"სწორედ მაგიტომ აგყარეს ხმის უფლება, რომ ხალხს უყვარხარ" - კვირის პალიტრა

"სწორედ მაგიტომ აგყარეს ხმის უფლება, რომ ხალხს უყვარხარ"

ამ ახალგაზრდა ქალის წერილმა გული გაგვინათა. სანამ თაობები ასე ფიქრობენ ქვეყნის წარსულსა და მომავალზე, მანამ ჩვენს სამშობლოს სიკვდილი არ უწერია!

მნიშვნელოვანი სათქმელი რომ არ მქონდეს, წერილის დაწერას ვერასოდეს ვიფიქრებდი. მაგრამ მგონი, ეს უნდა დაიბეჭდოს, - ჩემი დიდი პაპის, მინა ჯაფარიძის წერილს გიგზავნით, რომელიც მან 1912 წელს, აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას წარმოთქვა. ეს სიტყვა სრულყოფილად აქამდე არსად დაბეჭდილა და ძალიან მინდა იმ გაზეთმა დაბეჭდოს პირველად, ვინც ღირსია.

არც ისე დიდი ხნისა ვარ, მაგრამ კარგად ვამჩნევ, ირგვლივ საქვეყნო საქმეების კეთების როგორი დეფიციტია და თქვენ როგორ ცდილობთ ეს დეფიციტი შეავსოთ. ჩემი დიდი ბაბუის, მინა ჯაფარიძის დროს კი ასე არ ყოფილა. ბაბუაჩემი ჟურნალისტი იყო, მთელი სიცოცხლე რაჭაში, სოფელ ლიხეთში გაატარა, იქ ინაწილებდა თავისი ქვეყნის ტვირთს. ბოლშევიკებს იმდენად შეეშინდათ, მათ წინააღმდეგ ხალხი არ აემხედრებინა, ღამით შინიდან გაიყვანეს და ხანჯლით მოკლეს.

ახლა პაპაჩემისადმი გამოგზავნილ საზოგადო მოღვაწეების წერილებს რომ ვკითხულობ, მშურს, - როგორ უყვარდათ სამშობლო, როგორ ემსახურებოდნენ, რა ღირსებით მიმართავდნენ ერთმანეთს. მინდა, ამის დასტურად პაპაჩემისადმი მიწერილი იოსებ იმედაშვილის წერილიც გამოგიგზავნოთ. მცირე მონაკვეთი მაინც დაბჭდეთ, ესეც პირველად გამოქვეყნდება პრესაში. იმედი მაქვს, მის მკითხველს ქვეყნის ბედზე ცოტათი მაინც დააფიქრებს.

პატივისცემით, თამთა კერვალიშვილი

ჩვენი ქვეყნის განათებულო, დიდებულო მგოსანო, ბატონო აკაკი, ბედნიერება მეძლევა, თქვენ წინაშე წარვსდგე, რათა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, გულში ნადები გაგიზიაროთ. თუმცა, ამ სურვილისათვის არ გვყოფნის ძალა, გამოვთქვათ ის მადლიანი და ტკბილი გრძნობა, რომელიც თქვენს დიდებულ სახელს ჩვენს თითოეულის გულში ჩაუნერგავს. მაგრამ იმ იმედით, რომ სპეტაკი გულით მოძღვნილი მცირედიც შეიწირების, ვბედავთ, მოგახსენოთ, რომ დღევანდელი დღე...

უწმინდესი და უდიდებულესია, ჩვენს მთა-გორიან რაჭას არასოდეს წილად არ შეხვედრია ჩვენი ქვეყნის დიდებულ მოღვაწეთა სტუმრად მობრძანება. დღეს კი დიდებული სტუმრობით გულითადად გაგვახარეთ. ძალიან კარგად გვესმის, თუ რა სამძიმოა თქვენთვის ამ მოხუცებულობის დროს მოგზაურობა, მაგრამ ვიცით, რომ თქვენი სამშობლოსადმი სიყვარული სძლევს თქვენს ყოველ დაბრკოლებას.

