"არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა" - კვირის პალიტრა

"არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა"

"სამი თვის წინ "კვირის პალიტრამ" პოეტი რუსუდან გიგინაშვილი გაგვაცნო. მაშინ უცხოეთში ვცხოვრობდი. მისმა ბიოგრაფიამ და ეკონომიკურმა მდგომარეობამ შემძრა. გადავწყვიტე, საქართველოში დაბრუნებისთანავე მომენახულებინა.

ჩვენ, ემიგრანტებს, სულ მოგვიწოდებს ბატონი პრეზიდენტი, დაბრუნდით, დაბრუნდითო, ამ ქალის გაცნობის შემდეგ კი მართლა გამიჭირდება სამუდამოდ დაბრუნებაზე ფიქრი. ნუთუ გაჭირვებული ადამიანი ასე უნდა მიატოვოს სახელმწიფომ? ქალბატონმა რუსუდანმა შემომჩივლა, პურის ფულიც არა მაქვს, ექიმთან ვერ მივდივარო. პოეტი ქალი, ხანდაზმული, ავადმყოფი, ასეთ დღეში რატომ უნდა იყოს? იქნებ ისევ თქვენ უშველოთ! უთხარით ხალხს მისი სატკივარი. ხალხი უფრო მოწყალეა, ვიდრე ხელისუფლება".

პატივისცემით, ქეთი სანოძე

ამ წერილის მიღების შემდეგ "კვირის პალიტრა" რუსუდან გიგინაშვილს ეწვია. აქამდე თაიგულს მონატრებული, ახლა საჭმელს ნატრობს. თხევადი აირის ბალონი მიუცია ვიღაცას სამოწყალოდ. ცარიელ ქვაბს მაჩვენებს. პროდუქტს ვერ ვყიდულობ და ქვაბში რა გავაკეთოო?

რუსუდან გიგინაშვილი: "დილით ძლივს გავედი ქუჩაში. ვიყიდე ნიახურის ფოთლები, ნახარში გავაკეთე და იმას ვსვამ. მითხრეს, რომ თირკმლებს შველის. ისედაც დაავადებული კუჭი და ციროზისნიშნებიანი ღვიძლი შიმშილმა სულ მომისპო. ყველაფერი მტკივა. ფილტვში შავი ლაქა მაქვს. მითხრეს, უნდა გამოიკვლიოო. როგორ, საიდან ჯანმრთელობის პოლისი მე არა მაქვს და სიღარიბის დახმარება. ოთხი წელი მაძლევდნენ 30 ლარს, რამდენიმე თვის წინ კი მომიხსნეს თავიდან შემოწმების მიზნით".

ქალბატონმა რუსუდანმა ერთი თვის წინ შემოგვჩივლა, სოციალური დახმარების სააგენტო ყურადღებას არ მაქცევსო. ამ სამსახურს რომ შევეხმიანეთ, აგენტი გიგინაშვილთან მივიდა. როგორც გაირკვა, მას დახმარებას ისევ მისცემენ, ოღონდ დეკემბრიდან(?!). რა ქნას ქალმა, რომელიც მშიერია და ავად არის, რით იარსებოს დეკემბრამდე? ამ კითხვაზე სააგენტოს პასუხის გაცემა უჭირს. კანონის თანახმად, დახმარების ობიექტს დახმარების დანიშვნიდან მხოლოდ ორი თუ სამი თვის გასვლის მერე ეძლევა.

რუსუდან გიგინაშვილი: "დღეს ორი პომიდორი მომცა მეზობელმა. მთელი დღე უნდა ვიკმარო. კიდევ ერთი ქვრივი მეზობელი მეხმარება, მაგრამ იმას თავისთვის არა გააჩნია რა და მე როგორ უნდა ამიკიდოს ტვირთად. უკვე წლებია უფასო სასადილოში კვების უფლებას ვითხოვ. სულ მპასუხობენ, ადგილი არ არისო. ნუთუ იმდენი დამშეული დადის ამ სასადილოებში, რომ ოთხი წლის განმავლობაში რიგმა ვერ მომიწია. აქ, გლდანი-ნაძალადევის რაიონში არის უფასო სასადილო.

უკვე ორჯერ მივიტანე განცხადება. სასადილოს დირექტორი, მსუქანი ქალი, მშვიდად მპასუხობს, ადგილი არა გვაქვსო. ასე მგონია, ძაღლივით გარეთ რომ დაველოდო ნასუფრალს, იმასაც კი არ გადმომიყრის. მერიაშიც მივედი. მიპასუხეს, ვერაფრით დაგეხმარებითო. სოციალური დახმარების აგენტი რომ მოვიდა, 13 ათასი ქულა მომიმატა.

რა ნახეს ჩემს ბინაში გაუმჯობესებული? მხოლოდ 30 ლარი უნდა მომცენ და რამდენს მაწამებენ მის მისაღებად. ეტყობა, უნდათ, დარდითა და მოლოდინით მოვკვდეთ, რომ დახმარებამ ვერ მოგვისწროს და გადასახდელიც არაფერი ჰქონდეთ. აგენტმა დაინახა, რომ არც ერთი კბილი არა მაქვს და მაინც მკითხა, კბილის ჯაგრისი და პასტა გაქვთო? ეს როგორ უნდა ჰკითხო თავმოყვარე ადამიანმა? ახლა თუ ის 30 ლარიც არ მექნა, სიცივითაც მოვკვდები.

მათხოვრად ვარ ქცეული, ხან ვის ვთხოვ პურის ფულს, ხან - ვის. ზამთარში შუქის ფულის გადასახდელად არ მყოფნის პენსია. მხოლოდ პენსიის იმედად, მოვკვდები, არადა, არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა. 6 თვის პენსია ავიღე ერთად რამდენიმე თვის წინ, რომ წამლები მეყიდა. ახლა იმ 6 თვის პროცენტებში 85 ლარი დამიქვითეს ბანკში. რა ყაჩაღობაა? ამხელა პროცენტი რატომ უნდა გადამახდევინო სოციალურად დაუცველს?"

მაშინ, როცა ყველამ დაივიწყა, იქნებ ჩვენ მაინც გავიღოთ მოწყალება. რუსუდან გიგინაშვილის დახმარების მსურველთ შეუძლიათ მოწყალება გაიღონ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

გიგინაშვილი რუსუდან

ანგარიშის ნომერი:  ge43pc 0113600100027809 gel ბანკის დასახელება: "პროკრედიტ ბანკის" ვაგზლის განყოფილება, ბანკის კოდი 22101922