ვისაც სანთელივით უნდა გავუფრთხილდეთ... - კვირის პალიტრა

ვისაც სანთელივით უნდა გავუფრთხილდეთ...

ვწუხვართ, ქვეყანას მამულიშვილები დააკლდნენო. ერისშვილების  გამოლევა ღმერთმა ნუ ქნას, თუმცა ერთი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, - როცა ერს

მამულიშვილები აკლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი აღმზრდელებიც ცოტანი არიან. დღეს  სკოლებში კარგი პედაგოგების დეფიციტია, გვინდა სახელმწიფო მესვეურებს ვუთხრათ, - მასწავლებლობა ნიჭია და სახელმწიფო ნამდვილ მასწავლებელს სანთელივით უნდა გაუფრთხილდეს.

მასწავლებლები დაჩაგრულები არიან, - მატერიალურად თუ, - შრომის დაუფასებლობით. ამ წერილს მოკრძალებული მადლიერებით ვბეჭდავთ იმათ მიმართ, ვინც ერის სულიერების გასაღვიძებლად ასეთ პირობებშიც იღვწის.

ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მასწავლებლები!

...არდადეგებზე საგარეჯოში, სოფელ მანავში გახლდით. მანავის სკოლაში შემთხვევით მოვხვდი. თვალი დაწყებითი კლასებისკენ გამექცა. გაოცებული ვათვალიერებდი საკლასო ოთახის კედლებს - ყველგან ჩვენი მამულიშვილების ადვილად დასამახსოვრებელი შეგონებები იყო გამოფენილი და ისეთი ფოტოები, პატარას გულში სამშობლოს სიყვარულს რომ გააღვიძებს. მერე პედაგოგებს ველაპარაკე, გავოგნდი, ისეთი სპეტაკი, ეროვნული სულიერი ღირებულებებით იყვნენ სავსენი.

ამან ჩამქრალი იმედი გამიცოცხლა, მივხვდი - ვინც უნდა შეეცადოს ჩვენი მომავალი თაობის გადაჯიშებას, ქართულ გენს ვერაფერს დააკლებენ. ეს პედაგოგები თავიანთ პატარა აღსაზრდელებს ისე მხურვალედ უნერგავენ სამშობლოსა და ერის სიყვარულს, ამ მხურვალებას ვერაფერი გაანელებს.

გეფიცებით, იმ დღიდან ამაყად დავდივარ, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა უფალსა და ამ ადამიანებს. მათი წყალობით საქართველოში ეროვნული სული არ ჩამქრალა და არც არასოდეს ჩაქრება!

თეა სირაძე