ვაზო, არ გადაშენდები! - კვირის პალიტრა

ვაზო, არ გადაშენდები!

ბოლო დროს გულს ხშირად გვტკენს იმის გაგონება, რომ ქართველი კაცი ვაზს ჩეხს. კი, არის ასეთი შემთხვევები. ავიც ხდება და კარგიც, მაგრამ ერის ღირებულებებს ვერაფერი შეარყევს! ასე რომ, ჩვენც გადავრჩებით და ვაზიც.

ძვირფასო რედაქციავ, გავიგე, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი ვაზზე ფილმს იღებსო და ძალიან გამიხარდა. ქართულ ვაზს ახლა ყველაფრით სჭირდება მიშველება - ფილმითაც. ალბათ ბატონი მერაბი წაიკითხავს ამ წერილს და თუ საჭიროდ ჩათვლის, ამ ეპიზოდს ფილმშიც შეიტანს. თანაც ხალხიც ნახავს და გული გაუთბება.

ჩვენში ხომ ვაზი არა მხოლოდ ქვეყნის სულიერებისა და ნაყოფიერების სიმბოლო იყო, არამედ ოჯახისაც. საქართველოში ვაზი სოფლად ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს, ამიტომაც მისთვის არც ისე ხელსაყრელ ადგილებშიც კი აშენებდნენ, მაგალითად, სამტრედიის რაიონში, ჩემს სოფელში, დიდ ჯიხაიშში.

აბაშის რეგიონი ისეთი ტენიანობით გამოირჩევა, ცხელი ზაფხულის გარდა, მიწა ყოველთვის ნესტით არის გაჟღენთილი. სოფელ სამიქაოში ცხოვრობდა მეტად პატივსაცემი ადამიანი, ბატონი მამია ცხადაძე, რომელმაც მიწიდან ნესტის მოშორების ორიგინალური ხერხი მოიფიქრა.

როგორც ცნობილია, ვაზის გაშენებისას ნიადაგი ბარის ორ პირზე უნდა იყოს გადაბრუნებული. ბატონმა მამიამ მიწის გადაბრუნებისას ფსკერზე ჩააწყო თხმელის წვრილ-წვრილი ტოტები - ცნობილია, რომ თხმელა წყალში არ ლპება. მიწაში ნაჟური წყალი ამ ტოტებს მიჰყვება და ნიადაგში არ რჩება. ზვრის ბოლოს კი ბატონ მამიას არხი ჰქონდა გაკეთებული, რომელიც იქვე გამომდინარე რუს უერთდებოდა. ყურძენი კი რაც შეიძლება გვიან იკრიფება, რათა მზემ დიდხანს უყუროს. და ამ ხერხის წყალობით ბატონი მამია მშვენიერ ღვინოს აყენებდა.

რასაც ბატონი მამია თავის ვენახს შრომას ახარჯავდა, იმის საფასურად ბევრად მეტი ყურძნის ყიდვა შეიძლებოდა, ვიდრე თვითონ კრეფდა, მაგრამ აქ მთავარი ქართველის ვაზისადმი დამოკიდებულებაა.

რევაზ ჯანუაშვილი