ნუ დავხუჭავთ თვალებს! - კვირის პალიტრა

ნუ დავხუჭავთ თვალებს!

საკუთარ თავს ხშირად ვეკითხებით, იქნებ სჯობს გაჭირვებას ზოგჯერ მაინც თვალი აარიდო და გული და ნერვები დაზოგოო. არ გამოდის! რადგან გაჭირვებულისკენ სწორედ ისინი არ იყურებიან, ვინც სწორედ ამ გაჭირვებულებმა მიიყვანეს ხელისუფლებაში თავისი ჭირ-ვარამის გასაზიარებლად. აი, ამიტომ გავყევით რატევნის ქუჩა #-4-ის მცხოვრებთა წერილს.

2002 წლიდან დღე არ გასულა, 8 ოჯახს სიკვდილის რომ არ გვეშინოდეს. იმ წელს მომხდარმა მიწისძვრამ ჩვენი 50-იან წლებში აშენებული კორპუსი, ისე დაშალა, ვერ გეტყვით, რა ძალა აჩერებს 20-30 სანტიმეტრით დაშორებულ საყრდენ კედლებს.

ჩვენს ოჯახებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ, კედლებიდან კი ქარიშხალი შემოდის. ალბათ ღმერთს ვეცოდებით, რომ სასიკვდილოდ არ გვიმეტებს, თორემ რვა წელიწადია დავდივართ ხელისუფლებაში და ჩვენ გამო კენჭი არავის გადაუწევია.

ამ ხალხს გული არა აქვს. არადა, სად წავიდეთ, აღარ ვიცით. უმეტესობას  სოფელიც არა აქვს, რომ თავი იქ შევაფაროთ. ჩვენი ერთადერთი საკუთრება ეს დანგრეული ბინებია, რომელიც ერთხელაც ჩაიქცევა და ჩვენც თან ჩაგვიყოლებს.

ჩვენს დანახვაზე წასაქცევად გამზადებული კორპუსიდან მოხუცი თუ ბავშვი გამოეფინა. მთავრობაში გაგზავნილი წერილების ასლებს გამოგიტანთო, გვეხვეწებოდნენ. ვუთხარით, - რა საჭიროა, საკუთარი თვალით ვხედავთ თქვენს უბედურებას-თქო. ვედროებსა და ტაშტებშუა მიიკვლევდნენ გზას. დიდი წვიმის შემდეგ აქ ყველაფერი ჯერ კიდევ სველი იყო და ირგვლივ\ შმორის სუნი იდგა. დანესტიანებული იყო საწოლები, კარადები, სკამები, კედლებსა და ჭერს ობი მოსდებოდა.

იქაურებს კი გაოგნებულებმა ვკითხეთ, - ქალაქის მერია გამუდმებით ლაპარაკობს თბილისის განაშენიანების პროექტებზე და ნუთუ ვერც ერთ პროგრამაში ვერ მოხვდით? კითხვა გულუბრყვილო გახლდათ, ფაქტი - ჯიუტი. ამიტომაც გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დავუკავშირდით: - კორპუსი შეიძლება ხვალ ჩამოინგრეს და ხალხი დაიხოცოს. ნუთუ თავს დამნაშავედ არ იგრძნობთ!

ვიგრძნობთო, - გვიპასუხეს და თან ისიც დასძინეს, - ამ კორპუსიდან სამ ოჯახს, რომლებიც ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, ბინებს დავუქირავებთო. როდემდე ან დანარჩენებს რა ეშველებათო, რომ ჩავეძიეთ, - მაგ ხალხს შარშანაც ვუპირებდით პროექტში "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" შეყვანას, მაგრამ ინვესტორს ძვირი უჯდებოდა. ეგებ წელს მაინც გამოჩნდეს ვინმეო.

კაცი იმედით ცოცხლობს. ღმერთმა დაიფაროს და თუ რატევნის ქუჩაზე ტრაგედია მოხდა, მაშინ იმათაც, ვისაც  ხალხის კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, იმის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ, რომ ოდესმე ეს ტვირთი მოშორდებათ.