"ოჯახმა შვილის გაჩენის უფლება მომცა..." - მოხეტიალე გოგონა და სიყვარულის ნაყოფი - კვირის პალიტრა

"ოჯახმა შვილის გაჩენის უფლება მომცა..." - მოხეტიალე გოგონა და სიყვარულის ნაყოფი

"კახეთიდან გახლავართ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ხეტიალი. საზღვარგარეთ გამგზავრების შანსი არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს, მაგრამ შემიძლია, საქართველოში ვიხეტიალო. ჰოდა, სად არ ვყოფილვარ, სად აღარ მყავს მეგობრები. არც საქართველოში მოგზაურობაა ნაკლებ ხარჯთან დაკავშირებული, მაგრამ დალოცვილი მობილური ტელეფონის წყალობით ვახერხებ თავის გატანას ანუ წინასწარ ვიჭერ თადარიგს, ტელეფონით ნაცნობებს ვიჩენ. ჰოდა, ზოგი სამეგრელოდან გავიცან-დავიმეგობრე, ზოგი - იმერეთში, რაჭაში, გურიაში, აჭარაში და ა.შ. მერე მათ ჩემთან, კახეთში ვეპატიჟები, ისინი კი თავისთან მიწვევენ. ისე, სიმართლე გითხრათ, ტელეფონით გაცნობილი ადამიანი მხოლოდ ერთხელ მესტუმრა - დუშეთიდან, დანარჩენები კი ასეთი რამისგან თავს იკავებენ (ხომ გესმით, მელაპარაკებიან, მაგრამ მათთვის მაინც უცნობი ვარ და მშობლებს ასე ადვილად ვერ დაითანხმებენ, რომ უცხო ადამიანთან გაუშვან). მე კი, საკმარისი იყო, სიტყვა "ჩამოდი" გამეგონა, მეორე დღეს უკვე ნაცნობ-უცნობის სახლისკენ მივიჩქაროდი. ჰოდა, ასეთი მოგზაურობის წყალობით გავიცანი ადამიანი, რომელმაც გამაუბედურა თუ გამაბედნიერა, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები. ამჯერად მინდა, მის შესახებ გიამბოთ. პატივისცემით, ნატალია, 22 წლის".

გოგონა ტელეფონით დამიკავშირდა. საინტერესო რესპონდენტია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმ მტკივნეულ ამბავზე სალაპარაკოდ დამიკავშირდა, რომელიც სულს უფორიაქებს; სწორედ ამ ტკივილმა გადააწყვეტინა ჩვენთვის გულის გადაშლა... მომავალში კი იმედია, ნატალია არა მარტო თავისი საინტერესო მოგზაურობის შესახებ გვიამბობს, არამედ ფოტოებსაც მოგვაწვდის და თითოეულ კუთხეზე შექმნილ შთაბეჭდილებებსაც გაგვანდობს.

- განათლებული მშობლების შვილი ვარ. ისინი "თანამედროვედ" აზროვნებენ და შვილები ისე გაგვზარდეს, თითქმის არაფერში გვზღუდავდნენ. ამიტომაც ვიყავი ყოველთვის დამოუკიდებელი პიროვნება და არ მიჭირს ადამიანებთან ნაცნობობის გაბმა, ახალგაცნობილებთან საერთო ენის გამონახვა. როგორც გითხარით, ტელეფონით გაცნობილი ბევრი მეგობარი მყავს და მათ შორის ბიჭები ჭარბობენ. არაერთ კუთხეში ვარ ნამყოფი, ახალგაცნობილი ბიჭის ოჯახში. ჰოდა, ყველგან ისე მიღებდნენ, როგორც სასურველ სტუმარს (გამონაკლისების გარდა) და მათგან "დაიკოს" გარდა, სიტყვა არ გამიგონია. მათ იცოდნენ ჩემი გატაცების შესახებ და ისიც, რომ ამა თუ იმ კუთხეზე შექმნილ შთაბეჭდილებებს დღიურში ვწერ. ცდილობდნენ, დადებითი კუთხით დამენახა მათი სოფელი თუ რაიონი. მაქსიმალურ სითბოს მაგრძნობინებდნენ, საკუთარ ოჯახურ ტრადიციებზე მესაუბრებოდნენ, გასართობად დავყავდით და ღირსშესანიშნაობებსაც მიჩვენებდნენ. ხეტიალისთვის ყოველთვის ზაფხულს ვირჩევ - ასეთ დროს სტუმრად ყოფნა კომფორტულია, ზამთარში კი შესაძლოა, უცხოებთან მყოფს საოცარი დისკომფორტის შეგრძნება დაგეუფლოს და ამან ხასიათი გაგიფუჭოს, სიამოვნების მიღების ნაცვლად, დეპრესიაში ჩავარდე. მოგეხსენებათ, ზოგს სახლში აბაზანაც არ აქვს, რომ შხაპი მიიღო. ჩემდა გასაკვირად, ზოგან ისევ დიდ ტაშტში სხდებიან დასაბანად და ეს ხდება XXI საუკუნეში. გარდა შხაპის მიღებისა, კიდევ უამრავი პრობლემა აქვთ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს, მაგრამ ამჯერად ამაზე ვერ ვისაუბრებ.

