როდის ამწვანდება იაღლუჯის მთები? - კვირის პალიტრა

როდის ამწვანდება იაღლუჯის მთები?

სკოლის მოსწავლე ვიყავი, ქალაქ რუსთავის გაზეთში პატარა სტატია რომ დავბეჭდე - ქალაქ რუსთავის გვერდით, იაღლუჯის მთების მოშიშვლებულ ფერდობებზე მარადმწვანე მცენარეები დავრგოთ-მეთქი.

მის შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა, მაგრამ იაღლუჯის მთების ფერდობების გამწვანებაზე არავის უფიქრია. არადა, როცა ძლიერთა ამა ქვეყნისათა სურთ, უამრავი რამ კეთდება. ამ გადატრუსული იაღლუჯის მთის ძირში აიგო "მომსახურების სააგენტოს" დიდებული შენობა შესანიშნავი მომსახურებით, იქვე, კარგა დიდ ფართობზეა ამიერკავკასიის ავტომანქანების ცენტრალური ბაზრობა... მაგრამ განა ყოველივე ეს საკმარისია ადამიანურად ცხოვრებისთვის? კარგია ავტომანქანა, მაგრამ ის იმ გარემოს ვერ შექმნის, სადაც ადამიანი თავისუფლად სუნთქავს, მისი ყურებით ტკბება და სიცოცხლეს იხანგრძლივებს.

ვფიქრობ, იაღლუჯის მთის ძირას ამ ობიექტების დამაარსებლებს, თუ ქვეყნისთვის სიკეთე უნდოდათ, უპირველესად გამწვანებაზე უნდა ეფიქრათ. სხვათა შორის, შეუძლებელი არაფერია - ერთ დროს ლისის ტბის შემოგარენიც დაახლოებით ასეთივე ხრიოკი იყო, მაგრამ ავადსახსენებელმა კომუნისტებმა მოინდომეს და ხელოვნური განაშენიანებით ბაღნარად აქციეს.

თქვენ რას იტყვით?

მიხეილ მუმლაძე