აღარას მოგახსენებთ თქვენი მოღვაწეობის შესახებ, რადგან თქვენი ამბავი ბარაკონიდან დაწყებული, იალბუზის ძირამდე, ყველას კარგად მოეხსენება. ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ დარაჯათ უდექით თქვენს სამშობლოს და როცა სხვებს მის ბუნებრივ მოსვენებად მისი სიკვდილი მიაჩნდათ, თქვენ გულის გასახეთქად უპასუხებდით, - არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს! ვიცით, რომ ბევრი მწარე წუთი გამოიარეთ მისი გაღვიძების გულისათვის.

თქვენი სურვილით - მიძინებულმა გაიღვიძა და აწი მას ვეღარასოდეს დააძინებენ. და აი, დღეს თქვენი ნაამაგარი, ნაჭირნახულევი ჯიში და მონაგარი აბრიალებული სიყვარულით გეგებება, ფეხქვეშ ფიანდაზად გეფინება. ჩვენ გპირდებით, ყოველივე საქმით გაგიმართლოთ თქვენი დიდებული მოძღვრება, შევიყვაროთ ერთმანეთი, შევიყვაროთ სამშობლო ქვეყანა და ასე ძმური სიყვარულით ვწიოთ სამშობლოს უღელი.

თქვენი მინა ჯაფარიძე, 1912 წ.

ძმაო, მინა! გულითადი სალამი, ძლივს მოვიცალე მეგობართან სასაუბროდ. ჩემი ერთი სენთაგანი ის არის, რომ პატარა კეთილი საქმე დიდ სიტყვას მირჩევნია. ერთი თათრული ანდაზისა არ იყოს, - ენით ფლავი არ მოიხარშება, ერბოა საჭირო.

წარმოიდგინე, თანდათან ვრწმუნდები, რომ რაც დრო მიდის, სამარეს ვუახლოვდები, მაგრამ მოვკვდები მშვიდად, რომ ჩემი სამიწე არსება, ხორციელ-სულიერი მეობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთო საქმიანობას მოვახმარო შეძლებისდაგვარად... შენც ღირსეული ქართველი აღმოჩნდი, მწერ, ხმის უფლება ჩამომართვეს, ყოველივე კარგი მიყვარს და ხალხსაც ვუყვარვარ, მაშ, რატომ ამყარეს ხმის უფლებაო! სწორედ მაგიტომ აგყარეს ხმის უფლება, რომ ხალხს უყვარხარ.

მერე გიკვირს? გული დაიმშვიდე, კვლავაც გიყვარდეს ხალხი, მის სასიკეთო შრომაში გარჯა და გწამდეს, სწორედ ისინი დაგაფასებენ, რომლებიც ახლა უმეცრებით შეურაცხგყოფენ. იყავი მხნედ, მტკიცედ მომავლის რწმენით აღსავსე, შეუდრეკელი, როგორც ნამდვილ ქართველს და გაუტეხელ რაჭველს შეჰფერის.

მარადის შენი იოსებ იმედაშვილი

ძმაო, მინა! ახლა მინდა გამოგელაპარაკო იმ ბრინჯაოსა და სპილენძის ნაშთებზე, რომელიც შენ გქონია მანდ შეგროვილი. ეს ნაშთები ძალიან საჭიროა მუზეუმისთვის (ქართულ საეროვნოსთვის).

ამიტომ ჩვენი საზოგადოების ეთნოგრაფიისა და ისტორიის თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილმა, რომლის ბინაზე გწერთ ამ წერილს, ძალიან მთხოვა, მომეწერა შენთვის ეს წერილი, მეთხოვა, ეს ნაშთები მისთვის გამოგეგზავნა ან ჩამოგეტანა. ვიცი, რომ სამშობლო საქმისთვის გული შეგტკივა და ამიტომ გწერ ყველა ამას.

ძალიან კარგი იქნება, თუ სორიდან ბუკს წამოიღებ მუზეუმისთვის და არჩვაძეს სოფელ წესში გამოართმევ ლექსიკონს, ხელნაწერს - ამავე მიზნით.

შენი მარად პატივისმცემელი გიორგი ახვლედიანი