...

ერთხელ ტელეფონით დავუკავშირდი თბილისელ გოგოს, რომელმაც ჩემი გატაცების შესახებ რომ შეიტყო, შემომთავაზა: ზაფხულში ბებიასთან, რაჭაში მივდივარ და თუ გინდა, წამოდი, სიამოვნებით ვიქნები შენი გიდიო. მოკლედ, მისი წინადადება მივიღე და გავყევი. ეს მოხდა დაახლოებით, 2 წლის წინ.

რაჭა საოცრებაა. განსაკუთრებულად მომეწონა შაორის ტბა, რომელსაც საოცარი შეფერილობა აქვს, უკიდეგანოდ ლამაზია იქაურობა. ასე მგონია, მსგავსი სანახაობა ბევრი გვაქვს ქართველებს და ალბათ ამიტომაც არ ვუფრთხილდებით ამ განძს: ყველგან ნაგავი, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ეყარა და ამან გული მატკინა. შაორი საოცრად ლამაზ ტბად შესაძლოა, იმიტომაც მომეჩვენა, რომ იქ მე და ნათიას ლევანი, ძმაკაცებთან ერთად გვახლდა. ეს ბიჭი დანახვისთანავე მომეწონა.

რაჭველებისგან სითბო ჩასვლისთანავე ვიგრძენი. ნათიას ბებიის მეზობლები ცდილობდნენ, სტუმრისთვის რაც შეიძლება მეტი პატივი ეცათ. საღამოს "ბირჟაზე" რომ გავდიოდით, ყოველთვის იშლებოდა სუფრა: სახლიდან ზოგს რა მოჰქოდა, ზოგს - რა და ღამეს თეთრად ვათენებდით სტუმარ-მასპინძლები, მაგრამ მეორე დღეს დილაუთენია ადგომა მაინც არ გვეზარებოდა. ლამის მთელი რაჭა მომატარეს. ლევანი შაორზე ყოფნისას გამომიტყდა, რომ ძალიან მოვწონდი. მკითხა, - შეყვარებული გყავსო? როცა ვუთხარი, სიყვარულისთვის არ მცალია, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სახეტიალო-მეთქი, - გაეცინა. ცოტა ხან ჩუმად იყო, მერე მითხრა: ბევრ ბიჭს მოსწონხარო? - მათგან ყურადღების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი-მეთქი. - მე რომ შენი შეყვარებული ვიყო, ხეტიალს აგიკრძალავდიო! - რატომ? ერთად ვიხეტიალებდით. ისეთ ადამიანს ვერ შევიყვარებ, ვისაც მოგზაურობა არ ეყვარება-მეთქი. მოკლედ, იქ ყოფნისას "გავეხსენით" ერთმანეთს.

საღამოს, როცა ტრადიციისამებრ, "ბირჟაზე" ვიქეიფეთ, ლევანმა მთხოვა, გავისეირნოთო. დავთანხმი. იმ საღამოს მაკოცა. ბიჭისთვის ნაკოცნი ადრეც მქონდა, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ ვიგრძენი. მივხვდი, ეს ურთიერთობა ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ფლირტია.

