"დაიქცა სახლი სადავითო" - კვირის პალიტრა

"დაიქცა სახლი სადავითო"

ეს 215 წლის წინ მოხდა კრწანისის ველზე: სამი იმპერიის მსხვერპლი ქართლ-კახეთი და მისი სატახტო ქალაქი თბილისი აღა-მაჰმად-ხან ყაჯარის ლაშქრის პირისპირ

მარტოდმარტო აღმოჩნდა, 75 წლის ერეკლე II დამარცხდა, "თუმცაღა იყო იგი ფრიად მოხუცებულ, გარნა ომშიგან საქციელი მისი იყო მრავალთა ჭაბუკთა სანატრელ".

სამხრეთელი ლომისგან დაფლეთილ ქვეყანას ჩრდილოელი დათვი დაეპატრონა... მას შემდეგ ქართველობა ამ სისხლითა და თავგანწირვით ნიშნეულ თარიღს გულში ინახავს და ჟამთა შესაბამისად კრწანისობას აღნიშნავს. წელს ამ დღის მოსაგონარი უფერული იყო.

კრწანისის დამარცხება დიდგორის, შამქორისა თუ ბასიანის ძლევებზე ნაკლებად მნიშვნელოვანი რომ არ გახლავთ, ეს ყველა ქართველმა იცის. ჩვენ კი ერთი ეპიზოდი გავიხსენოთ: "კვლავად მოიქცა ტფილისს კაცი ვინმე მაჩაბლად წოდებული, და ეპყრა ხელთ ბარბითი ანუ დაირა და უკრავდა მას ზედა შადიანსა, ლხინსა შიგან რომ უკრავენ და ახლდნენ მას კაცნი მუტრიბნი და მსახიობნი"... სრულად შეაკვდა მტერს სასცენო სამოსში გამოწყობილი სასახლის მსახიობთა დასი თბილისის გალავანთან.

იქვეა დასაფლავებული - ქალაქის კარიბჭესთან და დღესაც გვიცავს იმ იარაღით, რომელიც მათ კაცობას ეკადრებოდა. ამ იარაღს პატიოსნება ეწოდება. "ჩვენს მამა-პაპათ უნამუსობა არ უქნიათ, ჰოდა, ჩვენ იმათი შვილები ვართ!" - კრწანისის ბრძოლის გმირის, არტილერიის უფროსის, გურამიშვილის ამ სიტყვებით ვიხელმძღვანელოთ და მივანიჭოთ თბილისის რომელიმე თეატრს მაჩაბლის სახელი.

ნებისმიერი ერი, შემოქმედთა გმირობის ასეთი უპრეცედენტო მაგალითი რომ გააჩნდეს, დიდი ხანია გააკეთებდა ამას. კარგი იქნება, თუ თბილისობის დროს ამ წერილს მაჩაბლის ამქრის დღევანდელი წარმომადგენელი საჯაროდ წაიკითხავს. არ მეეჭვება, საზოგადოების რეაქცია ისეთივე იქნება, როგორიც მომავალში, გმირი ქალაქელის სახელობის თეატრის გახსნის დროს. თეატრისა, რომლის რეპერტუარი აუცილებლად იქნება "ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გასახარებლად".

ალექსანდრე ჟღენტი, კინორეჟისორი