რატომ მივატოვეთ ჩაი, ბატონებო! - კვირის პალიტრა

რატომ მივატოვეთ ჩაი, ბატონებო!

სამწუხაროდ, ისეთი ჩაი გვაქვს, თავს ვერ მოგაწონებთო, - მოკრძალებით გეტყვის მასპინძელი, თუ ჩაის მოითხოვთ. არადა, ქართულ ჩაის ოდესღაც ბადალი არ ჰყავდა - ავადმყოფსაც არჩენდა. მისი მოვლა-მოყვანით დასაქმებულებზე კი აღარაფერს ვიტყვი...

ეს წერილი ვარლამ ნაჭყებიამ იმ სოფლის სახელით მოგვწერა, რომელსაც ჩაი ამდიდრებდა და პატრონი რომ იყოს, ახლაც შეუძლია გაამდიდროს.

ოცი წელი გავიდა, რაც მეჩაიეობა მივატოვეთ. ალბათ თქვენც გინახავთ, ზოგან გადათხრილი ჩაის პლანტაციები, ზოგან ეკალ-ბარდგადავლილი. არადა, რა ჩაი გვქონდა!

გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ჩვენთან ჩაი წესების მკაცრად დაცვით, ხელით იკრიფებოდა და მისი გადამუშავება მაღალი ტექნოლოგიით წარმოებდა. რის შედეგადაც იღებდნენ უმაღლესი ხარისხის არომატულ "ექსტრას" და "საქართველოს თაიგულს", რომლებიც კონკურენციას უწევდნენ მსოფლიოში ცნობილი მეჩაიეობის ქვეყნების პროდუქციას.

მაგრამ ჩვენ ჩაი მივატოვეთ, იმ ქვეყნებმა კი არა... იქ, სადაც ახლა ძალზე ძვირფასი ჩაი მზადდება, ისევ ხელით კრეფენ. მაგალითად,L ჩინეთი, შრი-ლანკა (ცეილონი), ინდოეთი და იაპონია ჩაის მწვანე ფოთოლს ტექნიკას არ აკარებენ.

ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით არის დიდი ბრიტანეთის კომპანიის კუთვნილი მეჩაიეობის უდიდესი მეურნეობა. 140 ჰექტარზე გაშენებული პლანტაციებიდან 90-100 ათას ტონა მზა პროდუქციას ამზადებენ. ყოველი ტოტიდან მხოლოდ ნაზ ყლორტსა და მის ქვემოთ მხოლოდ ორ ფოთოლს კრეფენ. მკაცრად იცავენ ტექნოლოგიურ პროცესს, ყოველ წუთს აკონტროლებენ შრომის ხარისხსა და მიმდინარეობას. ქვეყანაში კი 35 ათასი ასეთი ჩაის პლანტაციაა, სადაც მილიონზე მეტი კაცია დასაქმებული. აქ პროდუქციის გაზრდაზე არ ფიქრობენ, მთავარი ხარისხია.

ოდესღაც ჩვენც ხომ ასე ვკრეფდით. განა შეიძლება შრომისა და ჩაისადმი ასეთი დამოკიდებულება ჩვენთან დაბრუნდეს? შეიძლება, ხელისუფლება თუ ქვეყნის გულშემატკივარი იქნება. ამისთვის სოფლის მეურნეობაც უნდა გაიხსენონ და მასში იმდენივე ფული ჩადონ, რამდენსაც ხშირად არაფრისმომტან პროექტებში აბანდებენ. მით უფრო, რომ ჩაის პლანტაციები, ავად თუ კარგად, ისევ გვაქვს და ათეული წლები არ სჭირდება მათ დარგვა-გაშენებას.

პირველ რიგში უნდა შეEვინარჩუნოთ არსებული ჩაის პლანტაციები, მოვუაროთ, გავსხლათ, ჩავუტაროთ კულტივაცია, ნიადაგი გავამდიდროთ მინერალური სასუქებითა და ტორფით (რითაც მდიდარია დასავლეთ საქართველო). ჩაის ფაბრიკები აღვჭურვოთ თანამედროვე ტექნოლოგიით, დავუბრუნდეთ ხელით კრეფას, ამით მეჩაიეობის ყველა რაიონში ასეული ათასი კაცი დასაქმდება.

სახელმწიფომ პირველ წელს მეჩაიეობის რაიონებს შეღავათი უნდა მისცეს და ჩაის წარმოება დაბალი გადასახადებით დაბეგროს. შეიძლება პირველ ორ წელიწადს ჩაის წარმოება არ იქნეს მომგებიანი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ უსათუოდ გახდება რენტაბელური დარგი.

განა ნორმალურია, რომ მეჩაიეობის ისეთი შესანიშნავი პირობების მქონე ქვეყანა, რომელსაც 60 ათასი ჰექტარი სრულმოსავლიანი ჩაის პლანტაცია გააჩნია, ჩაის მიმღები, რეალიზატორი და მომხმარებელი არ იყოს?

ერთიც: დასავლეთ საქართველოში ამჟამად ჩაისთან ერთად გაჭირვება სიმინდსაც დაადგა. წლევანდელივით ცხელ ზაფხულს არ ვგულისხმობ - ხალხმა ყური მოჰკრა, თხილს დიდი გასავალი აქვსო და სიმინდის საყანეებში თხილის დარგვა დაიწყო. თხილი კარგია, მაგრამ უგუნურება იქნება, სიმინდიც ხორბალივით გავწიროთ. მეორე მსოფლიო ომზე აღარაფერს ვიტყვი, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გადაარჩინა სიმინდმა შიმშილობას ჩვენი ქვეყანა;

ბოლო გაჭირვების წლები გაიხსენეთ - უპუროდ დარჩენილები სიმინდმა არ გადაგვარჩინა? რატომ უნდა გაგვიხდეს ჩვენი სიმინდი ამერიკის გენმოდიფიცირებული სიმინდით შესაცვლელი? გარდა ამისა, ამ დალოცვილმა თხილმა გლეხებს საძოვრები გამოგვტაცა ხელიდან, პირუტყვი გადაგვაშენებინა, შემოსავალი კი არც იმდენი აქვს, რომ ამად ღირდეს.

აი, ასეა ბატონებო, საქმე.

გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ ხელისუფლებას, სოფელს მოხედონ, დააფინანსონ და შეღავათიანი სესხები მისცენ მეურნეობის იმ დარგებს, რომლებიც ქვეყნის მომძლავრებისთვის და ქართველი კაცის წელში გასამართად არის აუცილებელი. სოფელმა თავისი საქმე იცის, ქვეყნის წინაშე არც აქამდე შეურცხვენია პირი და არც აწი შეირცხვენს.

ვარლამ ნაჭყებია, სოფელი რუხი