"თქვენ ერს დასდეთ ამაგი, ჩემმა წინაპარმა - ჩემს გვარს" - კვირის პალიტრა

"თქვენ ერს დასდეთ ამაგი, ჩემმა წინაპარმა - ჩემს გვარს"

როცა "კვირის პალიტრა" კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით "წინაპართა ხეს" დასაბეჭდად ამზადებდა, ვიცოდით, რომ იგი ქართველი კაცის გულს შეაღებდა - ჩვენთვის

წინაპარი მხოლოდ წარსული არ არის, დღეის საყრდენია და მომავლის იმედი. ამ კავშირმა გადაგვარჩინა. ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი წინაპრებიც რომ ამავეს ფიქრობდნენ, გვინდა ამ წერილით დაგიდასტუროთ.

"უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ, ძვირფასო "კვირის პალიტრავ", ამ დიდებული აზრის განხორციელებისთვის. თქვენ ერს დასდეთ ამაგი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ამ ხის ფესვების შევსებას თავად დაიწყებს და შთამომავლობას გადაულოცავს გასაგრძელებლად - ასე გაიბმება გაუწყვეტელი ჯაჭვი წინაპართა და მომავალ თაობას შორის!

ჩემს გვარს კი ჩემმა წინაპარმა დასდო ამაგი - მან XVIII საუკუნის დასაწყისიდან დაგვიტოვა წინაპართა ხე. იობაძე გახლავართ. ჩვენი გვარის ერთი ნაწილი სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთიდან რაღაც მიზეზის გამო სოფელ ბეგიეთში გადმოსახლებულა. უფროსი თაობისგან გამიგონია, რომ ჩემი წინაპრები ყოველ გიორგობას ურმებს შესაწირავით დატვირთავდნენ და ოფეთში, ჩვენი წინაპრების მიერ ნაშენებ ეკლესიაში მიდიოდნენ სალოცავად.

მათი შედგენილი "წინაპართა ხე" ჩვენ გადმოგვეცა და ჩვენც უსათუოდ უნდა გავაგრძელოთ. ყველა, ვის ხელშიც გადმოდიოდა, მას დიდი რუდუნებით ავსებდა. ზოგან დაბადება-გარდაცვალების თარიღებიც კია შემორჩენილი. ასე რომ, ძვირფასო რედაქციავ, თქვენ დიდებული საქმე გააკეთეთ - თაობებს დაუტოვეთ გამზადებული ხე მომავლისათვის, სადაც წინაპრის შტოზე ამოსული ახალი სიცოცხლე ჩაეწერება.

წარმატებებს და გამრავლებას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილებს, პირადად თქვენ და ჩემს გვარსაც. დაე, მომავალში სრულიად საქართველო ისეთი ფესვმაგარი და მუხლმაგარი ყოფილიყოს, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ.

მაცი იობიძე