"თბილისის მერთან ვინ მიმიშვებს..." - კვირის პალიტრა

"თბილისის მერთან ვინ მიმიშვებს..."

ალბათ, ამ წერილის წაკითხვისას, დავით კლდიაშვილის "სოლომან მორბელაძე" გაგახსენდებათ, +- "სულ ტყუილი და ტყუილიო" რომ ტირის, - მაგრამ რა ვქნათ, დღესაც ასეა...

მოხუცს თვალისჩინი დამეკარგა. ოპერაცია, მოგეხსენებათ, ძვირია და პენსიონერს, აბა, საიდან მექნება ამის საშუალება. ერთ დღეს შევიტყვე, ქალაქის მერის პროექტით პენსიონერებს უფასოდ უკეთებენ ოპერაციებსო. ეს იყო მერის არჩევნებამდე. სასწრაფოდ ავიღე ფორმა #100 (ისიც ფასიანია) და 14 აპრილს მერიაში შევიტანე განცხადება (#2/47192) ოპერაციის ჩატარების შესახებ.

ერთი თვე ვითმინე და შემდეგ შევეხმიანე ცხელ ხაზზე ... მითხრეს, დაგირეკავენ და შეგატყობინებენ ოპერაციის დღესო. ცუდია ლოდინი... მაგრამ ველოდი და ხანგამოშვებით ვრეკავდი... ივლისის დასაწყისში მითხრეს, - სექტემბრამდე გადაიდო ოპერაციებიო, ახლა კი ბრძანეს, - იანვრამდე აღარაფერი იქნებაო. ეს დროული კაცი აღმაშფოთა ასეთმა უსირცხვილო საქციელმა, რა არის ეს - ადამიანების დაცინვა თუ თავის აგდება?

როცა ბატონ მერს ჩვენისთანა მოხუცები არჩევნებისთვის სჭირდებოდა, თავბრუ დაგვახვია და მერე მიგვაგდო. ნუთუ მან ეს ამბავი არ იცის ან იქნებ მას შეუთანხმეს ესოდენ სასიცოცხლო ოპერაციების შეჩერება? არც მიგიშვებს მასთან არავინ, რომ ვკითხოთ, რას გვერჩოდიო! მაგრამ იქნებ თქვენ მიაწვდინოთ ხმა და ჰკითხოთ, - არ გრცხვენიათ, ბატონებო?

ალექსი მიმინოშვილი