რატომ ვივიწყებთ დიდებულ ადამიანებს?! - კვირის პალიტრა

რატომ ვივიწყებთ დიდებულ ადამიანებს?!

ერი ადამიანივითაა - იბადება, ცოცხლობს და კვდება. ზოგიერთი ჩვენს ერსაც უწინასწარმეტყველებდა სიკვდილს, მაგრამ ამაოდ - რაც მეტს გვებრძვიან, მეტად ვსწავლობთ გადარჩენისთვის ბრძოლას.  სწორედ ეს მახსენდებოდა, როცა ამ წერილს ვკითხულობდი.

ჩემო "კვირის პალიტრავ", რამდენიმე წლის წინ ქალები შევიკრიბეთ, რათა შეძლებისდაგვარად მიგვეხედა წარსულისთვის - ეროვნული გმირების გასახსენებლად დღესასწაულებს ვაწყობთ. გულით გვიხარია, რომ ამ საქმეში უბრალო ადამიანების მხარდაჭერას ვგრძნობთ, ხელისუფლებას კი რა მოგახსენოთ - არ აინტერესებს! ასე იყო დავით სარაჯიშვილის გახსენების დღეზე, 10 ნოემბერს. დავპატიჟეთ ისინიც, ვინც დავით სარაჯიშვილის დანატოვარ სახლებში მხარგაშლილები არიან, მაგრამ ამაოდ. ისევ ჩვენ მივედით ქაშვეთის ეკლესიის ეზოში და ყვავილები მივიტანეთ. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა.

ქედი მოვიხარეთ იმ კაცის ხსოვნის წინაშე, ვინც ჩვენი მეზობელი სომხებისთვის მიყიდული საქართველოს დედაქალაქის მიწების უდიდესი ნაწილი გამოისყიდა და ქართველი ინტელიგენცია გადაარჩინა. სხვათა შორის, ამას წინ უძღოდა ამერიკელი მილიარდერების განცხადებები - ამიერიდან ქველმოქმედებისთვის შემოსავლის ნახევარი გადავდოთო. განა არ ვიცით, რომ ეს საქართველოში შეუძლებელია.

სად აცლის მთავრობა ბიზნესმენებს, იმდენი დააგროვონ, ამ სულისკვეთებით ნახევარი ქველმოქმედებაში ჩადონ, მაგრამ იქნებ ის ბავშვები გაიზარდონ ამ სულისკვეთებით, ვინც რუსთაველის პროსპექტიდან ცნობისმოყვარეობით გვათვალიერებდნენ, როცა ყვავილებს საფლავზე ვაწყობდით. თუ თქვენც მხარს აგვიბამთ და კიდევ ერთხელ შეახსენებთ საქართველოს ამ დიდი ქველმოქმედის სახელს, მადლობელი ვიქნებით.

მედეა თავდიშვილი

KvirisPalitra.Geგული  რას მოგვითმენდა, რომ ქალბატონ მედეას არ დავკავშირებოდით.

- ქალბატონო მედეა, ბევრმა ისიც არ იცის, სად არის დავით სარაჯიშვილის საფლავი.

- არც არის გასამტყუნი. ამ კაცს, რომელმაც უბით ატარა საქართველო, სამი სამარე გამოუცვალეს - ვაკიდან დიდუბეში, დიდუბიდან ქაშვეთის ეკლესიის ეზოში გადაასვენეს. ეს ეკლესია, როგორც არაერთი ულამაზესი სახლი თბილისში, მისი სახსრებით აშენდა. ყველაფერი თავის ერს დაუტოვა. მისი ანდერძი რომ წაიკითხოთ, სიამაყით აივსებით.

დავითი 1848 წელს დაიბადა. ვიცით, რა დღეში იყო მაშინ ჩვენი ქვეყანა. მოვიდა რამდენიმე ერისკაცი და გვარიანად შეაჯანჯღარა ერი ქართველობაში დასაბრუნებლად. დააბრუნეს კიდეც. მათ შორის იყო დავით სარაჯიშვილიც.

მდიდარი ვაჭრის ოჯახში იყო დაბადებული, ამიტომაც განათლების მიღება არ გაუჭირდებოდა - პეტერბურგის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში შევიდა და იქ ფილოსოფიისა და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო. მერე ამასაც არ დასჯერდა და შვიდი წელიწადი გერმანიაში სწავლობდა სოფლის მეურნეობას. იქიდან საფრანგეთში წავიდა სპირტიანი სასმელების წარმოების შესასწავლად. სამი წელიწადი იკვლევდა, რატომ იყო რუსული ალკოჰოლიანი სასმელები უხარისხო.

მიხვდა - მოძველებული ტექნიკის გამო. ჩამოვიდა საქართველოში და არყის სახდელი პატარა ქარხანა იყიდა, ულტრათანამედროვე ტექნიკა შეიძინა და რუსეთის იმპერიაში პირველმა გამოუშვა კონიაკი 1883 წელს. სხვათა შორის, სომხეთშიც სარაჯიშვილმა დააარსა კონიაკის ქარხნები. მოკლედ, 1900 წელს, პარიზში, კონიაკის სამშობლოს დედაქალაქში, დავით სარაჯიშვილის კონიაკმა ოქროს მედალი მიიღო!

არ დარჩენილა საერო  წამოწყება, რაშიც სარაჯიშვილს თანხა არ ჩაედო.

ქართველი ინტელიგენციის ყოველ წამოწყებას ის აფინანსებდა, სტუდენტებისთვის სტიპენდია პირველმა მან დააწესა, თავის მუშებში რომ ნახავდა წერა-კითხვის მცოდნეს, ხელფასს უმატებდა, რვასაათიანი სამუშაო დღეც მან შემოიღო. ცალკეა ბიბლიოთეკებისა და საერო დაწესებულებების აშენება და დაფინანსება.

- ხალხსაც როგორ ეყვარებოდა...

- ხალხი სიყვარულით დათიკოს ეძახდა, ზეადამიანი შეარქვეს. კიდევ ერთი ფაქტი: როდესაც ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოში საქართველოს ავტონომიური უფლებებისთვის აპირებდა ბრძოლას, ქართველმა მენშევიკ-ბოლშევიკებმა მისთვის ხელის შეშლა მოინდომეს, დავითი პეტერბურგს ჩავიდა, ილიას მოწინააღმდეგე თანამემამულეები შეყარა, სუფრა გაუშალა და დაამუნათა, - ილიას წინ არ აღუდგეთო.

ყველას ჩააგონებდა, - კაცისთვის ყველა საქმეში მთავარი პატიოსნებაა, ვიდრე ნებისმიერი ქონებაო.

გაისად მისი გარდაცვალებიდან ასი წელი სრულდება და მცდელობას არ დავაკლებთ, მთელმა ქვეყანამ მოიგონოს.