რამდენი წლის გამოდის ჭიათურის თეატრი? - კვირის პალიტრა

რამდენი წლის გამოდის ჭიათურის თეატრი?

”გწერთ კაცი, ვინც ქართული კულტურისა და ხელოვნების სიყვარულით იცხოვრა. ხშირად გვითქვამს, - ჩვენი შემნახავი და გადამრჩენელი ჩვენივე ხელოვნებააო. ამიტომაც მაშფოთებს, რომ ხელოვნების ბევრ დარგს ვეღარ ვპატრონობთ, მათ შორის თეატრს... არადა, მანაც შეუწყო ხელი ჩვენი ერის სულიერების გადარჩენას.

დღეს ბევრმა არ იცის, ქართული თეატრის სცენაზე დიდი მწერლებიც თამაშობდნენ უბრალო როლებს, მაგალითად, ალექსანდრე ყაზბეგი და არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში. იმის ნიშნად, რომ თეატრის გარშემო შემოკრებილი იყო მოაზროვნე ნაწილი ერისა და მას დიდი ისტორია აქვს, 1937 წელს გადაღებულ ძალზე საინტერესო ფოტოს გიგზავნით.

ამ ფოტოზე მთელი ჭიათურის თეატრი და იმერეთის ინტელექტუალური ელიტაა გამოსახული: თამარ აბაშიძე, ნატალია სიხარულიძე, გიორგი ნუცუბიძე, გრიგოლ ტყაბლაძე, დიდი ეროვნული მოღვაწე შალვა დადიანი. ეს უკანასკნელი ჭიათურას თეატრის 80 წლის იუბილეზე სწვევია. მაშ, რამდენი წლის გამოდის ჭიათურის თეატრი? 152-ის! აი, რა დროიდან გვქონდა თეატრები რაიონებში. ვფიქრობ, ახლა არანაკლებ საჭიროა ეს კულტურული დაწესებულება, ვიდრე მაშინ - მგონი, ახლა უფრო გვაქვს გადასარჩენი ეროვნული სულიერება.

რევაზ ტყემალაძე, საქართველოს დამსახურებული მშენებელი,

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი”