სად გაქრა ჩვენი ავტობუსები?! - კვირის პალიტრა

სად გაქრა ჩვენი ავტობუსები?!

რაც ჩვენს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ხდება, ასე შეიძლება გამოვხატოთ - თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სარგებელი ვერა ვნახეო.  მაგრამ მგზავრობის პრობლემამ ხალხი ისეთ დღეში ჩააგდო, ასე საიოლოდ ვერ გვაქვს საქმე.

როცა ყვითელი ავტობუსები შეამცირეს, მარშრუტები დაამოკლეს და ელექტროტრანსპორტის შემოყვანაზე ალაპარაკდნენ, ვფიქრობდი, საქართველოს პრეზიდენტი განგაშს გამოაცხადებს=-მეთქი, მაგრამ ამაოდ... ახლა თავად მინდა გამოვხატო ხალხის აღშფოთება. ვიცი, ამას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები წაიკითხავენ და სიცილით დაიხოცებიან, - აბა, რა გეგონათ, მგზავრობაში ფულს რომ არ იხდიდითო! დაე, ასე იყოს, მაგრამ ხალხის აღშფოთება ერთ დღეს უსათუოდ იფეთქებს.

მოკლედ, თავისივე დანიშნული ტრანსპორტის მარშრუტების დამოკლებით ისედაც გაღატაკებულ ხალხს კიდევ უფრო წაუჭირეს ყელში ხელი. ახლა მეორე საკითხი, რაზეც ამ ქვეყნის მთავარ ხელისუფალს განგაშის ზარები უნდა შემოეკრა და არა მხოლოდ ახლა, როცა მოხელეებს უცხოეთიდან ტრამვაის შემოყვანა მოეპრიანათ, არამედ მაშინაც, როდესაც გათვლა-გაანგარიშების გარეშე გამოაცხადეს, - ტრამვაი არარენტაბელურია, ავტობუსები უნდა შემოვიყვანოთო და ათეულობით კილომეტრი ლიანდაგი, სპილენძის საკონტაქტო სადენები,

ათასობით საკონტაქტო ხაზის დამჭერი ანძა, ტრამვაის ვაგონები და მათი მომსახურე აპარატურა, ვაგონების სარემონტო დაზგა-დანადგარები დაჭრეს და ჯართად ჩააბარეს. გააუქმეს ტრამვაის ვაგონების სარემონტო დეპოები, ტრამვაის პარკები და გაყიდეს. ზუსტად ასე მოექცნენ ტროლეიბუსებს. მერე შემოიყვანეს ეს ნაქები ავტობუსები, გადაიხადეს მილიონობით დოლარი და ახლა უსინდისოდ აცხადებენ: - ავტობუსები არარენტაბელური აღმოჩნდა, მიკროავტობუსებით უნდა შევცვალოთო(!).

ახლა საზღვარგარეთიდან მიკროავტობუსების ჩამოყვანაში გადაიხდიან მილიარდობით დოლარს. და რომელი ჯიბიდან უნდა ამოიღონ ეს მილიარდები? ალბათ ისევ საერთაშორისო ბანკებიდან ისესხებენ და ვალს ჩვენს მომავალ თაობებს დაადებენ კისერზე.

სავარძელში მოკალათებულო დიდმოხელეებო, ვინ მოგცათ უფლება, რომ თქვენი უვიცობის გამო წყალში ყაროთ ქვეყნისა და ხალხის ფული, როდესაც ამდენ ავადმყოფს ოპერაცია ვერ გაუკეთებია, ხალხისთვის საარსებო პენსია ვერ მიგიციათ, საკუთარი სახლებიდან რუსის მიერ გამოყრილი ათასობით ლტოლვილი ჭერქვეშ ვერ შეგისახლებიათ? როდემდე შეიძლება ასეთ დღეში ჩავარდნილ ქვეყანაში ფუჭი ცდები ატაროთ?! ნუთუ თქვენ შორის ერთი გონიერი კაცი არ მოიძებნება.

იმედი ბოლოს კვდება. უსიყვარულო, უსულგულო მოხელეების შემხედვარეს მაინც პრეზიდენტის იმედი დამრჩა - ის მაინც დაავალებს ვინმეს, რომ დაუანგარიშონ და დაუდონ მაგიდაზე არსებული ტრამვაი-ტროლეიბუსების მოსპობით მიყენებული ზარალი, "ყვითელ ავტობუსებში" გადაყრილი ფული, აგრეთვე, ტრამვაის აღსადგენად და მიკროავტობუსების შესაძენად საჭირო თანხები.

მერე ბატონი პრეზიდენტი ამ ყველაფერს გააანალიზებს, დასასჯელს დასჯის, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს და მათ ადგილზე ისეთ ხალხს მოიყვანს, რომლებსაც უნარი შესწევთ, წინასწარ გაიანგარიშონ ამა თუ იმ ტექნიკის უფრო პროგრესული და რენტაბელური ტექნიკით შეცვლა, რათა ქვეყანამ და ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქონ.

უღრმესი პატივისცემით,

ავთანდილ ქურხული, ინჟინერი