მეორე დღეს ნათიას უთხრა: შენი სტუმარი რამდენიმე საათით უნდა მოგტაცოო. თანხმობის მიღების შემდეგ, მანქანაში ჩამსვა და ისევ ტბაზე ამიყვანა. დიდხანს ვილაპარაკეთ. მითხრა, შენზე სერიოზულად ვფიქრობ, ძალიან მომწონხარო. მერე არ ვიცი, რა დამემართა და ეს ყველაფერი როგორ მოხდა, მაგრამ მის მკლავებში აღმოვჩნდი...

შინ დაბრუნებულმა ნათიას ყველაფერი ვუამბე...

- რაჭიდან წამოსვლის დრო რომ დადგა, ლევანმა როგორ გამოგიშვა?

- მითხრა, - თბილისში ხშირად ჩავდივარ და იქ შევხვდეთო. ვიფიქრე, - არ მიმატოვებს, მართლა ვუყვარვარ-მეთქი და იმედიანად დავბრუნდი შინ... მას მერე ლევანი არ მინახავს. ტელეფონით კი ველაპარაკე რამდენჯერმე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ვერაფერი ნუგეშია ჩემთვის ტელეფონით მიღებული დაპირებები, მით უმეტეს, რომ უკვე ზუსტად ვიცი, მატყუებს. ჰოდა, კარგა ხანია, აღარ დამირეკავს...

- მშობლებმა იციან ეს ამბავი?

- მათთვის სიმართლის თქმა არ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან დავორსულდი, რეალობას ვერსად გავექცეოდი, ვერც მუცლის მოშლა გავრისკე. ძალიან შემეშინა მომავლის და იმ სატკივარის, რომელსაც შვილის მკვლელობა მომიტანდა. ჰოდა, გავრისკე, დედას ვუთხარი: რასაც გეტყვი, უნდა მაპატიო ან მომკლა და ჩემთან ერთად, უმწეო პატარაც გაიმეტო. რაჭაში შეყვარებული მყავს, რომლისგანაც ორსულად ვარ. სიმართლეს ვეღარ დავმალავ-მეთქი. დედამ ჩემს ძმას და მამას როგორღაც უთხრა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ და მამას გული წაუვიდა. კაცი შოკში იყო, რამდენიმე თვე დანა პირს არ უხსნიდა. საბოლოოდ ოჯახმა პატარას გაჩენის უფლება მომცა.

დედამ მითხრა, უსინდისო და უპასუხისმგებლო კაცი კარგ მამობას მაინც ვერ გაუწევს და არ უთხრაო... მშობელს დავუჯერე და ლევანმა არ იცის, მისგან პატარა გოგონა რომ მყავს. ლილე მამას ძალიან ჰგავს. გულის სიღრმეში მინდა, ერთმანეთი გაიცნონ და თან - ეს არც მინდა. არ მსურს, შვილის სიყვარული ვინმეს გავუყო, თითქოს ეგოისტად ვიქეცი... მაგრამ იმასაც ვერ დაგიმალავთ, რომ ლევანის გარდა, არავინ ეკარება ჩემს გულს, ვერავინ შევიყვარე. არადა, შვილიანსაც კი მყავს მთხოვნელები. ყველას უარს ვეუბნები. თითოეულ თაყვანისმცემელს ლევანს ვადარებ, მისნაირი სიმპათიური კი ჯერ ვერავინ ვიპოვე.

თქვენც იმიტომ დაგიკავშირდით, რომ გულის რომელიღაც კუნჭულში მაქვს იმედი, ლევანი თუ არა, ნათია ან მისი რომელიმე ნათესავი წაიკითხავს ამ ამბავს და მიხვდებიან, რომელ ნატალიაზეც არის ლაპარაკი და ჩემს საყვარელ ადამიანს ეტყვიან, რომ კახეთში მასზე უზომოდ შეყვარებული გოგონა ცხოვრობს და მის სისხლსა და ხორცს, საოცარ პატარას ზრდის...

ჟურნალი "გზა"