თუ შეიძლება, გადაგვითარგმნეთ... - კვირის პალიტრა

თუ შეიძლება, გადაგვითარგმნეთ...

"ამ თემაზე ბევრჯერ დაგვიწერია და დავწერთ, არ დავიღლებით, რადგან არც ჩვენი სულმნათი წინაპრები იღლებოდნენ. დაღლა ამ საქმეში არ გამოვა, რადგან "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!"

რადგან ევროპა ჩემი წერილის ადრესატებს მაგალითად აქვთ, ეს წერილი საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს ნამოქმედარით უნდა დავიწყოთ: ფრანგული ენა ინგლისური სიტყვებით დაბინძურდაო და მშობლიური ენის სიწმინდის დასაცავად ლაშქრობა გამოაცხადა. როგორც მაშინდელი ფრანგული პრესა იუწყებოდა, ეს ,,ლაშქრობა" წარმატებით დამთავრდა, ანუ ფრანგულ მეტყველებაში ოფიციალურად ბევრი უხეიროდ გაჩხერილი ინგლისური სიტყვის ხმარება აკრძალეს.

ჩვენ კი რუსულის გავლენისგან თავი ვერ დაგვიღწევია და ახლა ინგლისურის "ცოდნით" ვიწონებთ თავს. ეს ალბათ ჩვენი ერის იმ თვისების ბრალიც არის, რომ ყველაფერ უცხოურზე მზე და მთვარე ამოგვდის და ამით საკუთარს ვაუფასურებთ. ცალკეა ის, რომ ჩვენს მშობლიურ ენას ვართ შეჩენილები "გამოსაშიგნად". არ შემიძლია რამდენიმე მაგალითი არ მოვიყვანო ტელეეკრანებიდან წარმოთქმული "მარგალიტებისა",

რომლებიც თავში ჩაქუჩივით მირტყამს. და განა მარტო მე,  ჩვენი ცნობილი ჟურნალისტები რას ლაპარაკობენ, ხანდახან ვერც ქალაქელი კაცი ხვდება და ვერც სოფლელი, მომავალი თაობა ხომ თავისთავად მეტყველებას იმახინჯებს. იქნებ ვინმემ გაიღოს მოწყალება და გვითარგმნოს ჩვენ, გაუნათლებლებს, რას ნიშნავს "გელა ბაბლუანის თრილერის ჰოლივუდური რიმეიქი?"

ამას წინათ ჩვენი ერთ-ერთი მომხიბვლელი ჟურნალისტი ღიმილით გვამცნობდა, რომ ბათუმში შოპინგი მისი საყვარელი საქმიანობა ყოფილა, ხოლო მეორემ - ლევან ვარშალომიძის წინაშე თვალისმომჭრელი ღიმილით წარმოთქვა, - ბათუმში ევროპული პიაცა გვაქვსო. კიდევ კარგი, ლევან ვარშალომიძემ შეუსწორა, - მოედანიო, მაგრამ პატივცემულ ჟურნალისტს წარბი არ შერხევია. ამ წერილის წერისას "ბედად" ნანიკო ხაზარაძემ ტელევიზორიდან რეპლიკაც მესროლა:

"რა ამბები გაქ"? ამას წინათ კი საქართველოში ფერეიდნელი ქართველების სტუმრობის გამო აღფრთოვანებულმა ერთმა ჟურნალისტმა წამოიძახა, - მივესალმები ფერეიდნელი ქართველების ინტეგრირებას საქართველოშიო. იცის კი, რას ნიშნავს "ინტეგრირება"? უცხო სიტყვათა ლექსიკონში რომ ჩაეხედა, ეცოდინებოდა, რომ ეს სიტყვა სულ სხვა ვითარებაშია სახმარი! გარდა ამისა, ამ დალოცვილმა ფერეიდნელმა ქართველებმა ისე შეინახეს ოთხასი წელიწადი ქართული სიტყვა, რომ მისთვის ნიავიც არ მიუკარებიათ.

ნუთუ სირცხვილი არ არის, საქართველოში ამისთანა "მარგალიტებს" რომ ვაფრქვევთ? ტელევიზიებში რიგითი ადამიანებიც ზუსტად ასე მეტყველებენ. ერთხელ, მშენებარე კორპუსის სახურავიდან ერთი უბედური კაცი გადმოვარდა და როცა პატრულმა წარმოთქვა, "კაცი ჩამოვარდნილ იქნაო", აღარ ვიცოდი, რა მექნა. ამგვარი "დახვეწილი" მეტყველების მოსმენისას ხან სიმწრით მეცინება კიდეც. მკვდარი უნდა იყო, რომ არ გაიცინო, როცა ჟურნალისტი მოპარული ცხენის პოვნაზე ამბობს "ამოღებულ იქნაო".

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნას რომ ვთხოვთ, იქნებ ჩვენი მეტყველების კულტურისთვისაც მიგვეხედა, იქნებ ჟორჟ პომპიდუსავით ჩვენც დაგვეცვა ჩვენი ,,ენაი შემკული და კურთხეული"?

ჟიული საამიშვილი, სიღნაღი