თვალში ნაცარი? - კვირის პალიტრა

თვალში ნაცარი?

პატივცემულო ”კვირის პალიტრავ”, უმადურობაში ნუ ჩამომართმევთ, რასაც გწერთ, მაგრამ ჩვენი გულისტკივილი ვიღაცას ხომ უნდა გავუზიაროთ. კიდევ კარგი, თქვენ მაინც გვყავხართ გულშემატკივრად..

მე უკვე იმ ასაკის გახლავართ, წამლების გარდა დიდად რომ არაფერი მჭირდება. მაგრამ ჩემისთანა პენსიონერი, საქართველოში, თუ არ ვცდები, მილიონზე მეტია და დარწმუნებული ვარ, მათ გულისტკივილსაც გამოვხატავ. მინდა გთხოვოთ, რომ დიდ სააფთიაქო კომპანიებს ჩვენი სახელით გადასცეთ, რომ თვალში ნაცარს გვაყრიან. გამწარებული შევცქერი ტელევიზორში მათ გამოცხადებულ წამლებზე 10%-იანი ფასდაკლების რეკლამას. ასაკოვნები კი ვართ, მაგრამ ღირსება არ დაგვიკარგავს, რომ პროტესტის გრძნობა აღარ გვქონდეს. თითქმის ყოველდღე ისე აძვირებენ წამალს, რომ წელიწადში 300 და 400%-ით გაძვირება გამოუდით და რომელ ფასდაკლებაზე ლაპარაკობენ?! უბრალო კლოფელინში, 35 თეთრად რომ ვყიდულობდი და ყოველდღე მჭირდება, ახლა ლარსა და 20 თეთრს ვაძლევ, სხვა ძვირიან წამლებზე არაფერს ვიტყვი, გული რომ არ გამისკდეს. ნურც იმას მოგვატყუებენ, რომ ასეთი გაძვირება მათი ბიზნესის ფეხზე დგომას სჭირდება. მათ კარგად იციან, რომ პენსიონერი და ავადმყოფი უწამლოდ ვერ გაძლებს და რა ფასიც უნდა მოსთხოვონ, იყიდის, თუ ვინმე დაეხმარება, რასაკვირველია.

დიდი პატივისცემით, შალვა ნერსესოვი, თბილისი, გლდანი”

P.S. ბატონო შალვა, თქვენს გულისტკივილს სრულად ვიზიარებთ და სათხოვარსაც გისრულებთ. ჩვენ კი უფრო (მათ სინდისის გარდა ვერავინ აიძულებს, ფასები ხალხის შესაძლებლობის შესაბამისად აკონტროლონ), სახელმწიფოს მივმართავთ: სირცხვილია და უგუნურება, როცა ის ხალხი, რომლებმაც ქვეყანა ზურგით მოიტანეს, წამალს ვერ ყიდულობს. მათ თუ ასე ”დაუფასებთ” შრომას, თქვენ როგორ დაგიფასდებათ ხელისუფლებაში ყოფნა.