"გულში მჭირს, გულში!.." - კვირის პალიტრა

"გულში მჭირს, გულში!.."

სამწუხაროდ, ყოველივე უცხოურისადმი ლტოლვა-სიყვარული იმდენად გვაქვს გამჯდარი, ჩვენსას ვერაფერს (არაფერს) ვაფასებთ, მათ შორის, არც საკუთარ თავს. ნუთუ ქართველები მართლა ასეთი უდარდელები ვართ?

პატივცემულო რედაქციავ, უსათუოდ უნდა გითხრათ, აჭარიდან რა სატკივარიც გამომყვა. ვაჟასი არ იყოს, "გულში მჭირს, გულში!.." ამ ზაფხულს ქობულეთში ვისვენებდი, სადაც გაიხედავდი, ყველგან ჩვენი მეზობელი და მეგობარი სომხეთის მოქალაქეებს ჰქონდათ დათმობილი ასპარეზი. სომხურით შეცვლილ ქართულ წარწერებზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ, ირგვლივ სომხეთის მოქალაქეებს ბიზნესი გაეჩაღებინათ.

მერე, რაო? იტყვით თქვენ. რა და, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ, გარწმუნებთ, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ადგილობრივი ბიზნესის თუ წარმოების დათრგუნვა უცხოურის ხარჯზე. ქობულეთში კი, მაგალითად, ნაყინს  ყიდდნენ სომეხი მოქალაქეები და ჩვენი მენაყინეები უქმად იდგნენ. ხოლო უცხოელ სომხებს  მაცივარიც და ნაყინიც სომხეთიდან ჰქონდათ ჩამოტანილი, შესაბამისად, მაცივარს წარწერაც სომხური ჰქონდა. ქალაქში გახსნილი იყო სომხური წარმოების ცემენტის სარეალიზაციო მაღაზიები (რამდენადაც ცნობილია, მათი ცემენტი უხარისხოა), რომლებიც ჩვენი ცემენტის ხარჯზე წარმატებით ვაჭრობდნენ.

ბათუმიდან ქობულეთამდე მე და ჩემმა მეგობარმა ტაქსით ვიმგზავრეთ, ტაქსის მძღოლმა, სამი შვილის მამამ, - პურის ფულს ძლივს ვშოულობ, რადგან სომხეთიდან ჩამოსული ე.წ. ტურისტები კი არ ისვენებენ, ტაქსის აღმნიშვნელი ტრაფარეტები გაუკეთეს თავიანთ ავტომობილებს,  ტაქსაობენ და კლიენტები დაგვაკარგვინესო.

რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაღაზიებსა თუ კაფეებზე გამქრალი ქართული წარწერების ნაცვლად გაჩენილი სომხური ტრაფარეტები ხომ საერთოდ "გულს ახარებდა". წამოსვლისას კი ქობულეთის რკინიგზის სადგურში ორი სალაროდან ერთში საერთოდ არ მიმიშვეს, - მხოლოდ სომხეთიდან ჩამოსულებს ვემსახურებითო, ოდესღაც ამერიკაში შავკანიანებს თეთრკანიანებთან ერთად მგზავრობა რომ არ შეეძლოთ, ის გამახსენდა.

ჩვენი ეკონომიკის მამები კი ჩამოსულთა რაოდენობას ითვლიან და უხარიათ, ბევრი ტურისტი ჩამოვიდაო, მაგრამ ფული რომ სომხეთში წავიდა, რატომღაც ამას ვერ იგებენ თუ არ უნდათ გაიგონ, ვერ ვხვდები. თუმცა ფულზე მეტად (შეიძლება ტრადიციულად ამაზე ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა სომხებმა დამცინონ), ქართველი კაცის ღირსება რომ ილახება, გულს ის მიგლეჯს...

გულისტკივილით, დავით ებანოიძე