მოდი, ავუშენოთ ამ კაცს სახლი! - კვირის პალიტრა

მოდი, ავუშენოთ ამ კაცს სახლი!

უცნაური ხალხი ვართ ქართველები, - უცხოეთიდან, მუზეუმები თუ მოვიარეთ, აღტაცებულები ჩამოვდივართ, ეს რა ვნახეთო! აქ კი მუზეუმებს ჩვენ ხომ არ ვეკარებით, უცხოელებსაც არ ვაკარებთ, - სხვაგვარად გვინდა გავაოცოთ. ასეთ სიტუაციაში ახალი მუზეუმების აშენება აქტუალური თემა როგორღა გახდება! რა გამოდის? არადა, არავისზე ნაკლები ჩვენ არ ვართ, არც გენიოსები გვყავს სხვებზე ნაკლები, უბრალოდ, დაფასება უნდათ!

სარწმუნო წყაროებით ვიცი, გადაწყვეტილება მიუღიათ, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ნიკო ფიროსმანაშვილის სიმბოლური საფლავი მოაწყონ. ნეტა, ვის მოუვიდა აზრად ეს თავის მოტყუება. ფიროსმანის სხეულის რომელი ნაწილი, ნივთი ან ნახატი იქნება იქ დასაფლავებული? თუ მთაწმინდაზე დალია სული და ობელისკს ვუდგამთ? გენიოს მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილს სიღარიბეში ამოხდა სული!

ბევრ რესტორანს, სკვერს, ქუჩას, ნივთსაც კი ჰქვია ფიროსმანის სახელი, რადგან ამ გენიოსმა რამდენადაც ღარიბი იყო, იმდენად მდიდარი და საინტერესო ცხოვრების პალიტრა დაგვიტოვა.

ქართულ საგალობლებსა და სიმღერებს თუ არ ჩავთვლით, ქვეყნის გარეთ ყველაზე მეტად ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას შეუძლია დაიმკვიდროს საპატიო ადგილი მსოფლიო საგანძურში. ნიკოს მხატვრობას უცხოელები რომ ეცნობიან, მერე ეძებენ რუკაზე საქართველოს. უცხოეთში გაგვაქვს ფიროსმანის საუკეთესო ნამუშევრები, სამაგიეროდ კი აქ გამოსაფენად მსოფლიოს ცნობილი მხატვრების "მეორადი" ნამუშევრები ჩამოგვაქვს და არა ორიგინალები.

კარგია ქვეყნის კულტურის ჩვენება საზღვარგარეთ, ჩვენც გვსიამოვნებს დიდებულ შენობებში ლამაზად გამოფენილი ჩვენი ერის საგანძურის ჭვრეტა, მაგრამ ის გვავიწყდება, რომ სამშობლოში ასევე ლამაზად ვაჩვენოთ ჩვენი საგანძური ხალხს. უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ჯერ კერძებითა და ღვინით ვაბრუებთ, მერე ძეგლების სიძველით მოგვაქვს თავი, მუზეუმებით თუ დაინტერესდებიან, რას ნახავენ? ჩვენ თანამედროვე საგამოფენო დარბაზებით სიღარიბეს განვიცდით.

არადა, ყველა ქვეყანა ცდილობს, უცხოს რაც შეუძლია მიმზიდველად, თანამედროვედ წარუდგინოს თავისი განძი. სამარცხვინოა, რომ კომუნისტების დროიდან მოყოლებული, ჩვენში სპეციალურად მუზეუმებისთვის შენობა არ აშენებულა, მათ მხოლოდ გამონაცვალი შენობები ეთმობა. გამონაკლისი მხოლოდ ფიროსმანის მუზეუმია მირზაანში.

ძველი თბილისის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, იქნებ მოინახოს ადგილი ფიროსმანის მუზეუმისთვის, მსოფლიოს რუკაზე გაჩნდეს წერტილი ხელოვნების მოყვარული ტურისტებისთვის, ისე, როგორც ამსტერდამში რემბრანდტისა და ვან გოგის მუზეუმებია, პარიზში - პიკასოს, ბარსელონაში - მიროს, ნიცაში - შაგალის, ლეჟეს... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

ნიკოს მუზეუმი გაამდიდრებს ქალაქს, ხალხი დასაქმდება და რაც მთავარია, ამ დიდი მხატვრის ყველა სურათი გამოფენილი იქნება და არა დამალული, დახურულ ფონდებში ჩაკეტილი.

ნიკოს სურათებს სივრცე უნდა, ბოლოს და ბოლოს, ნიკო ფიროსმანაშვილს უნდა ეღირსოს თავისი სახლი, რომელიც მისი სიმდიდრეც იქნება და უკვდავებაც.

2012 წელს სრულდება ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წელი, ხოლო 2018 წელს გარდაცვალებიდან 100 წელიწადი. აღარ დადგა დრო, რომ ამაო საუბრებს, რომლებიც 90 წელიწადია ისმის, ფიროსმანის მუზეუმის შექმნაზე, ბოლო მოეღოს და ამ გენიოს კაცს თავისი შესაფერისი სახლი მართლა ავუშენოთ?!

გოგი ჩაგელიშვილი