიანობის ნაწილია დიმა ჯაიანიც, კანდიტ თარბაც, ჩვენც და ბატონი რეზოც. გუშინ მტრად მოკიდებულებს დღეს ერთმანეთის მოფერება გვწყურია. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ, ეს ორი ნაწილი, აუცილებლად შევერთდებით და გვიყუროს მერე მტერმა შორიდან.