თბილისის ქუჩებში უპოვრები სოკოებივით მომრავლდნენ - კვირის პალიტრა

თბილისის ქუჩებში უპოვრები სოკოებივით მომრავლდნენ

ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაინახავთ პატარა ბავშვებს, დედებს მუხლებზე რომ ჰყავთ გადაწვენილი

ეს თემა არახალია, თუმცა ნელ-ნელა ისე იდგამს ფესვებს, საღად მოაზროვნე ადამიანები გვარიანად შეშფოთდნენ. ამიტომაც გაგვიმრავლდა რედაქციაში უპოვართა თემაზე შემოსული წერილები. ისინი თბილისის ქუჩებში სოკოებივით ამოდიან. აღარაფერს ვიტყვით მოხუცსა თუ ჯანმაგარ ახალგაზრდებზე, - ახლა უკვე ამ კასტაში ჩვილბავშვიანი დედების ზრდის ტენდენციაა.

ამას წინათ თავისუფლების მოედანზე, მეტროსთან კიბეზე ჩამომჯდარ ქართველ ქალს გადავაწყდი,  ხელში ანგელოზივით ჩვილი ეჭირა, თან ფულს ითხოვდა, თან შვილს ეფერებოდა. რა ვიცი, ალბათ ფიქრობდა, აქ ყოფნას შევუმსუბუქებო. სინამდვილეში კი იმ ყიამეთში, მილეთ ხალხსა და სიბინძურეში კლავდა, - აბა, რა ჯანმრთელობა უნდა შერჩეს უბედურ ბავშვებს, რომლებიც დედებს ქუჩებში ჰყავთ დაყრილი?!

არა, ხელისუფლებას დემოგრაფია არ ადარდებს, - მრავალშვილიან, ქვრივსა და მარტოხელა დედებს დახმარება არ გააჩნიათ, დღეს თბილისის ვერც ერთ ქუჩას (და არა მარტო!) ვერ ჩამოივლი ისე, ათამდე გაფერმკრთალებული, დაავადმყოფებული ბავშვი რომ არ ჰყავდეს დედას მუხლებზე გადაწვენილი. ზოგი სულაც ასფალტზე დაგდებულ ჭუჭყიან "კარდონზე" აძინებს, ზემოდანაც უფრო ჭუჭყიან ძონძებს ახურავს "გასათბობად".

ნეტავი, რას ფიქრობს ამის შემხედვარე ხელისუფლება, ნუთუ მანქანებიდან მაინც არ იხედებიან აქეთ-იქით?! ის ხომ მშვენივრად იციან, რომ მათ მოწონებულ ქვეყნებში ასეთ ბავშვებს მაშინვე გამოართმევენ დედას და ბავშვთა სახლებში მიჰყავთ აღსაზრდელად ან აშვილებენ და მათ აღმზრდელებს ფულს უხდიან.

მათხოვრობის თემა კომპლექსურ გადაწყვეტას მოითხოვს, - ამ საკითხს გაზეთის ფურცლებიდან არაერთხელ შეხებიხართ, მაგრამ მინდა გავიმეორო: არის მათხოვარი, რომელსაც მართლა უჭირს და მასზე მოწყალების გაცემა მადლია, მაგრამ არის მათხოვარი, რომელსაც არაფერი უჭირს და მათხოვრობს, რადგან ამ საქმეში სოლიდური შემოსავალია. გარდა ამისა, მათხოვრების კასტა აქეთ-იქით ამაზრზენ მაგალითებსაც "აფრქვევს", - ამას წინათ ჩემი თვალით ვნახე, როგორ დაარტყა ვაგზლის მოედანზე ვითომ ბრმა მათხოვარმა მეორე მათხოვარს - როგორ გაბედე აქ მოსვლა და შემოსავალში შეცილებაო!

ერთი სიტყვით, რაიმე უნდა ვიღონოთ. ის კი ნამდვილად ვიცი, ამ საკითხის დაყენებისთვის არავინ დამძრახავს, - ეს თემა არა მხოლოდ მე და არა მხოლოდ დღეს, თბილისში ყოველთვის აწუხებდათ. აი, პაოლო იაშვილის "ფერადი ბუშტები":

"თბილისში ბევრი მათხოვარი საზიზღარია. ერთი მათხოვარი ქუდს ისე მიხდის, როგორც ძველი ნაცნობი, შემდეგ ქუჩაში გამოენთება, ჩაგაცივდება, იკლაკნება, როგორც ცხრაფეხა... კიდევ არის მათხოვარი, რომელიც დედას იგინება, თუ ფულს არ მისცემ. თუ ამ დროს მიუბრუნდები, მიხვალ, ფულს აჩუქებ, უცბად გაიცინებს და გეტყვის, "წამომცდაო"... ძვირად შეხვდებით ჩვენს ქუჩებში ორ მათხოვარს ერთად მოლაპარაკეს.  ერთმანეთი სძულთ. ერთმანეთს ემუქრებიან ქუჩებში, "გეზიან" ადგილებს ისევე ირჩევენ, როგორც ვაჭრები დუქნებსა და დარაბებს"...

მიხეილ მუმლაძე