როცა თვალში ნაცარს გაყრიან - კვირის პალიტრა

როცა თვალში ნაცარს გაყრიან

არაერთგზის გვითქვამს, სოფელი აღარავის ახსოვსო. ამიტომ ვეცდებით, ხელისუფლება სოფლისკენ მივახედოთ.

ძალიან მიყვარს კახეთი - ჩემი ბავშვობისა და ყმაწვილქალობის ნახევარი ამ მადლიან მიწაზე, ჩემს საყვარელ სანათესავოში მაქვს გატარებული. თბილისის პაპანაქებას იქ გავექცევი-მეთქი, მაგრამ ახაშენი (გურჯაანის რაიონი) არანაკლები ხვატით შემეგება და გულიც მომიკლა: ჯერ წყალდიდობებისა და სეტყვისაგან, მერე კი გვალვებისაგან გაჩანაგებული დამხვდა გლეხკაცის ნალოლიავები ბაღ-ვენახი. თუმცა ჩემს კახელებს წუწუნი ნაკლებად სჩვევიათ და ერთმანეთი თუ სხვა რომ არ შეეწუხებინათ, ამ ამბავზე ბევრს არ ლაპარაკობდნენ.

მაგრამ როცა თვალში ნაცარს გაყრიან, ძნელია დუმილი. სოფელში დაახლოებით ათას სამასი კომლი ცხოვრობს. შარშან, როგორც გავიგე, სოფლის გზების კეთილმოსაწყობად 20 ათასამდე ლარი იყო გამოყოფილი, წელს - 70 ათასამდე. მაგრამ არჩევნებამდე გზის მხოლოდ მცირე მონაკვეთი მოასფალტდა.

ერთ უბანში ხევის ქვა-ღორღიც დაყარეს სანიაღვრეების მოსაწყობად, მაგრამ ერთი წყალდიდობა და ზერელედ გაკეთებულ საქმეს "პირი გაეხსნა" - ნიაღვარი მოსახლეობას ეზოებში შეუვარდა და ქვა-ღორღით აავსო. ესღა აკლდათ, ისედაც არც წყალმომარაგება აქვთ ხეირიანი და რაც მთავარია, ბუნებრივი აირის უქონლობით არიან გატანჯულნი.

დაახლოებით 30 წელია, რაც ამ სოფელში გაზის მილები გაიყვანეს. მას შემდეგ დგანან და ელიან. რა დააშავეს, თვითონაც არ იციან, - მომიჯნავე ჩუმლაყი და ველისციხე გაზიფიცირებულია, ახაშენს კი თითქოს განგებ აუარეს გვერდი...

ჩემმა საყვარელმა დედულეთელებმა რამდენჯერმე მიმართეს სოფლის გამგეობას (გამგებელი ზურა შავლიაშვილი, დეპუტატი იოსებ ჩიტიშვილი), მაგრამ ამაოდ. მერე გურჯაანის ტელევიზიასაც სთხოვეს დახმარება. არც ამას მოჰყოლია შედეგი.

იქნებ "კვირის პალიტრა" მაინც დაეხმაროს ჩემს სოფელს და მათი სატკივარი იმათ გააგებინოს, ვისაც ეს ეხება.

ლუიზა ებრალიძე