"ორი ჩანთის თრევით არავინ გამდიდრებულა" - კვირის პალიტრა

"ორი ჩანთის თრევით არავინ გამდიდრებულა"

"ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!"

"საბაჟოზე შემოსულ ტურისტებს ღიმილით ხვდებიან და თავიანთ სისხლსა და ხორცს აბუჩად იგდებენ!"

თქვენ არ ვიცი, რას იფიქრებთ, მაგრამ მე ამ წერილის დასაწყისმა ინაუგურაციისას პრეზიდენტის ფიცი გამახსენა. შეიძლება იმიტომ, რომ მჯეროდა, ეს ფიცი შესრულდებოდა. ახლა კი, სამწუხაროდ, ჩვენი ბედკრული თანამემამულეების ფიცისა უფრო მჯერა: "ვფიცავ ჩემს ბედკრულ ქვეყანას, ყოველივე წმინდას, რაც ამ ქვეყანაზე არსებობს, ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, რომ ამ წერილის ყოველი სიტყვა არის სიმართლე და მხოლოდ სიმართლე!"

ორმოცდარვა წლის ქალი გახლავართ. პენსიონერი მეუღლითა და სამი შვილით ვებრძვი ცხოვრებას. ჩემი შვილები იმ ასაკისანი არიან, აუცილებლად, რომ სჭირდებათ მშობლების დახმარება. ამან გადამაწყვეტინა, თურქეთში მევლო სავაჭროდ. საზღვრის ახლოს, ქემალ-ფაშაში, დაახლოებით 300-400 ლარის საქონელს ვყიდულობდი, მეზობლებსა და ახლობლებში ვყიდდი. ასე ვშოულობდი პურის ფულს. მერე განბაჟება შემოიღეს. მეტი რა გზა მქონდა... გროშები კი მრჩებოდა, მაგრამ ან იმ გროშებს ტყუილად ვინ მომცემდა. ერთხელ, საბაჟომდე ორი ჩანთა ძლივს მივათრიე და ოთხსაათიან რიგში ჩავდექი.

როცა კომპიუტერს მივუახლოვდი, პასპორტში ჩახედეს და - თურქეთში თვეში ერთხელ უნდა გადახვიდე, ახლა თვეს სამი დღე გიკლია, ვერ განგიბაჟებთ, ეგ ჩანთები უკანვე წაიღეო. დეკლარაციის ფურცელი მაჩვენეთ, ჩემი უფლებები რომ გავიგო-მეთქი. კიდევ რა გინდაო და - გამოიძახეს ცვლის უფროსი. შემოვიდა გოგონა. გესტაპოელივით იქცეოდა. ხმაც არ ამომაღებინა: რა დეკლარაცია, რის დეკლარაცია, თუ მაგ ჩანთებს არ მოგვაშორებთ, ათასლარიან ჯარიმას გამოგიწერო!

რა უნდა მექნა... სულ ტირილ-ტირილით გავბრუნდი. უკან ჩემს ბედში მყოფნი მომყვებოდნენ. გული მტკიოდა, რომ ჩემს ქვეყანაში ჩემი სისხლი და ხორცი ადამიანად არ მთვლიდა. ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენ გეკითხებით: მე, საქართველოს მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება, ვიკითხო საბაჟოზე ჩემი უფლებები ან რატომ არ არის არსად გამოკრული დეკლარაციის ნიმუშები, როგორც სხვა ქვეყნებშია?

რატომ უნდა გვამცირებდნენ ახალგაზრდა მებაჟეები? ჩვენთან საუბარს არ კადრულობენ, რადგან ფორმა აცვიათ. ამას ასწავლიან გადამზადების ცენტრებში - კატეგორიებად დაყონ ხალხი? შემოსულ ტურისტებს ღიმილით შეხვდნენ და თავიანთი სისხლი და ხორცი აბუჩად აიგდონ?

ენა ვერ იტყვის, რაც ამ ზაფხულს საბაჟოზე ამბავი ტრიალებდა. ჩვენი საცოდავი ბარგი ჯერ კომპიუტერით მოწმდებოდა, მერე უნდა ამოგელაგებინა. ამის შემდეგღა გვიშვებდნენ განსაბაჟებლად. ერთს ვუთხარი, - რას სჩადიხართ, კომპიუტერზე ხომ შეამოწმეთ, ასე სად ამცირებენ ადამიანს-მეთქი. ისე დამიყვირა, აქედან მოშორდი, კურორტი დამთავრდაო, რომ შეურაცხყოფისაგან გული კინაღამ წამივიდა.

საათობით ვიდექით განბაჟების რიგში. არც სკამი, არც წყალი, არც ტუალეტი. ქალებს გული უწუხდათ. სული რომ გაგძრომოდა, წვეთ წყალს არ მოგაწვდიდნენ... მთელი ღამე ხალხის გოდება ისმოდა. ვისაც ფული არ ჰქონდა, გამწარებულები ბარგს ტოვებდნენ. თბილისიდან ჩამოსულები ქუჩაში დარჩნენ. არადა ოჯახის დედები უცხოეთში გაჭირვებას მიჰყავს, თორემ ორი ჩანთით არავინ მდიდრდება.

პრეზიდენტმა ზაფხულში მინისტრებს რომ "ყური აუწია", საბაჟოს მიხედეთო, იმედი მომეცა, პირუტყვებივით აღარ მოგვექცევიან-მეთქი, მაგრამ არაფერი შეცვლილა!

ახლა მინდა მივმართო პრეზიდენტს: - ბატონო პრეზიდენტო, ან თქვენი სიტყვა არ ჭრის, ან გულსგარეთ ლაპარაკობთ და თქვენს ნათქვამს აინუნში არავინ აგდებს;

ამიტომაც თუნდაც ერთი კვირით დასვით საბაჟოზე ის მინისტრი, ვისაც ეს საქმე ეხება. ნახოს, რა მდგომარეობაა და იქნებ მიიღოთ გაჭირვებული ხალხისთვის სასარგებლო კანონი. დამერწმუნეთ, არ ვიმსახურებთ ასეთ მოპყრობას. ჩვენს წვალებას ფასი ხომ უნდა ჰქონდეს. დროულად მოგვხედეთ, თორემ მუდამ კი არ იქნებით ხელისუფლებაში...

სოფიო აბუაშვილი