”დაგვიბრუნეთ მატარებელი”
14-09-2009
”პატივცემულო რედაქციავ, აფხაზეთის ყოფილი ჟურნალისტი თქვენი მუდმივი მკითხველი გწერთ. გმადლობთ, რომ გულს მიხარებთ. მხოლოდ ჩემს კი არა, წყალტუბოში ჩასახლებულ ყველა დევნილის სათხოვარს მოგახსენებთ. წყალტუბო ღვთის ანაბარადაა მიტოვებული, მაგრამ ვითმენთ.
ერთ-ერთი გაუსაძლისი მაინც ჩვენი გადაადგილების პრობლემაა. ადრე, როცა წყალტუბოში უებარი წყლების კურორტი მოქმედებდა, საქართველოს ქალაქებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რუსეთიდანაც დადიოდა წყალტუბოში მატარებელი. ქვეყანა როცა დაიქცა, ორი ვაგონი წყალტუბოს მაინც ჰქონდა. ეს ორი ვაგონი ქუთაისის მატარებლების შემადგენლობას ებმებოდა და თბილისამდე ჩაჰყავდა წყალტუბოელები.
ახლა არც ერთი ვაგონი აღარ არსებობს. შეიძლება ღამის პირველ საათზე ჩახვიდე ქუთაისში და თბილისის მატარებელს გაჰყვე, მაგრამ შუაღამისას ქუთაისში რით უნდა ჩავიდეთ?! თბილისამდე წასასვლელი ”მარშრუტკები” არის, მაგრამ დევნილის ჯიბე ყოველ კვირას 25-20 ლარის გადახდას გაუძლებს? არადა, ხალხი აქ თბილისში და სხვა ქალაქებში სიარულითა და წვრილმანი
ვაჭრობით ირჩენს თავს. გთხოვთ დაგვეხმაროთ და ჩვენი სახელით სთხოვოთ შპს ”საქართველოს რკინიგზას”, ერთი ვაგონი მაინც დაგვიბრუნოს. ლტოლვილებს ხომ მხოლოდ ღამის მატარებელზე გვაქვს მგზავრობის შეღავათი.
პატივისცემით, ავთანდილ კუპრეიშვილი,
აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი, წყალტუბოს
სანატორიუმ ”საქართველოს” ხიზანი”

ძალზე შეგვაწუხა იმ ადამიანების ბედმა, რომლებსაც თითქმის ოცი წელიწადია, ადამიანური ცხოვრება არ ღირსებიათ. ”საქართველოს რკინიგზას” დავუკავშირდით და სათქმელიც ვუთხარით, - ნუთუ წყალტუბოს ღამის მატარებელზე ვაგონების მოხსნა, საქართველოს რკინიგზას, იმდენ მოგებას აძლევდა, რომ ამ ხალხის ცხოვრების გართულება ღირდაო? როგორც რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის სამსახურის უფროსმა, ბატონმა თემურ გულიამ გვითხრა, ჯერჯერობით წყალტუბოში დაბინავებულებს შეუძლიათ ისარგებლონ ”ელექტრიჩკით”, რომელიც დღის საათებში მათ ქუთაისში ჩაიყვანს... იმედი გვაქვს, რომ ”საქართველოს რკინიგზა” აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებს პრობლემებს მოუგვარებს და იმას გააკეთებს, რაც ყველას გვევალება - მათი ფეხზე დაყენება... მომავალი აფხაზეთისთვის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?