"სამშობლოში სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო..." - კვირის პალიტრა

"სამშობლოში სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო..."

ჩვენო მკითხველო, თქვენც ხომ ჩვენთან ერთად გესმით, როგორ ეხვეწება ჩვენი პრეზიდენტი ემიგრანტებს, ჩამოდით, შვილებიც ჩამოიყვანეთ, ყველანი გვჭირდებითო! აჰა, ჩამოდიან და მერე, რა?!

პატივცემულო რედაქციავ, ძალიან გთხოვთ, გაგვაგებინოთ, რას გვერჩიან პარლამენტარები ემიგრანტებს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ასეთი არაადამიანური კანონი მიიღეს! თქვენ ხომ მაინც იცით, რომ საქართველოს მცხოვრებთა ნახევარზე მეტი საზღვარგარეთაა და აქ ნაშოვნი ფულით ინახავენ ოჯახებსა და ნათესავებს.

სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა საქართველოში რომ სიმშვიდეა (რომლითაც ძალიან ტრაბახობს ჩვენი პრეზიდენტი), თორემ ადვილი მისახვედრია, რა მოხდებოდა, ეს ხალხი საქართველოში უმუშევრად რომ იყოს და მათ ნათესავებსაც შიმშილით სძვრებოდეთ სული! ბევრი მათგანი უცხოეთში ნაჯაფარით ახერხებს ქველმოქმედებას საქართველოს საკეთილდღეოდ.

მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ავტომანქანების ყიდვისა და მოძრაობის უფლება გვაქვს,  ავტომანქანის მფლობელთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბატონი ვანო მერაბიშვილის ძალისხმევით ევროკავშირში ხელი მოეწერა კანონს, რომლითაც ქართული მართვის მოწმობებით შეგვიძლია დაუბრკოლებლად მოძრაობა. ასე რომ, ამ ხალხის ნახევარზე მეტი ზაფხულობით თუ საახალწლოდ თავისი საზღვარგარეთულნომრიანი მანქანებით ჩამოდის საქართველოში და ეს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.

მოკლედ, მეც გამოვიარე საბერძნეთ-თურქეთის 2300 კმ-იანი დამქანცველი გზა და ბერძნულნომრიანი მანქანით მოვადექი სარფის საბაჟოს, რომლის კულტურული და ზრდილობიანი მომსახურებით აღფრთოვანებული დავრჩებოდი, შირმა რომ არ ყოფილიყო - გაგვაფრთხილეს, ქართველებს საბერძნეთისნომრიანი მანქანებით მხოლოდ 20 (ოცი!) დღით გაქვთ საქართველოში გაჩერების უფლებაო, ჩვენთან ერთად მყოფ ბერძნებს კი უთხრეს, - შეგიძლიათ თქვენი მანქანებით საქართველოში 65 დღე გაჩერდეთო. მერე გვითხრეს, - მიბრძანდით რეგიონულ საბაჟოზე და მანქანა დროებით შემოყვანის რეჟიმში აიყვანეთო.

მოკლედ, წავედი ქუთაისის საბაჟოზე, იქიდან რაღაც ფირმაში, სადაც საბუთები შემივსეს, მანქანის საიდენტიფიკაციო კოდი შემიმოწმეს და 150 ლარი გადამახდევინეს. მერე ბანკში წავედი, სადაც ანგარიშზე 1.512 ლარი საგარანტიო დავდე და ამ საგარანტიო ფურცლით მოვედი საბაჟოზე.

იქ საიდენტიფიკაციო კოდში ერთი გამოტოვებული ციფრი აღმომიჩინეს  და 200 ლარით დამაჯარიმეს(!), 46 ლარი კი სამშობლოში ერთი თვით გაჩერების უფლებაში გადავიხადე. სამწუხაროდ, უკან წასვლა 10 დღეში მომიხდა და კიდევ კარგი, საგარანტიო 1.512 ლარი უკან დამიბრუნეს. საბოლოოდ, სამშობლოში, ჩემს სახლში ყოფნა 546 ლარი და 4 დღე ქუთაისში სირბილად დამიჯდა. თუ ასე არ მოვიქცეოდი, ყოველ გადაცილებულ დღეზე 100 (ასი) ლარი ჯარიმა უნდა გადამეხადა.

ახლა თქვენ მითხარით, რას ჰგავს ეს? ვერ მეტყვით, ხომ?

დავით ებანოიძე