27 სექტემბრის ზარი... - კვირის პალიტრა

27 სექტემბრის ზარი...

მონუმენტზე ომში დაღუპულ გმირთა შორის 21 ბენდელიანის გვარია!

ყოველ 27 სექტემბერს სიმწარე ახლავს. თითქოს შხამი შეგასვეს, სიკვდილს კი გადარჩი, მაგრამ ვაი, ამ გადარჩენას. თუმცა ბუნებაში არაფერი ხდება შემთხვევით, არც უკვალოდ ქრება. დავმარცხდით? ესე იგი, მომავალში უნდა გავიმარჯვოთ!

ამიტომაც ემატებათ გმირებს ფასი (თუნდაც წაგებული ომისას) რაც წლები გადის - მათი ხსოვნა ნელ-ნელა გაღვივებული შურისძიების ცეცხლია. ხსოვნის ნაკვალევზე კვლავ გმირები იბადებიან. თბილისში, გმირთა მოედანზე აღმართულ ობელისკზე 21 ბენდელიანის გვარია ამოტვიფრული, ისინი აფხაზეთისთვის ომში მაშინ წავიდნენ, როცა აფხაზეთის ომის გმირი, 23 წლის ზაზა ბენდელიანი დაასაფლავეს...

ზაზა პირველი იყო. ოჯახში ერთადერთი გვარის გამგრძელებელი და კარგი ფეხბურთელი ტამიშთან ბრძოლაში გმირულად დაეცა... მერე გმირულად დაეცნენ დანარჩენი ბენდელიანებიც - სხვებთან ერთად!

KvirisPalitra.Geსამოცდაათს გადაცილებული კაცი გახლავართ და სანამ ვიცოცხლებ, ამ ომებმა რომ მარგუნა, იმ შხამის გემოს ყოველთვის ვიგრძნობ. ეს შხამი ალბათ მთელი საქართველოს გულშიც არის, მაგრამ ჩემსავით ომში შვილმკვდარი მშობლების გულში - მით უფრო. მე ზაზა ბენდელიანის მამა ვარ. ჩემი შვილი აფხაზეთის ომის გმირი გახდა. როცა მას ვზრდიდი, ვერასოდეს ვიფიქრებდი ამაზე, ვერც მე და ალბათ ვერც სხვა გმირების მშობლები.

მაგრამ იმაზე, თუ საიდან მოდიან გმირები, ამ ომების შემდეგ ვფიქრობ... გმირები გმირი წინაპრებიდან მოდიან. მე ჩემი ზაზას წინაპარზე გეტყვით - მფრინავ ჭიჭიკო ბენდელიანზე. ის ჩემი შვილის დიდი ბაბუა იყო. მეორე მსოფლიო ომში ზეცაში მის თვითმფრინავთან შეხვედრა მტრისთვის ნამდვილად სიკვდილს ნიშნავდა. ომის დაწყებიდან ზუსტად ერთ თვეში ჭიჭიკო ბენდელიანის თვითმფრინავმა გერმანულ "მესერშმიდტს" კუდი "საჰაერო ტარანით" მოაჭრა და მიწას დაანარცხა.

"ტარანი" ყველა დროში კამიკაძეობად ითვლებოდა. და ვინ იჯდა გერმანული თვითმფრინავის პულტთან? გერმანელი ლეგენდარული მფრინავი, რკინის ჯვრის კავალერი, ობერლეიტენანტი კურტ სოხაცკი - მას ასი თვითმფრინავი ჰყავდა ჩამოგდებული. ამან გერმანელები ისე გაამწარა, ჭიჭიკოს თავი დიდ ფულად შეაფასეს - ტყუილად! სამი წელიწადი ვერაფერი დააკლეს. 1944-ში ბენდელიანმა ერთ ბრძოლაში კიდევ ხუთი თვითმფრინავი ჩამოაგდო.

KvirisPalitra.Geთანაც რა სიტუაციაში - შეეძლო, გასცლოდა, მაგრამ არ გაეცალა, პირიქით, გამოიწვია. თავად კი თავისი ალმოდებული თვითმფრინავი მაინც მიწაზე დასვა. კაბინიდან გამოვიდა და თანამებრძოლების ხელზე დალია სული. ასეთი იყო ჩემი შვილიც, მისმა თანამებრძოლებმა ამბავი მომიტანეს, - შეეძლო ოპერაციაზე არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდაო. ომშიც შეეძლო არ წასულიყო, გასცლოდა - პერსპექტიული ფეხბურთელი იყო. წავიდა.

როგორ არ წავიდე, გაგრაში ჩემი თანაკლასელების თავებით ფეხბურთი ითამაშესო!  წავიდა და... დამთავრდა კიდეც! მის დასაფლავებაზე 20 წლის კახელი ბიჭი მიმტკიცებდა, - ზაზა ღმერთმა წაიყვანა ვახტანგ გორგასალთან, დავით აღმაშენებელთან და თამართანო... თავად ბრძოლაში უკვე თმა გასთეთრებოდა და მზად იყო, ზაზასავით თავადაც ამ წინაპრებთან იმავე დღესვე წასულიყო. ასეთი იყვნენ ზაზას სხვა თანამებრძოლებიც.

აი, ასეთი წინაპრებიდან მოდიან ეს ბიჭები... ასეთი იყო ის ოცი ბენდელიანიც, რომელთა სახელებიც გმირთა ობელისკზე, ჩემი შვილის სახელთან ერთად წერია...

მას შემდეგ 17 წელიწადი გავიდა და მინდა ვუთხრა ჩემს საქართველოს: ახლა რომ ბიჭები იბადებიან, მათ სულ ახლოს ჰყავთ გმირი წინაპრები. მინდა ყველას ვუსურვო, დაბერდნენ და ისე წავიდნენ მათთან. მაგრამ თუ ერთ დღეს საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლა აუცილებელი შეიქნა, ღმერთმა ინებოს, იქ გამარჯვებულები წასულიყვნენ!

ჯუმბერ ბენდელიანი,

ზაზა ბენდელიანის მამა