რა აზრი აქვს ასეთ საჩუქარს?! - კვირის პალიტრა

რა აზრი აქვს ასეთ საჩუქარს?!

მტკივნეულია, მაგრამ ფაქტია, საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უცხოეთშია გადახვეწილი და იქიდან ინახავს ოჯახს. სხვა გზა არ გვაქვს, თორემ უმეტესობა ამ ფულს ისეთი ჭაპანწყვეტით შოულობს, კაცმა ხელი არ უნდა მოჰკიდოს.

ამ წერილს ჰოლანდიიდან ერთ ქართველს ვატან, გვერდზე არ გადამიდოთ. მიუხედავად იმისა, რომ აღშფოთებული ვარ, მადლობა უნდა გითხრათ - თქვენ რომ არა, რა გალევდა საშინელ წლებს უცხო მიწაზე! მოხუცი დედა და შვილი ქუთაისში მყავს დატოვებული. ძალიან მიჭირს, დღედაღამ ვმუშაობ. მათი საარსებო ფული თუ ვიშოვე, განგებას მადლობას ვწირავ.

ხანდახან მაღაზიებში გაიაფებებს გადავაწყდები და შვილის გასახარებლად რაიმე იაფფასიანი ამანათით ვგზავნი ქუთაისში, - ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, გავახარებ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ისე გამომდის, გახარების ნაცვლად, დედასაც ვამწარებ და შვილსაც. ჯერ ერთი, ჩემი გაგზავნილი ამანათი არასოდეს დროზე არ მიდის. მიაკითხავს ქუთაისის ფოსტაში ამანათის მისაღებად დედაჩემი, ან ეუბნებიან, - შენი ამანათი არ მიგვიღია, არც ვიცით, როდის მივიღებთ, თბილისის საბაჟოზეა დაკავებულიო, ან ამანათის მისაღები თანხა ხვდება გაზრდილი.

დედაჩემს ქუთაისიდან თბილისში სასიარულო, ანდა ფოსტისთვის გადასახდელი ფული რომ ჰქონოდა, ჰოლანდიაში კი არ წამოვიდოდი. სიმართლე გითხრათ, ისიც ვერ გავიგე, რაში ითხოვს ფულს ქუთაისის ფოსტა. ამას წინათ სასკოლო იაფფასიანი ფეხსაცმელი და პერანგები გამოვუგზავნე შვილს და ჰოლანდიაში 34 ევრო გადამახდევინეს. კიდევ რაღა ფულია საჭირო? რა აზრი ჰქონდა ამანათის გამოგზავნას? ვინანე, - დედაჩემის და შვილის ნერვების შლას არ ჯობდა, ჩემი შვილი გაცვეთილი ფეხსაცმელებით წასულიყო სკოლაში?

ლია მოდებაძე

წერილის მიღების შემდეგ ქალბატონ ლიას დედას დავურეკეთ ქუთაისში. მან გვითხრა, - სწორედ ასე იყო, შვილო, ჯოხდაბჯენილი ქალი ერთხელ ამანათისთვის ქუთაისიდან თბილისის საბაჟოზე გამგზავნეს, იქ იმდენი დამიფასეს განბაჟება, შიგ მისი ნახევარიც არაფერი ეწყო, მეორედ ქუთაისის ფოსტაში მითხრეს, - ათი ლარი უნდა გადაიხადო, ამანათი რომ წაიღოო. ათი ლარი სად მქონდა, შევედი და უფროსს ვემუდარე, - ეგ ამანათი გახსენით, მარტო ფეხსაცმელები გამატანეთ, დანარჩენი თქვენი იყოს-მეთქი.

არ ქნეს, - კანონი არ არისო. მაშ, ის არის კანონი, ფულს მეორედ რომ გვახდევინებთ და ისედაც გატყავებულებს, უფრო გვატყავებთ-მეთქი? მოკლედ, შვილიშვილი სასკოლოდ ფეხშიშველა მრჩებოდა. წავედი, ვისესხე ის ათი ლარი და გადავიხადე ამანათში. ეს არის კანონი?

მოხუცს ტელეფონში როგორ ვეტყოდით, - კი, ბატონო, სწორედ ეს არის კანონი-მეთქი - გული გაუსკდებოდა. არადა, კანონი, თუ ამას კანონი ჰქვია, მართლაც ასეთი ყოფილა, - საქართველოს საბაჟოზე უამრავი ამანათია დაკავებული იმისთვის, რომ მისმა პატრონებმა ამ ამანათების გამოსახსნელად მათ ღირებულებაზე 3-4-ჯერ მეტი საბაჟო გადასახადი ვერ გადაიხადეს.

თუ ამანათმა ფოსტამდე მაინც მიაღწია, იქ ცოტა "შეღავათს" უწევენ, - თუკი, რაღა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას საშეღავათო, პრაქტიკულად, არაფერი აქვს. უცხოეთში ქირაზე წასულ ჩვენს თანამემამულეებს კი ცალკე უცხოეთის ფოსტა ატყავებს და ცალკე - საქართველოსი. "კიდევ კარგი", უცხოეთში მილიონ შვიდასი ათასი ქართველია წასული და მათი "ტყავი" ასეთ დაწესებულებს კარგა ხანს ეყოფა!