უცხოურს დახარბებულები - კვირის პალიტრა

უცხოურს დახარბებულები

ისე ჩანს, თითქოს დრომ ბევრი რამ გააიოლა, მათ შორის, კვების პრობლემაც. დიდ ქალაქებში, სადაც უნდა გაიხედო, ყველას სახელდახელოდ გამომცხვარი ცომეულობა უჭირავს ხელში და "გადარბენით" მიირთმევს, ან სოკოებივით ამოსულ კვების ობიექტებში შევრბივართ და რამდენიმე წუთში დანაყრებული გამოვრბივართ.

შიმშილს სასწრაფოდ ვშველით, მაგრამ ორგანიზმს? მას, თურმე, ვღუპავთ, განსაკუთრებით, მოზარდებისას!

ვინც ამაზე არ დაფიქრებულა, ეგებ კვების დარგის ცნობილი სპეციალისტის წერილმა დააფიქროს...

ყველას მოგვისმენია, რა აღფრთოვანებულნი ლაპარაკობენ "დედიკოები" - თუ რამდენი "ჰამბურგერი" ან "ჰოთდოგი" "დაანელა" მისმა შვილიკომ, რომელიც სიმსუქნის გამო ძლივს სუნთქავს. ასეთი დედების გულის გასახარელი კვების ობიექტები ამერიკიდან გადმოღებული ინდუსტრიის ნაყოფი გახლავთ. ამ დროს, ამერიკაში, რომელმაც ეს "უაღრესად მოსახერხებელი" კვების ობიექტები "აღმართა", უკვე გამწარებული იბრძვიან სწრაფი კვების ობიექტების წინააღმდეგ.

რატომ? იქ დღეისათვის 50 მილიონამდე ადამიანს ჭარბი წონის პრობლემა აქვს... ამერიკელმა სწავლულმა მორგან სპარლოკმა დიდი ფული დახარჯა მაკდონალდსების წინააღმდეგ ფილმის გადასაღებად. ამ ფილმმა მსოფლიო მოიარა და შეაშფოთა - აღმოჩნდა, რომ "სწრაფი კვებისას" ადამიანი ჭამს საჭიროზე ორ-სამჯერ მეტს, რადგან დანაყრებას გვიან გრძნობს. ნელი ჭამისას დანაყრების შეგრძნება 20 წუთში ჩნდება. სწორედ ამ დროის განმავლობაში გადადის სისხლში სასარგებლო ნივთიერებები და ადამიანი მცირე საკვებითაც კმაყოფილდება.

"სწრაფი კვების" დროს სასარგებლო ნივთიერებები გვიან გადადის სისხლში და შიმშილის მოკვლას ან საერთოდ ვერ ვიგებთ, ანდა ძალზე გვიან და იმდენს ვჭამთ, კუჭი ფართოვდება, იბერება და იზრდება. ამასთანავე, "ამერიკული კვების" სახელდახელოდ, არაჯანსაღი პროდუქტებით დამზადებულ საკვებს, როგორც გაირკვა, 30 დაავადების გამოწვევა შეუძლია.

ისედაც მცირერიცხოვანი ქართველები, სამწუხაროდ, ჩვენს სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით, თორემ ჩვენი უნიკალური ეროვნული სამზარეულოს პატრონები ამერიკულს როგორ უნდა დავხარბდეთ.

მთლად ინდოჩინეთს არ ვეჯიბრებით სოიისა და ბრინჯის კერძების ჭამაში, თორემ იცოცხლეთ, საქმე აგვეწყობოდა. ისე, ამის მცდელობაც გვაქვს: ბოლო დროს "სამარხვო" სოიის კერძები ფრიად პოპულარული ხდება, ჩინური რესტორნები კი მაკდონალდსებივით მოედო ქალაქებს. არადა, სწორედ უხვმოსავლიანმა სოიამ (და ბრინჯმა, რომელიც იქ "მეორე პურია") დატოვა ინდოჩინელები ტანმორჩილნი. ეს თვითონაც მშვენივრად იციან, მაგრამ სხვა რა გზა აქვთ, - მათთვის ესთეტიკას მაინც გადარჩენის ფაქტორმა სძლია.

და მაინც, არ გვინდა დავიჯეროთ, რომ საბოლოოდ ქართველებმა საცივი და ხაჭაპური, რძიანი სულუგუნი გაშეშებულ-გამომშრალი შვეიცარიული ყველის ჰამბურგერს ამჯობინონ. ეს ის "საცივი", "ხაჭაპური" და მხალეულია, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე შვიდი საუკუნის წინ დასტურდება საქართველოში და მსოფლიოში ალბათ ყველაზე ჭკვიანი იაპონელები ანდამატივით მიიზიდა.

დიახ, იაპონიაში ქართულ კერძებს ამზადებენ და მალე დაითავისებენ კიდეც, ქართველებმა ამ საკითხს ყურადღება თუ არ მივაქციეთ. ისე, იაპონელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 79 წელს მიაღწია და ამჟამად მათი "პრობლემა" 100 წელს გადაცილებულ პირთა სიჭარბეა.

გიორგი ლობჟანიძე