"სად არის ის გაზრდილი პენსიები?" - კვირის პალიტრა

"სად არის ის გაზრდილი პენსიები?"

ვცხოვრობ სოფელში. ვიდრე შრომა შეგვეძლო, მე და ჩემს მეუღლეს სამსახური გვქონდა, ხელფასს ვიღებდით, გვყავდა საქონელი, მიწასაც ვამუშავებდით და არ

გვიჭირდა - ნამატ საქონელს, მორჩენილ ბოსტნეულს ვყიდდით და ხელფასს ვზოგავდით, სალაროში ვინახავდით - სიბერეში არავინ შევაწუხოთო. გადიოდა წლები, იცვლებოდნენ პრეზიდენტები.

ქალბატონი ბურჯანაძე რომ მეორე პირი იყო,  შვილი მყავდა გადადებული ავადმყოფი. გამაყუჩებელი წამლის საყიდელი ფული არ მქონდა. მთავრობაში ქალბატონი ნინოს სახელზე განცხადება შევიტანე - ფულს კი არ ვითხოვდი, ჩვენი დანაზოგი რომ მიითვისა მთავრობამ, იქნებ პარლამენტში დააყენოთ საკითხი, რომ გაჭირვებულ ხალხს ნაწილი მაინც აგვინაზღაუროთო. მოგვივიდა პასუხი: ჯერ მაგის დრო არა გვაქვს, მაგრამ მალე დავაყენებთ მაგ საკითხს, დაგველოდეო... გავიდა კიდევ წლები.

პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა ტელევიზიით, -  ჩვენი ცხოვრება წინ მიდის. პენსიებს ისე გავზრდით, რომ მოხუცები უზრუნველყოფილნი იქნებიანო. მერე სად არის? 87 ლარი მაქვს პენსია. ის შვილი გარდამეცვალა, ბურჯანაძეს რომ ვწერდი... ავადმყოფი ვარ, შრომა აღარ შემიძლია. ჩემი პენსიით წამალს თუ ვიყიდი, საჭმლისთვის აღარ მრჩება. სად არის ის გაზრდილი პენსიები?

თქვენი ერთგული მკითხველი