ჩვენც ქართველები ვართ! - კვირის პალიტრა

ჩვენც ქართველები ვართ!

საუკუნეებია, ჩვენს მცირერიცხოვნობას მივტირით და ერთმანეთს მაინც არ ვუფრთხილდებით. რა გვჭირს, ხალხო, განა მტერი ცოტა გვყავს, რომ ერთმანეთს არ ვუხეთქოთ გულები?!

პატივცემულო რედაქციავ, რა ვქნათ, იქნებ თქვენ თქვათ ჩვენს გულისტკივილზე, რომ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვროს. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ, ადიგენის რაიონში მცხოვრებნი, ხშირად ვისმენთ ტელევიზიით - უდელები სომხური წარმოშობისა არიან და ამიტომ მიიღეს კათოლიკური სარწმუნოებაო.

ამაზე უმეტესად ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წარმომადგენლები ლაპარაკობენ. ის კი არ იციან, რომ ჩვენი წინაპარი მიწის დაკარგვის შიშმა გააკათოლიკა. სამაგიეროდ, მესხეთ-ჯავახეთი ქართველობისგან რომ იცლებოდა, მტერი ვერ გვეხებოდა და აქ საქართველოს ბურჯად ვიდექით. ახლა კი ნელ-ნელა რწმენას ვიბრუნებთ. ამის დასტურად მინდა საისტორიო წყაროები მოვიყვანო. ეგებ ამანაც იქონიოს გავლენა ამ ადამიანებზე.

1) ასურული, ბერძნული და რომაული წყაროებიდან ჩანს, რომ ქართველები უძველესი დროიდანვე მრავალ ტომებად დანაწილებულნი ყოფილან (ივ. ჯავახიშვილი "ქართველი ერის ისტორია").

3) ჩვენს წელთაღრიცხვამდე XI ს-დან მოყოლებული მუსკები, ტაბალები და კასკები მერმინდელ მესხთა, იბერთა და კოლხთა წინაპარი ქართველი ტომები იყვნენ (ივ. ჯავახიშვილი). ე.ი. მესხები ქართველები ვართ!

4) ზოგიერთი პიროვნების აზრით, გენიალური შოთა რუსთაველი არ არის წარმოშობით მესხეთის რუსთავიდან, თვით პოეტი კი გვამცნობს: "ვწერ ვინმე მესხი მელექსე" (შოთა რუსთაველი, "ვეფხისტყაოსანი", 1957 წლის გამოცემა), ე.ი. რუსთაველი მესხია, ქართველია და პოემაც ქართულად აქვს დაწერილი.

5) 1908 წელს ეთიოპიაში ექიმად მიიწვიეს დოქტორი პეტრე მერაბიშვილი, სოფ. უდეს მკვიდრი. მან იქ დააარსა აფთიაქი. მოგვიანებით, 60-იან წლებში პოეტმა იოსებ ნონეშვილმა ნახა ეს აფთიაქი, რომელსაც ქართულად ეწერა "საქართველო". სომხური წარმოშობის არც ერთი პიროვნება ქართულად ასეთ წარწერას არ გააკეთებდა.

პატივისცემით, უდელები, დაბა ადიგენი