ღმერთმა ქნას, ქართველებს ჭკუა გვესწავლოს - კვირის პალიტრა

ღმერთმა ქნას, ქართველებს ჭკუა გვესწავლოს

კაცობრიობის ისტორია კარგსაც ინახავს და ცუდსაც. ყველა დროში იყო და იქნება "მოხერხებული" ხალხი, რომელიც შეიძლება ამ წერილის "გმირივით" ქვეყნის სათავეშიც მოექცეს...

სულ გახსოვდეთ - ქვეყნის ბედი უღირსების ხელში ყოველთვის შეიძლება მოხვდეს. XIX საუკუნის საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა დიმიტრი მაჩხანელმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე ერის სამსახურს შეალია.. მისი მშვენიერი ლექსები ხალხმა ზეპირად იცოდა. დღემდე მახსოვს: "ნუ შეტრფი ქალწულს, ჭაბუკო, ნუ ამბობ, შემიყვარეო, ჯერ მიჩვენე რამ გმირობა, ქვეყანა გაახარეო, დაჩაგრულ მოძმეს უშველე, სიცოცხლე გაიმწარეო/და მერე შენი მშვენება მალამოდ მოიხმარეო".

დიმიტრი მაჩხანელი ხელმოკლე გახლდათ, ამიტომ წიგნის გამოცემა ვეღარ შეძლო. გასული საუკუნის 30-იან წლებში მისი დაბეჭდვა სხვებმა განიზრახეს. მათ შორის იყო ჩემი სტუდენტი ბიძა ნიკო მოსულიშვილი. მან მაშინდელ პრესაში მოიძია მაჩხანელის ლექსები, სასტამბოდ მოამზადა, მაგრამ უფულობით შეწუხებულმა ახალგაზრდული გულუბრყვილობით გადაწყვიტა, დახმარება საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის ეთხოვა. კიდევ კარგი, დროულად გააფრთხილეს - იქაურობას არ გაეკარო, თორემ ფილიპე მახარაძე მაგ ლექსებიანად გაგაქრობსო. თუ რატომ, ეს მაშინ ბიძაჩემს არავისთვის უთქვამს, მაგრამ მრავალი წლის შემდეგ საიდუმლო თავად გავიგე.

თურმე დიმიტრი მაჩხანელი თავისი ოფლით შეგროვებულ ფულს შეჭირვებულ ქართველობას უნაწილებდა. ერთხელ ფილიპე მახარაძე მისდგომია კარს, - ილია ჭავჭავაძეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ფული სჭირდება და რაც გაქვს, გამატანეო. დიმიტრი, აბა, უარს როგორ ეტყოდა - უკანასკნელი გროში ალალად გაუტანებია, მაგრამ რა ილია, რის ილია. ის ფული ფილიპემ ჯიბეში ისე ჩაიდო, როგორც პაპამისის ნობათი. ერთი სიტყვით, ეს ამბავი დიმიტრიმ ილიას გააგებინა, მანაც საქვეყნოდ გამოაჭენა მატყუარას სახელი და საქმენი...

მერე ფილიპემ მთავრობის მეთაურობა ჩაიგდო ხელში და დიმიტრის წიგნი მზის შუქს როგორღა ნახავდა!

ასეთი და ამგვარი გახლდნენ ბოლშევიკები და ღმერთმა ქნას, ქართველებს ჭკუა გვესწავლოს, რომ ასეთი ხალხი მთავრობამდე არ მივუშვათ!

ნათელა მოსულიშვილი-ცინცაძე