"ყველაფერს რომ ამტვრევ, ასე გძულს ეს ქალაქი?" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს რომ ამტვრევ, ასე გძულს ეს ქალაქი?"

ხშირად გაიგონებთ, - დროც შეიცვალა და ახალგაზრდობაც აღარ ვარგაო. თუმცა ვინმე იმასაც იტყვის, - ყოველთვის ასე იყო, უფროს თაობას ახალგაზრდების საქციელი არასოდეს მოსწონდაო. მართალი გითხრათ, ამ უკანასკნელ აზრს უფრო ვეთანხმებით, - კარგი ღვინო მაშინ დგება, თუ მაჭარი კარგად დუღს.

ისე კი, ხშირად იმდენ კარგ ვინმეს წავწყდომივართ ე. წ. თინეიჯერებში, პირჯვარი გვიწერია, - ღმერთო, ასეთები გვიმრავლე-მეთქი. ეს წერილიც ერთ-ერთმა მათგანმა გამოგვიგზავნა:

გამარჯობა, "პალიტრა". საერთოდ, წერილების წერა მეჯავრება, მაგრამ მაგრად ვარ გაბრაზებული და იმიტომ გწერთ. თანაც სხვების ნაცვლად მე და ჩემი ძმაკაცი ერთმა ქალმა ისე გამოგვლანძღა, ვიფიქრე, მოდი, დავწერ, რას გვერჩის ეს ხალხი, თინეიჯერებში ერთი თუ ცუდია, დანარჩენებს ხელებს რატომ ახოცავენ-მეთქი!

მოკლედ, ამას წინათ მე და ჩემმა ძმაკაცმა რუსთაველზე გავიარეთ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ, ჭადართან, სკამზე ჩამოვსხედით. სიმართლე გითხრათ, მარტო ეს სკამი ვარგოდა, რადგან კარგა ხანია, იქ ყველა სკამი დამტვრეულია, ზოგს ზურგი აქვს მოგლეჯილი და ზოგს ფიცრები ამომტვრეული, მოკლედ, ვართ ასე და მოდის ვიღაც სათვალიანი ქალი - პირდაპირ ჩვენ არ გვეძგერა!

რომ დაგჭირდათ, ხომ კარგად ჩამოსხედით ამ სკამებზე, რა გინდათ, რომ მიადგებით და მხეცებივით ლეწავთო! სიმართლე გითხრათ, თავიდან კი გავშტერდით, მაგრამ მერე ვუთხარით, - დეიდა, რას გვეჩხუბები, ჩვენ კი არ დაგვიმტვრევია-მეთქი! ამაზე სულ გადაირია, - ყველა მასე გაიძახის, ხელს ვერავის დაადებ, თქვენ თუ არა, თქვენისთანებმა ხომ დაამტვრიესო, მოკლედ გამწარებული იყო და ჩვენ გამოგვიჭირა. ბევრი ვუმტკიცეთ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ-თქო, მაგრამ რად გინდა?

გეგონება, მართლა უვარგისები ვიყოთ, ისე დაგვეტაკა, რა, წესიერი თინეიჯერი არავის უნახავს? რამდენიც გინდა, იმდენია, წერა რომ არ მეზარებოდეს,  ჩამოვთვლი, მაგრამ გაზეთში ვერც დაეტევა. მეორეც: იმ კაცს უნდა ვუთხრა, ვინც ეს სკამები დალეწა (და კიდევ მისნაირებს!), - ბიჭო, შენ, რა, ტვინი არ გაქვს თავში? თუ ენერგიის დასახარჯი სხვაგან ვერ ნახე, ქუჩაში სკამები უნდა დალეწო?  თუ ასე გძულს ეს ქალაქი, რაც ხელში მოგხვდება, ყველაფერი უნდა დაამტვრიო? ერთხელაც იქნება, ვინმე ჩემისთანა წაგაწყდება მაგ საქმეზე და ცხვირ-პირს დაგიმტვრევს!

გიგი ჭყონია