"ჩემს მიწის ნაკვეთზე ახლა ავტობანი გაიყვანეს" - კვირის პალიტრა

"ჩემს მიწის ნაკვეთზე ახლა ავტობანი გაიყვანეს"

ბატონო პრეზიდენტო, ვწუხვარ, რომ მომიწია თქვენთვის ღია წერილით მომართვამ და შეწუხებამ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ავტობანის მშენებლობის დროს კასპის რაიონის იგოეთის მონაკვეთზე უკანონოდ შემოიჭრნენ  ჩემს კერძო საკუთრებაში, ყოველგვარი შეთანხმების, ხელშეკრულების გარეშე დღეს ჩემს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უკვე  გაყვანილია ავტობანი.

მიწის ნაკვეთის მიტაცების გარდა, გაჩეხეს ნარგავები, დაანგრიეს ღობე, განადგურებულია სარწყავი სისტემა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი. ამ პრობლემის გამო მივმართე საქართველოს გზების დეპარტამენტს, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადადგა ვერც ერთი ქმედითი ნაბიჯი დავის მოგვარებისა და ჩემი შელახული უფლებების აღდგენისათვის.

ამ ხნის განმავლობაში ილახება საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით ჩემთვის მონიჭებული უფლებები. სამწუხაროა, რომ იმ სამართლიან სახელმწიფოში, რომლის მშენებლობაც თქვენი მთავარი მიზანია, ასე ითელება მოქალაქეთა უფლებები. ამ დროის მანძილზე დეპარტამენტის  ჩემდამი დამოკიდებულება თავს სრულიად უუფლებო ადამიანად მაგრძნობინებს.

ბატონო პრეზიდენტო! ხუთი განცხადებით მოგმართეთ დახმარების აღმოჩენის იმედით. ვფიქრობ, თქვენთვის უცნობია ჩემი მდგომარეობა. მაქვს დიდი იმედი თქვენი სამართლიანობისა, იმისა, რომ თქვენ ყველაფერს ნამდვილად ხალხის საკეთილდღეოდ და ქვეყნის აღმშენებლობისათვის აკეთებთ და არ დაუშვებთ, რომ მოქალაქე დაზარალდეს, რომ 21-ე საუკუნეში თქვენი მმართველობისას ისე შეილახოს ადამიანის სუვერენული უფლებები, როგორც ეს ხდება ტოტალიტარულ სახელმწიფოებში.

მე მჯერა თქვენი! ამ იმედით ვბედავ თქვენს შეწუხებას.  კარგად მესმის, რომ ასეთ წვრილმან საკითხზე თქვენ არ უნდა გაწუხებდეთ, მაგრამ  სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. დიდი იმედი მაქვს თქვენი  სამართლიანობის.

პატივისცემით, თქვენი თანამოაზრე და ნაციონალური მოძრაობის წევრი დალილა ბოჭორმელი