"დაგვიბრუნეთ ჩვენი პირუტყვი!" - კვირის პალიტრა

"დაგვიბრუნეთ ჩვენი პირუტყვი!"

ქართველი კაცის (შეგნებულად არ ვამბობთ, მხოლოდ გლეხისო) მარჩენალი, მიწასთან ერთად, პირუტყვი იყო. ამიტომაც ეფერებოდნენ ხარსა და მარჩენალ საქონელს.

დღესაც სოფელში, საწველად მისული ქალი ძროხას ასე ეტყვის  ხოლმე, - "მოვედი, დედაოო". ის ზრდის, ის აჭმევს, ის აყენებს ფეხზე მის შვილებს, მაგრამ გლეხების თხოვნას პოლიცია არაფრად აგდებს, არადა სოფლებში გახშირდა პირუტყვის ქურდობა.

"საგარეჯოს რაიონის სოფელ გორანადან გწერთ. ჩვენი შემოსავალი ძირითადად მესაქონლეობა იყო და მომავალშიც ასე იქნება, თუ პირუტყვი შეგვარჩინეს. მაგრამ ვინ გვარჩენს! ჩვენს მარჩენალ საქონელს მთებს იქით გასაყიდად ერეკებიან. ამას წინათ ერთ ოჯახს 5 სული საქონელი ააცალეს თვალსა და ხელს შუა. საღამოს მენახირემ ნახირი სოფელში უკლებლივ მორეკა, მაგრამ ძროხები შინ მისვლამდე გაქრნენ!

გამწარებული პატრონები კარგა დაბინდებულშიც კი ამაოდ ეძებდნენ თავიანთ პირუტყვს... ასე შარშანდელი თოვლივით განა ერთი და ორი ჩვენი მარჩენალი საქონელი გამქრალა მრავალჯერ ნაცადი ხერხით - ცოდვიანი ხელი პირუტყვს ჯერ სოფელ პალდოსკენ მიერეკება, იქიდან - უჯარმისკენ. ეს გზა მრავალჯერ გამოუყენებიათ ჩვენი სოფლიდან საქონლის გასარეკად, თუმცა ქურდი ჯერ არავის დაუჭერია.

ნუთუ გლეხის დარდი სულ არ აქვს ამ ჩვენს ხელისუფლებას და მის დანიშნულ პოლიციას? რატომ არ უფრთხილდებიან მარჩენალ სოფელს? ასე ქურდისა და მამაძაღლის სათარეშო როგორ გახადეს სოფელი? მსგავსი შემთხვევა ხშირია, დასჯილი დამნაშავე კი არავინ გვინახავს. რატომ უნდა შერჩეს ქურდს ყოველთვის? გარდა ამისა, მშივრები ვრჩებით.

P.S. გამოდის, რომ გლეხის ჭირ-ვარამი ჩალის ფასი გახდა. როგორც შევიტყვეთ, პირუტყვის ქურდობა მთელ კახეთშია გავრცელებული. მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად, კახეთის პოლიციას მივმართავთ, - აბა, რისთვის ხართ, ბატონებო, თუ გლეხს არ უპატრონებთ?