გმირის უკანასკნელი მზერა - კვირის პალიტრა

გმირის უკანასკნელი მზერა

თვითმხილველის გახსენება

თურმე სამშობლოს გმირების გაზრდა ყველა დროსა და სიტუაციაში შეუძლია. კომუნისტი ჟიული შარტავა სამშობლოსთვის მოკვდა და სამშობლოსთვის ცოცხლობს, როგორც მაგალითი იმისა, რომ გმირებთან ერთად მათი ქვეყანაც იცოცხლებს.

სოხუმი. 1993 წლის 26 სექტემბრის სუსხიანი საღამო. მისი ატანა არანაკლებ ძნელი გახდა, ვიდრე სოხუმის თავზე ჭურვების გამაყრუებელი გრუხუნი... ღამის წყვდიადში შტაბისაკენ მივემართებით. შტაბის ეზოში გვხვდებიან სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის დაცვის წევრები, ჟურნალისტები, სამედიცინო და სხვა სამსახურების წარმომადგენლები, ჯარისკაცები და ოფიცრები. ყველა დათრგუნვილია. უმაღლესი მთავარსარდალი სამხედრო საბჭოს სხდომას ატარებს, მაგრამ არავინ იცის, კარს მიღმა რა ხდება. საბჭოს, რა თქმა უნდა, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ჟიული შარტავაც ესწრება...

დილის 8 საათზე მთავარსარდლის მეკავშირემ კელასურის სამთავრობო რეზიდენციის შენობის სახურავზე საკონტაქტო ანძა აღმართა და ქვეყნის მეთაურს კრემლთან დაკავშირების კიდევ ერთი შანსი მისცა. მაგრამ კრემლში პასუხისმგებელ პირთაგან აღარავინ იყო, - კრემლმა ჩვენს მთავარსარდალს ზურგი შეაქცია...

ერთი საათის შემდეგ ეზოში გამოდის შევარდნაძე და წასასვლელად ემზადება. გზას ვუღობავთ - რა ხდება? ის მრავალმნიშვნელოვნად გვპასუხობს: - რას ვიზამთ, ომი წავაგეთ, დღეს წავაგებთ, ხვალ მოვიგებთ... შემდეგ სამთავრობო მანქანის ნაცვლად მოძველებულ მანქანაში ჯდება და ისე მიდის, გონს მოსვლას ვერ ვასწრებთ....

10 საათზე რეზიდენციის შენობიდან ჟიული შარტავა გამოდის და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ Hმოგვმართავს: - მე ახლა ვბრუნდები ჩემს სამსახურში, ძალას არავის გატანთ შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ ვისაც გნებავთ და გული გერჩით, იქ წამობრძანდით, სადაც აფხაზეთის ბედი წყდება, ამას ვერ დაგიშლით!

ამბობენ, სამთავრობო რეზიდენციის დატოვებისას შევარდნაძემ ადრესატისთვის გასაგონად ჩაილაპარაკა, - აქ არავინ რჩებაო! სწორედ ამ ფრაზით უნდა მავანს ბრალი დასდოს შევარდნაძეს ჟიული შარტავას გაწირვაში, მაგრამ თქვენმა მონა-მორჩილმა და თვითმხილველმა სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ 27 სექტემბრის საბედისწერო დილას, ვისაც ჟიული შარტავას უზომოდ ტკივილიანი, გაქვავებული სახე და გულის სიღრმიდან სამშობლოს სიყვარულით ამოთქმული სიტყვები ახსოვს, ეჭვის ნატამალიც არ დარჩება...

დღესაც თვალწინ მიდგას უკვდავების გზაზე მიმავალი გმირის შემართება, იმ ქართველ გმირთა მსგავსად, ერის გადასარჩენად ოქროს ურდოსა თუ ირანის შაჰის კარზე, აშკარა სასიკვდილოდ უყოყმანოდ რომ მიდიოდნენ. სწორედ შეგნებით გაიზიარა წინაპართა ხვედრი და მას უკვდავებაში შესასვლელად სხვისი ბიძგი არ დასჭირვებია. ამაზე ფიქრიც კი მკრეხელობაა!

ვინც სოხუმის დაცემა ნახა, დამეთანხმება, რომ ცეცხლმოდებული ქალაქი ნაპირზე გადმოგდებული თევზივით სულს ღაფავდა და მშველელი არსად ჩანდა. გმირად შერაცხილმა ვაჟკაცმა კი ერის ტრაგედია სიცოცხლის ფასად მაშინ გაიზიარა, როცა ომის ცეცხლიდან მასაც სხვასავით უვნებლად გამოსვლა შეეძლო, მაგრამ სარდალთაგან უზენაესი პასუხისმგებლობით აღსავსე და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული მხოლოდ ის აღმოჩნდა...

P.S. სოხუმის დაცემის დღეებში, თქვენს მონა-მორჩილს შესაძლებლობა ჰქონდა, ბატონი ჟიული შარტავას უკანასკნელი მზერა ფირზე აღმებეჭდა. აჰა, ის მზერაც...

დიმიტრი მუხაშვილი