მან მყინვარწვერი უნდა დაიპყროს - კვირის პალიტრა

მან მყინვარწვერი უნდა დაიპყროს

როცა გავიგე, უსინათლო დავით ყვირილიანი მყინვარწვერის დაპყრობას აპირებსო, გავოგნდი. არ მეგონა თუ რამე გამაოცებდა. ემოციით აღსავსე ვარ. ეს მხოლოდ უსინათლოების გამარჯვება არ არის - მთელი საქართველოს გამარჯვებაა.

მე მამა მყავს უსინათლო და ისიც ასეთი შეუპოვარია, გულგატეხილი არასოდეს მინახავს, ერთი წუთითაც არ ჩერდება უსაქმოდ. ვენახსაც კი უვლის, ყოველ ვაზთან იჩოქებს და ელოლიავება. ასეთ შეუპოვრობას ვუსურვებ დათოსაც. მჯერა, რომ შეძლებს და მწვერვალს დაიპყრობს.

ძვირფასო რედაქცია, იქნებ დათოს შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ.

ნათია კუჭუხიძე

დიდი ტკივილი გადაიტანა მისმა ქვეყანამ. თვითონაც... ის საქართველოს მოდელია თითქოს - ყველა ტკივილი, დაბრკოლება, სიძნელე, ომი, რაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ვიწვნიეთ, ზურგზე აჰკიდა ცხოვრებამ. 8 წლისამ ჯერ მზე დაკარგა, მერე საკუთარი სახლი, მიწა და ზღვა, ბოლოს კი ერთადერთი ადამიანი - დედა... და დარჩა მარტო - უსინათლო სამყაროში ნათელი შეგრძნებებით და მზისგვარი ენერგიით.

მან მყინვარწვერი უნდა დაიპყროს, რათა სხვებს დაანახოს, რომ უსინათლოებს ყველაფერი შეუძლიათ. მასზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი უნდა გადაიღონ.

დევნილმა დათო ყვირილიანმა ჯერ უსინათლოთა სკოლა დაამთავრა, შემდეგ - სოხუმის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

მერე, ცხოვრებისგან დამარტოებულმა სიყვარულით შეივსო ყოფა, შეიყვარა და თავი შეაყვარა გოგონას, რომელთანაც ოჯახის შექმნას აპირებს, თუმცა... ჯერ საცხოვრებლის პრობლემა უნდა მოაგვაროს. დათო არასდროს ნებდება ბედს, გამუდმებით იბრძვის და მიილტვის უკეთესი აწმყოსაკენ. აფხაზეთის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა, სულ რაღაც 156 ლარი აქვს ხელფასი, მაგრამ მერე რა?! მთავარია, საქმე აქვს და ოპტიმიზმით არის სავსე!

გია ჯვარშეიშვილთან დამეგობრების შემდეგ გაჩნდა იდეა, დაელაშქრა მყინვარწვერი და თან ფილმი შეექმნათ ამ უნიკალურ შემთხვევაზე. უნიკალურია, აბა, რა! ამიერკავკასიაში პირველი, სამყაროში კი მეცხრე მცდელობაა, როდესაც უსინათლო ადამიანი ყველაზე მაღალი და რთული გზის გავლას აპირებს!...

გიამ ახალგაცნობილ დათოს ჰკითხა: - ყველაზე მეტად რა გინდა?

დათომ უპასუხა: - მყინვარწვერის დალაშქვრა. იქ პატარა სამლოცველოა, ვოცნებობ, ავაღწიო და მოვილოცოო. იდეაც დაიბადა... 19 ოქტომბერს დათო ყვირილიანი ალპინისტებსა და გია ჯვარშეიშვილის გადამღებ ჯგუფთან ერთად მწვერვალის დასალაშქრად მიემართება.

დათოს შემართებას განსაკუთრებული მოტივაციაც აქვს - ყველაზე რთულად სავალ გზას საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად შეეჭიდა. და კიდევ, დათოს სურს, დაარღვიოს დამკვიდრებული სტერეოტიპი უსინათლოთა შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ.

ის ამას შეძლებს! დარწმუნებულია! 5047- მეტრიან მწვერვალს სათავეში მოექცევა, მზესაც მიუახლოვდება, ნაოცნებარ სალოცავში "მამაო ჩვენოს" წარმოთქვამს და...

ზღვა ემოციას მერე გამიზიარებს, როდესაც "ციდან" "ხმელეთზე" დაბრუნდება.

P.S. - რას ხედავ, დათო? - ვეკითხები მოულოდნელად საუბრის დასასრულს.

- ყველაფერს! - მპასუხობს სითბოჩაღვრილი ღიმილით...