მოთმინება ბეწვზე კიდია, ანუ განშორების სიმბოლო - კვირის პალიტრა

მოთმინება ბეწვზე კიდია, ანუ განშორების სიმბოლო

ყველაფერს აქვს საზღვარი, უცხო მიწაზე ცხოვრებასაც, - წლები გადის და უცხოობაში უსამშობლოდ, უოჯახოდ, უშვილძიროდ ყოფნა აუტანელი ხდება. აქ კი თაობები განშორების სიმბოლოდ იზრდებიან, - ცოცხალი ბებია-ბაბუები თვალითაც არ უნახავთ. ამ ამბავიც ამის ამბავია.

ჩემი ულამაზესი სოფელი ითხვისი ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონშია. ის რამდენიმე უბნისგან შედგება, მარგანეცისგანაც - მთელი ითხვისის ქვეშ მარგანეცის საბადოებია. მას წლების განმავლობაში იმდენს იღებდნენ, რომ ზოგი ითხვისელის სახლს საძირკველიც კი გამოეცალა. კაპანაძეების უბანსაც ასე დაემართა და კომპენსაცია მოგვცა "ჭიათურმარგანტრესტის" კომბინატმა და საცხოვრებლად საჩხერეში, ებრაელების უბანში გადავედით.

ეს მაშინ იყო, როდესაც მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და საქართველოდანაც მასობრივად დაიძრა ისრაელის ერი თავის აღთქმულ მიწისკენ ისრაელის სახელმწიფოს გასაძლიერებლად. მაგრამ მაშინ საჩხერის ებრაელთა უბანში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ებრაელები.

უკვე გათხოვილი ვიყავი, ჩვენს ახალ სახლში მივედი სტუმრად. ამბავი დამახვედრეს - იოსკას და სონიას ქალიშვილი ისრაელში გათხოვდა, აქაც აღნიშნავენ და დაპატიჟებულები ვართო.

გამიკვირდა - საჩხერეში უნეფე-უპატარძლო ქორწილს რა აზრი აქვს-მეთქი. მაშინ როგორ წარმოვიდგენდი, თუ იგივე მეც მელოდა 20-30 წლის შემდეგ. და არა მარტო მე - დედამიწის ხუთივე კონტინენტზე ლუკმაპურის საშოვნელად გაფანტულ ასიათასობით ქართველს, მეც, სადღაც, ამერიკაში, თბილისში გამართულ შვილების ქორწილს ლხინით აღვნიშნავდი, მამამთილის და მამაჩემის დაკრძალვას, - ქელეხით, შვილიშვილს კი თვალითაც ვერ ვნახავდი.

აი, ასე ვცხოვრობთ ქართველები ამერიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა თუ თურქეთში და პატარა "საქართველოებს" ვქმნით. მწარე პარალელს ვავლებ ისრაელელებთან. მათაც ხომ გაუგრძელდათ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება, მაგრამ არასოდეს შერევიან და შეთქვეფიან სხვა ერებს, შეინარჩუნეს რჯული და ადათ-წესები. ჩვენ კი ადვილად ვითქვიფებით. აფერუმ, საუკუნეების მანძილზე მსოფლიოში გაფანტულო ებრაელობავ, რომ არც ისრაელის ომს შეუშინდი, არც აყრის სიძნელეს და სამშობლოში დაბრუნდი!

მართალია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩვენთვის უცხოეთში გახსნილია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები და ჩვენი მოძღვრები სულის განწმენდასა და სიძნელეების გადალახვაში გვეხმარებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევთხოვ წმინდა ღვთისმშობელს, ყველა ემიგრანტი დაგვაბრუნოს ჩვენს კურთხეულ მიწაზე.

ქეთინო იაკობიძე, ნიუ-ჯერსი, ამერიკის შეერთებული შტატები.

P.S. ერთსღა ვიტყვით: - ასეთი ტრაგედიების სიმბოლოდაც და იმედადაც ქალბატონი ქეთინოს თბილისელი შვილიშვილის, - დუდუ ირემაშვილის ფოტოს ვბეჭდავთ. რადგან დუდუც და ბებიამისიც ამქვეყნად არსებობენ, ერთმანეთს უნდა იცნობდნენ, - სიცოცხლის კანონი ასეთია!